Accessibility links

დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, ოკუპირებულ აფხაზეთში სასწავლო წელი დღეს დაიწყო. გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიის სკოლის პედაგოგის ცნობით, წელს პირველ კლასში მხოლოდ 6 ბავშვი მივიდა, რაც, მასწავლებლის თქმით, გასულ წლებთან შედარებით, მცირეა. მასწავლებელი ამბობს, რომ გალის აფხაზური ადმინისტრაციის დაპირების მიუხედავად, სკოლაში სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

რაც შეეხება სასწავლო პროგრამას, პედაგოგი ამბობს, რომ ცვლილება შეეხო მხოლოდ ერთ საგანს: რუსულ ენას მოსწავლეები ამიერიდან მეორე კლასიდან შეისწავლიან. მეორე ოტობაიისგან განსხვავებით, პირველი ოტობაიის სკოლაში წელს 27 პირველკლასელი მივიდა. სკოლა აქაც გაურემონტებელია და მეტალოპლასტმასის არასაკმარისი რაოდენობის კარ-ფანჯარა კვლავ საწყობში ინახება.

გალის რაიონის საშუალო სკოლებისგან განსხვავებით, პირველი ოტობაიის სკოლაში 245 მოსწავლე სწავლობს და, როგორც პედაგოგი ამბობს, ერთ-ერთი გამორჩეული ქართულენოვანი სკოლაა. მასწავლებლის ინფორმაციით, ახალი სასწავლო პროცესის დაწყებას დღეს გალის აფხაზური განათლების სამმართველოს წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

პირველი და მეორე ოტობაიის მსგავსად, სკოლების რემონტი ამ დრომდე გალის რაიონის არც სხვა სკოლებში დაწყებულა. გაზეთ „ნუჟნაიას“ ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა გალში ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა, რომ გალის 27 სკოლიდან არც ერთი არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ გალში სულ მალე მოსკოვის სკოლებზე უკეთესი სასწავლო დაწესებულებები იქნება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG