Accessibility links

logo-print

რუსეთმა ლიბიის ოპოზიციური, დროებითი ეროვნული საბჭო აღიარა


ტრიპოლი

ტრიპოლი

რუსეთმა აღიარა ლიბიის ოპოზიციური, დროებითი ეროვნული საბჭო, ევროკავშირმა კი გადაწყვიტა სანქციები მოუხსნას ლიბიის 28 ეკონომიკურ ორგანიზაციას. ეს ნაბიჯები მიზნად ისახავს ლიბიის ახალი მთავრობის დახმარებას, მთავრობისა, რომელიც ახლა ჩამოყალიბების პროცესში იმყოფება. პარალელურად, ლიბიის თემაზე პარიზში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი უმასპინძლებენ.

რუსეთმა ლიბიის დროებითი ეროვნული საბჭო ქვეყნის ლეგიტიმურ მმართველ ძალად ცნო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ლიბიის ახალი ხელმძღვანელობისთვის, რომელიც ნელ-ნელა ტრიპოლიში თავისი ოფისების გახსნას იწყებს. შეგახსენებთ: გასულ კვირაში დედაქალაქი მეამბოხეების ძალებმა აიღეს და მუამარ კადაფის რეზიდენციაც დაიკავეს.

მოსკოვი თვეების განმავლობაში უარს აცხადებდა საბჭოს ლეგიტიმურობის აღიარებაზე და კრიტიკულად აფასებდა ნატოს მიერ წარმოებულ სამხედრო კამპანიას, რომელიც მეამბოხეებს კადაფის დამხობაში დაეხმარა.

ახლა, როცა ლიბიას სწორედ ამ საბჭოს წევრები განაგებენ, რუსეთის კომპანიებს ლიბიაში ნავთობის და სამხედრო სფეროებში მომგებიანი კონტრაქტების დადების პერსპექტივის დაკარგვის საფრთხე შეექმნათ. შესაბისად, ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებას ბევრი აღიქვამს მოსკოვის სურვილის გამოხატულებად, დაიცვას თავისი ეკონომიკური ინტერესები ლიბიაში.

პარალელურად, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება სანქციები მოუხსნას ლიბიის 28 ეკონომიკურ კომპანიას - მათ შორის პორტებს, ბანკებს და ნავთობისა და გაზის ფირმებს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ განაცხადა, რომ პარიზმა ყადაღა მოუხსნა 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის ლიბიის ქონებას, რომელიც საფრანგეთის ბანკებში ინახება: „დროებით ეროვნულ საბჭოს უნდა დავეხმაროთ, რადგან ქვეყანა გაჩანაგებულია, შექმნილია რთული ჰუმანიტარული ვითარება და არის წყლის, ელექტროენერგიის და საწვავის ნაკლებობა. ლიბიას მდიდარ ქვეყნად ყოფნის პოტენციალი აქვს. არის გარკვეული გაყინული ქონება, რომელსაც წინა რეჟიმი გამოიყენებდა. ახლა ვცდილობთ ისინი გამოვათავისუფლოთ. საფრანგეთმა მიიღო ნებართვა გასცეს 1.5 მილიარდი ევროს მოცულობის ქონება. ეს ფრანგული ფული არ არის - ეს ლიბიური ფულია. მას ეროვნული საბჭო ქვეყნის აღმშენებლობის დაწყებისთვის მიიღებს.“

პარალელურად, საკუთრივ ლიბიიდან მოდის ცნობები, რომ კადაფის მოწინააღმდეგეებმა ერთი კვირით გაზარდეს ვადა, რომელიც მათ კადაფის მომხრეებს დანებებისთვის დაუწესეს. საუბარია კადაფის მშობლიურ ქალაქ სურთში გამაგრებულ კადაფის მომხრეებზე. მეამბოხეები მათ მოუწოდებენ დანებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სურთზე მასშტაბური შეტევა განხორციელდება.

თავად კადაფის ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. ერთი ვერსიით, რომელიც მასთან დაპირისპირებული ძალების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გაავრცელა, ის თავის პოზიციას ჯიუტად ინარჩუნებს და ტრიპოლიდან 150 კილომეტრის მოშორებით მდებარე უდაბნო-ქალაქ ბანი ვალიდში საბრძოლველად ემზადება. ამავე წყაროს ცნობით, კადაფის თან ახლავს მისი ვაჟი, საიფ ალ-ისლამი, და მისი რეჟიმის უშიშროების ხელმძღვანელი, აბდულა ალ-სენუსი.

ნატოს წარმომადგენლის განცხადებით, ალიანსმა საჰაერო დარტყმები მიიტანა სურთის სიახლოვეს განლაგებულ სარაკეტო დანადგარებზე, ისევე როგორც საბრძოლო მასალების ობიექტზე და სამხედრო განკარგულებების პუნქტზე ბანი ვალიდთან ახლოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG