Accessibility links

logo-print

„ექსონ მობაილმა“ და „როსნეფტმა“ მრავალმილიარდიანი შეთანხმება გააფორმეს


რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტმა“ და აშშ-ის „ექსონ მობილმა“ სამშაბათს გააფორმეს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ერთობლივად აითვისებენ წიაღისეულს რუსეთის ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესა და შავ ზღვაში. რუსეთის და აშშ-ის სანავთობო გოლიათებს შორის ამ შეთანხმების მიზანი წყლის ფსკერზე არსებული ენერგომატარებლების ათვისებაა. „როსნეფტი“ რუსეთის უდიდესი სანავთობო ფირმაა, „ექსონს“ კი ზღვის ფსკერზე მუშაობის გამოცდილება აქვს. შეთანხმება, რომელიც „როსნეფტს“ საშუალებას აძლევს იმუშაოს ჯერ კიდევ აუთვისებელ არეალებში, მექსიკის ყურესა და ტეხასში, რუსეთის ამ ფირმას მიაახლოებს მიზანთან, გახდეს მსოფლიოს წამყვანი ენერგოფირმა. სოჭში ხელმოწერის ცერემონიას, რომელშიც მონაწილეობდა „ექსონის“ აღმასრულებელი დირექტორი რექს ტილერსონი და რუსეთის ენერგეტიკის სფეროში მთავარი ოფიციალური პირი, პრემიერ-მინისტრის მოადგილე იგორ სეჩინი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი დაესწრო. პუტინმა ჟურნალისტებს უთხრა:

„ძალიან მახარებს, რომ კომპანია“ როსნეფტმა“ და ამ ბაზარზე მსოფლიოს ერთ-ერთმა ლიდერმა, „ექსონ მობილმა“, შეთანხმებას მიაღწიეს ერთობლივი მუშაობისა და სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე. პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა, როგორც ვნახე, 200-დან 300 მილიარდ დოლარამდეა, საჭირო ინფრასტრუქტურების შესაქმნელად კი ეს თანხა შეიძლება 500 მილიარდამდე გაიზარდოს.“

„ექსონ მობილის“ განცხადებით, ის თავიდან სამ მილიარდ დოლარზე მეტს გაიღებს სამი საბადოს ასათვისებლად კარის ზღვაში, სადაც ზღვის ფსკერზე - ზედაპირიდან 50-150 მეტრში - მოუწევს ჭაბურღილის გაკეთება. რაც შეეხება შავ ზღვას, იქ იგივე სამუშაო 1-2 კილომეტრის სიღრმეზეა ჩასატარებელი. „როსნეფტს“ ახალ ერთობლივ საწარმოში 67 პროცენტი ეკუთვნის, „ექსონს კი“ - დანარჩენი 33. შეთანხმების შედეგად, ეს იქნება აშშ-ში ნავთობის უდიდესი მწარმოებლისთვის შესაძლებლობა, ხელი მიუწვდებოდეს, როგორც თვითონ „ექსონი“ იუწყება, რუსეთის არსებით, დიდი მომავლის მქონე საბადოებზე, რომელიც ყველაზე ნაკლებადაა ათვისებული და, ამასთან, ნავთობის და გაზის დიდი პოტენციალი აქვს. ეს შეთანხმება მარცხია „ბრიტიშ პეტროლიუმისთვის“, ასევე ენერგეტიკული გოლიათისთვის, რომელსაც წინასწარი შეთანხმებაც კი ჰქონდა „როსნეფტთან“, მაგრამ რომელიც წელს ჩაიფუშა. „ბი-პის“ პრობლემები აქვს რუსეთში. მისი ოფისი ოთხშაბათსაც იქნა გაჩხრეკილი სასამართლოს აღმასრულებლის მიერ აქციების მფლობელების საჩივრის საფუძველზე. „როსნეფტის“ და „ბრიტიშ პეტროლიუმის“ პარტნიორობის ჩაშლა, მიუხედავად იმისა, რომ მას სეჩინი უმაგრებდა ზურგს, ადასტურებს, რომ რუსეთში უცხოეთის
ფირმების მოქმედება რისკთანაა დაკავშირებული.

ექსპერტები თავშეკავებით გამოთქვამენ ვარაუდებს იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება ამ თანამშრომლობის მომავალი. ნატალია ორლოვა, მოსკოვის „ალფა ბანკის“ ეკონომისტი, ამბობს: „წინა მცდელობა „ბი-პისთან“ მსგავსი შეთანმხების განხორცილებისა წარუმატებელი იყო. „როსნეფტი“ მართლაც ეძებდა ისეთ პარტნიორს, რომელიც მის გლობალურ ამბიციებს დააკმაყოფილებდა. ახლა ვერ გეტყვით, როგორ განვითარდება ეს პარტნიორობა, ამას დრო სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, ახლა ხანგრძლივ პროექტზეა ლაპარაკი.“

„ექსონ მობილისთვის“ ეს შეთანხმება რუსეთში მისი სტრატეგიის გამარჯვებას ნიშნავს. ის ადრე - 2003 წელს - ცდილობდა „იუკოსს“
შეკავშირებოდა.“ იუკოსი“ გაანადგურეს. მისი ხელმძღვანელები, მიხაილ ხოდორკოვსკი და პლატონ ლებედევი, ახლაც ციხეში არიან, თვითონ ფირმა კი „როსნეფტს“ შეერწყა. „იუკოსს“ გადასახადის გადაუხდელობაში დასდეს ბრალი, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ ეს უფრო პოლიტიკური ანგარიშსწორება უნდა იყოს. ამ ანგარიშსწორების შესაძლო მონაწილის, ვლადიმირ პუტინის
დასწრება „როსნეფტის“ და „ექსონ მობილის“ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე ზოგიერთ ექსპერტს სწორედ იმის ნიშნად მიაჩნია, რომ პუტინმა იმძლავრა და ის კრემლში დაბრუნებას აპირებს მომავალი წლის არჩევნების შემდეგ. „როიტერს“თავის ანალიზში მოჰყავს მოსკოვის სამთავრობო ურთიერთობისა და პიარის ფირმა „ლეფის“ პრეზიდენტის, ვლადიმირ ფროლოვის ნათქვამი, პუტინი დაბრუნდება და ამით შეძლებს ამ შეთანხმების უფრო ეფექტიანი გარანტი იყოსო. თვით ანალიტიკური სტატიის ავტორის, დაგლას ბასვაიანის აზრითაც, „ექსონმა“ რომ სწორედ პუტინთან დაამყარა კონტაქტი და არა მედვედევთან, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მისი გათვლითაც პუტინი გახდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოფიციალური მმართველი. მომავალი პრეზიდენტი 12 წელიწადს იჯდება სავარძელში, რადგან საპრეზიდენტო ვადა ექვსი წლით გაიზარდა.“ექსონი“, მოკლედ, იმედოვნებს, რომ პუტინი გაუმაგრებს მას ზურგს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი
შეცდომები, როგორიც „ბი-პის“ მოუვიდა. მედვედევის მიმართ პუტინის უპირატესობაზე განაგრძობს მსჯელობას „როიტერსის“
სტატიის ავტორი და ამბობს, რომ პუტინმა იმით, რომ აშშ-ის სანავთობო გოლიათთან ამ შეთანხმებას გვერდში ამოუდგა,
მედვედევს დაანახვა, რომ ის საგარეო პოლიტიკურ სფეროშიც დომინირებს და აშშ-თან გადატვირთვის პოლიტიკაშიც წინსვლას
უწყობს ხელს. აზრს, რომ პუტინი უფრო მყარი გარანტია, იზიარებს თანამედროვე პოლიტიკის რუსეთის ცენტრის ანალიტიკოსი პაველ
სელინიც. მედვედევთან რომ მიეღწია შეთანხმება „ექსონს“, ის ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ჩაფუშულიყო, როცა პუტინთან“ ეს ასე არ არისო, ამბობს სელინი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG