Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში მომავალი არჩევნების ერთ-ერთ ფავორიტად „მუსლიმანთა საძმო“ მიაჩნიათ


„მუსლიმანთა საძმოს” პრესკონფერენცია კაიროში

„მუსლიმანთა საძმოს” პრესკონფერენცია კაიროში

ეგვიპტეში, რომელსაც, სხვა არაბული ქვეყნებისგან განსხვავებით,
ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმება ჰქონდა და აშშ-ის მიერ
ნატოს გარეთ უმნიშვნელოვანეს მოკავშირედ იყო აღიარებული,
მომავალ არჩევნებში ერთ-ერთ ფავორიტად „მუსლიმანთა საძმოდ“
წოდებული გაერთიანება მიაჩნიათ. ჩვენმა კორესპონდენტმა ამ
ორგანიზაცის ლიდერთან, ესამ ელ-ერიანთან ინტერვიუ ჩაწერა
კაიროში სტუმრობისას.

„მუსლიმთა საძმო“, როგორც ეს მუბარაქის ეპოქაში იყო, ახლა აკრძალული აღარ არის. ესამ ელ-ერიანი ამბობს, პრობლემები არ გვაქვს, მთავარი პრობლემა მოგვარებულია, მუბარაქი დამხობილია და ახალი ეგვიპტე გვაქვს ასაშენებელიო. ელ-ერიანი განმარტავს, თუ რატომ სურს, რომ კონსტიტუცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწეროს:

„იმიტომ, რომ ეგვიპტელებს სურთ საკუთარი კონსტიტუცია თვითონვე მიიღონ და არა რომელიმე კომიტეტმა. როცა საკითხს დანიშნული კომიტეტი წყვეტს და არა არჩეული, მთელი მოსახლეობის სურვილი ვერ იქნება გათვალისწინებული. არჩეულ პარლამენტს კი ეს შეუძლია.“

ჩვენმა კორესპონდენტმა საჭიროდ ჩათვალა „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერისგან მიეღო ზუსტი პასუხი შეკითხვაზე: გსურთ რომ ეგვიპტე რელიგიური, ოფიციალურად მუსლიმანური ქვეყანა იყოს? „ეგვიპტეს რელიგიური მოსახლეობა ჰყავს, ის რელიგიური საზოგადოებაა. ჩვენ რელიგიურები ვართ ოდითგანვე, ფარაონების ეპოქიდან. ქრისტიანულ თუ ისლამის პერიოდში, დღემდე ეგვიპტელები, როგორც ადამიანები, რელიგიურები არიან და საზოგადოებაც მიდრეკილია რელიგიურობისკენ. ეს ეგვიპტელების განსაკუთრებული თვისებაა. ის რელიგიური ქვეყანაა შემწყნარებლური ფორმით, მორიგების სურვილით, რელიგიის ზომიერი გაგებით. ის არ არის სასულიერო პირთა რეჟიმი ან რაღაც მსგავსი. ხალხი თვითონაა ხელისუფლების წყარო და ეს არის ახალი დემოკრატიის ნიშანი, როცა სულიერი ასპექტი მორალურ ასპექტს ერწყმის და დემოკრატიის ინსტრუმენტებს მოიხმარს.“

კორესპონდენტის შეკითხვაზე, წარმოუდგენია თუ არა მას ეგვიპტის პრეზიდენტის პოსტზე ქრისტიანი პოლიტიკოსი, ის დადებითად უპასუხებს და აზუსტებს, თუ ეს ხალხმა ისურვაო. პოლიტიკაზე, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკაზეც გამოთქვა თავისი მოსაზრებები ელ-ერიანმა, რომელიც, მისი თქმით, მიესალმება დიალოგს ვაშინგტონთან, თუ ის ორმხრივ პატივისცემას და ორივეს ინტერესებს ეფუძნება. რას გულისხმობს ეს?

„ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკამ მუბარაქის რეჟიმის დროს თავისი პოლიტიკა და ხედვა გაატარა თვითონ მუბარაქის, ვითომ როგორც ფარაონის მიმართ. ახლა ფარაონების დრო წავიდა, ქვეყანაში პასუხისმგებლობა ინსტიტუტებმა უნდა იკისრონ. ყოველგვარი გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს პარლამენტის, კაბინეტის მიერ ან რეფერენდუმით. შეუძლებელია, რეგიონსა თუ მსოფლიოში აშშ-ის პოლიტიკას მივდიოთ.“

აშშ-ის პოლიტიკას ის ზოგადად არ ახასიათებს, ორი მაგალითი მოჰყავს ეგვიპტის ისტორიიდან. ერთ-ერთი ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის უქონლობაა, ამერიკის ზეწოლით. ირანზე საუბრისას ელ-ერიანი დარწმუნებული ამბობს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებს და იქვე დაამატებს, ირანს რომ დავეხმაროთ, ამისთვის, როგორც ეგვიპტე ყოველთვის აცხადებდა, უნდა მოისპოს ყოველგვარი მასობრივი განადგურების იარაღი და, რაც მთავარია, ისრაელის ბირთვული იარაღიო. როცა საუბარი ისრაელს მიუახლოვდა, ჰამასის, პალესტინელთა ისლამისტური ორგანიზაციის შესახებ ჰკითხა რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ეგვიპტის “მუსლიმანთა საძმოს“ ლიდერს: არის თუ არ ის თქვენი მოკავშირე მოძრაობა, თუ გრძნობთ მათთან ძმობასო.

ელ-ერიანი ჰამასს წინააღმდეგობის მოძრაობად მიიჩნევს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, თავისი მიწის ოკუპაციისგან განთავისუფლებისთვის. მისი აზრით, დასავლეთმა უნდა გაიღრმაოს ცოდნა ჰამასზე, რათა ბოლო მოეღოს ომსა და ტერორიზმს. დასავლეთის საბედისწერო შეცდომა იყო, როცა მან ჰამასი და ტერორისტული ჯგუფები ერთმანეთს გაუთანაბრაო. პირდაპირ შეკითხვას, თვლით თუ არა, რომ ისრაელს აქვს უფლება იარსებოს, როგორც ებრაელთა სახელმწიფომო, ელ-ერიანმა ასე უპასუხა:

„ყველა ებრაელს აქვს უფლება იცხოვროს არაბულ ქვეყნებს შორის. და ისინი ათწლეულებისა და საუკუნეების წინ უსაფრთხოდ ცხოვრობდნენ კიდეც ჩვენს ქვეყნებში. ებრაელთა სახელმწიფოს არსებობა ეწინააღმდეგება სახელმწიფოთა ყოველგვარ წესს მთელ მსოფლიოში. ყველა სახელმწიფო ყველასთვისაა, როგორც ეგვიპტეა მუსლიმანთა, ქრისტიანთა და ებრაელთა სახელმწიფო. ისევე, როგორც მაროკოა ებრაელთა, ქრისტიანთა და მუსლიმთა ქვეყანა.“

ის, როგორც ამ ინტერვიუდან ჩანს, იმედოვნებს, რომ შეიძლება შეიქმნას დიდი, როგორც თვითონ ამბობს, ასირია, სადაც ყველა ერთად იცხოვრებს - პალესტინელები, სირიელები, ლიბანელები, როგორც ეს ერთ დროს იყო, ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ, მეორე მსოფლიო ომის წინო. ორი ქვეყანა გაჩნდა, იორდანია, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, პალესტინა და ისრაელი. და ორივე არასტაბილურია. 1916 წლის „საიქს-პიკოს“ შეთანხმების დროს დადგენილი რუკა მცდარია, ის უნდა შეიცვალოს. იმედი მაქვს, არაბულ ქვეყნებში რევოლუციები რუკის შეცვლას შეძლებენო, ამბობს ეგვიპტის „მუსლიმანთა საძმოს“ ლიდერი. აქვე გეტყვით, რომ „საიქს-პიკოს“ შეთანხმება საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის საიდუმლო გარიგებაა, რომლის თანახმად, არაბულ მიწებს ორი სახელმწიფო და მათთან ერთად, ხანმოკლე პერიოდში, რუსეთიც ინაწილებდა. რაც შეეხება რევოლუციებს, ელ-ერიანი თვლის, რომ თუკი არ გატარდა რეფორმები, რევოლუციები ყველგან შეიძლება მოხდეს. ის არაბულ ქვეყნებში რევოლუციების ერთ-ერთ მიზეზად ერაყის შემთხვევას მიიჩნევს. მისი თქმით, იმ ფაქტმა, რომ ამერიკელების იქ შეჭრისა და მილიონობით ერაყელის დახოცვის შემდეგ დემოკრატიის იმპორტირება ვერ მოხერხდა, და აბუ-ღრაიბის ციხეში ხალხის წამებამ გამოიწვია არაბული ქვეყნების ამბოხი რეგიონში ამერიკის დომინანტური სტრატეგიის წინააღმდეგ. ეს სტრატეგია კი, ელ-ერიანის აზრით, დიქტატორების მხარდაჭერა, ნავთობის დაბალი ფასების ქონა და ისრალის მხარდაჭერაა. ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით ელ-ერიანი ისრაელს ბრალად სდებს წლების განმავლობაში შეთანხმების დარღვევას და ამბობს, მას ორი სამიზნე ჰქონდაო, ერთი - რეგიონში მშვიდობა და მეორე - პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფო. თუ ამერიკელები ემხრობიან ამ შეთანხმებას, მეორე მხარესაც უნდა მოსთხოვონ მისი დაცვაო. ელ-ერიანის თანახმად, ამ შეთანხმებიდან გამოსვლის საკითხი მხოლოდ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

ამ ვრცელ ინტერვიუში, ეგვიპტის“ მუსლიმანთა საძმოს“ ლიდერი ლაპარაკობს ასევე ეგვიპტის მომავალი სამართლებრივი მოწყობის შესახებ თავის წარმოდგენაზე. მისი თქმით, ალკოჰოლი მაჰმადიანებისთვის აკრძალულია, მაგრამ ტურისტებს აქვთ უფლება მიიღონ ის, თუმცა პატივი უნდა სცენ ქვეყნის კულტურას. მისი თქმით, მუსლიმანური სამართალი, შარიათი, “დამსჯელობითი სამართალი არ არის, ის ცხოვრების წესია და მას ადამიანები პატივს სცემენ. შარიათი ადამიანებიდან მოდის“, ამბობს ელ-ერიანი, რომლის პარტია, თურქულის მსგავსად, „სამართლიანობის და განვითარების პარტიად“ იწოდება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG