Accessibility links

logo-print

დაკარგული მილიარდები


ავღანელი გლეხი ხორბლის მოსავალს იღებს ბაგრამში

ავღანელი გლეხი ხორბლის მოსავალს იღებს ბაგრამში

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და ავღანეთში 60 მილიარდი დოლარით იზარალა მოიჯარეებზე გაწეული ზედმეტი ხარჯებისა და თაღლითობის შედეგად. ამ დასკვნამდე მივიდა ორპარტიული კომისია, რომელიც აშშ-ის მიერ საზღვარგარეთ წარმოებული საომარი კამპანიის დროს გაფორმებული კონტრაქტები შეისწავლა. აღნიშნული ანგარიში ემთხვევა პერიოდს, როდესაც ვაშინგტონი ცდილობს შეამციროს სახელმწიფო ხარჯები და აღმოფხვრას ნაკლოვანებები, რომელიც ავღანეთსა და ერაყში პროგრესის შენარჩუნებას ხელს უშლის.

ყოფილი კანონმდებლებით დაკომპლექტებული ორპარტიული ჯგუფი, რომელიც კონგრესში 2008 წელს შეიქმნა, აცხადებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ამერიკის ბიუჯეტმა 60 მილიარდი დოლარი იზარალა. კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ მოიჯარეებზე გაწეული ზედმეტი ხარჯებისა და მაქინაციების შედეგად სოლიდური თანხები დაკარგა არა მხოლოდ ფინანსების მწვავე დეფიციტის წინაშე მდგარმა აშშ-ის მთავრობამ, არამედ ერაყისა და ავღანეთის მთავრობებსაც მძიმე ტვირთად დააწვება აშშ-ის მიერ დაფინანსებული არარაციონალური პროექტები, - განაცხადა სენატორმა ჯეიმს ვებმა, რომელიც ზემოხსენებული კომისიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია:

„2001 წლის 9 სექტემბრის შემდგომ პერიოდში, როდესაც საზღვარგარეთის ინფრასტრუქტურები და უსაფრთხოების პროგრამები ამოქმედდა, აშკარად ადგილი ჰქონდა გარკვეულ შეცდომას. კომისიის ანგარიშში დეტალურად არის საუბარი იმაზე, რომ არსებობდნენ კარგი კომპანიები, რომლებიც ბევრ კარგ სამუშაოს ასრულებდნენ, მაგრამ ადგილი ჰქონდა ასევე მთელ რიგ სტრუქტურულ და მმართველობით შეცდომებს ბევრი ასეთი კონტრაქტის გაფორმების კუთხით.“

ანგარიშის თანახმად, მთავრობა ისე აქტიურად იყენებდა მოიჯარეებს, რომ ზოგჯერ მათი რაოდენობა აღემატებოდა აშშ-ის სამხედრო ძალების პირად შემადგენლობას ავღანეთსა და ერაყში, რის გამოც „იფლანგებოდა რესურსები, რაც ასეთი ოდენობის მოიჯარეების შესაბამისი კონტრაქტებისათვის იყო საჭირო.“

ორპარტიული კომისიის ანგარიშის თანახმად, არასაკმარისი კონტროლის შედეგი იყო გაუაზრებელი პროექტები, რომელთა განხორციელებაც ვერ ხერხდებოდა, ხოლო უვარგისმა დაგეგმარებამ და უინიციატივობამ, რასაც ემატებოდა კრიმინალური ქმედება და კორუფცია, ზიანი მიაყენა აშშ-ის ძალისხმევას და „შექმნა ისეთი ატმოსფერო, როდესაც დიდი რაოდენობის თანხების გაფლანგვა ნორმად იქცა.“

საბოლოო ჯამში, კომისიის ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ორივე ქვეყანაში - ერაყსა და ავღანეთში - მოიჯარეებზე გაწეული ზედმეტი ხარჯებისა და თაღლითობის შედეგად, ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა 30-დან 60 მილიარდ დოლარამდე იზარალეს. ეს კი იმ გრანტებისა და კონტრაქტების 30 პროცენტია, რაც ვაშინგტონმა 2011 წლისათვის ერაყისა და ავღანეთის ოპერაციების მხარდასაჭერად დააფინანსა.

ანგარიშში უყაირათობის მაგალითად მოტანილია 40 მილიონ დოლარად ღირებული ციხე, რომლის აშენებაც ერაყის მთავრობას არ სურდა და არ დასრულებულა, და 360 მილიონ დოლარად შეფასებული სასოფლო-სამეურნეო პროექტი ავღანეთში, რაც, ანგარიშის თანახმად, იმისთვის დაიხარჯა, რასაც სოფლის მცხოვრებლები თავადაც აკეთებდნენ. ორპარტიული კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა წევრმა კრისტოფერ შეისმა კი აღნიშნა, რომ ზოგ შემთხვევაში მოიჯარეების ნდობა, შესაძლოა, არაკანონიერიც ყოფილიყო:

„ზედმეტ თავდაჯერებულობაში ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ ისინი [მოიჯარეები] თავის თავზე იღებდნენ შეუსრულებელ ამოცანებს, ისეთ ამოცანებს, როგორიცაა იურისპრუდენცია, მართლწესრიგის დაცვა, რეგულაციები, რაც ფედერალური უწყების წარმომადგენლების მოვალეობას შეადგენს. და მაშინაც, როცა ეს კანონით იყო დაშვებული, ზოგიერთი ამოცანის შესასრულებლად ასეთი კონტრაქტების დადება, შესაძლოა, უადგილო და დაუშვებელ რისკს წარმოადგენდეს აშშ-ის ინტერესებისათვის.“

კომისიის ანგარიში არ აზუსტებს, თუ მთავრობის მოხელეებისთვის განკუთვნილი რომელი ვალდებულება დაეკისრათ შესასრულებლად ერაყელ და ავღანელ მოიჯარეებს. თუმცა კომისიის კვლევაში მითითებულია, რომ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო ბრუნვის შემდეგ, ექსტრემისტების ყველაზე დიდი შემოსავლის წყაროს სწორედ აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული სამშენებლო და სატრანსპორტო კონტრაქტებზე მომუშავე ფირმებისაგან უკანონო გზით მიღებული თანხები შეადგენს. ანგარიში არ აზუსტებს, თუ რა რაოდენობის თანხები იქნა მოპარული ექსტრემისტების მიერ. დოკუმენტში მხოლოდ ისაა ხაზგასმული, რომ მოიჯარეები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იძულებული იყვნენ ექსტრემისტებისათვის გარკვეული ხარკი გადაეხადათ.

ანგარიშში მოცემული 15 რეკომენდაცი აშშ-ის მთავრობას სთავაზობს გააუმჯობესოს მოიჯარეების გამოყენების პრაქტიკა, შეამციროს კერძო უსაფრთხოების კომპანიები და შემოიღოს თანამდებობა გენერალური ინსპექტორისა და მთავრობის წარმომადგენლის, რომელიც ზედამხედველობას და კოორდინაციას გაუწევს მოიჯარეებთან მუშაობას და მის უკეთ დაგეგმარებას.
XS
SM
MD
LG