Accessibility links

logo-print

მსოფლიოს ლიდერები მხარს უჭერენ ლიბიელ მეამბოხეთა მთავრობას


მსოფლიოს ლიდერების გადაწყვეტილებით, ყადაღა მოეხსნება ლიბიის კუთვნილ აქტივებს, რათა ფული გამოიყენოს მეამბოხეების მთავრობამ - ეროვნულმა გარდამავალმა საბჭომ და დაიწყოს აღმშენებლობითი სამუშაოები მოამარ კადაფის მმართველობის დამხობის შემდეგ. კადაფის ადგილსამყოფელი კვლავაც უცნობია. მან გაავრცელა ახალი მიმართვა, რომელშიც გამოდის მოწოდებით, დაიწყოს პარტიზანული ომი მეამბოხეების წინააღმდეგ. სირიაში დაფუძნებულმა არაბულენოვანმა ტელევიზიამ ხუთშაბათს გაავრცელა კადაფის ორი აუდიოჩანაწერი. ხუთშაბათსვე პარიზმა უმასპინძლა 60-მდე ქვეყნისა და წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრას ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს ლიდერებთან. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გამოაცხადა, რომ ყადაღა ეხსნება ლიბიის კუთვნილ აქტივებს 15 მილიარდი დოლარის ოდენობით - ქონებას, რომელსაც შეეხო კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული სანქციები. მას ეროვნულ გარდამავალ საბჭოს მიაწვდიან ომის შემდგომი რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად. მსოფლიოს ლიდერებმა მეამბოხეებს მოუწოდეს, იზრუნონ ლიბიაში დაპირისპირებული ძალების შერიგებაზე და ხელი შეუწყონ დემოკრატიული საზოგადოების შექმნას.
XS
SM
MD
LG