Accessibility links

logo-print

”აგვისტოს 8” - ახალი ფილმი საქართველო-რუსეთის ომზე


”აგვისტოს 5 დღე”, პლაკატი

”აგვისტოს 5 დღე”, პლაკატი

სექტემბრის მიწურულს დასრულდება ახალი ფილმის გადაღება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე. ამჯერად მაყურებელი საქართველო-რუსეთის ომის, ასე ვთქვათ, ”რუსულ ვერსიას” იხილავს. ფილმი, რომელიც ეკრანებზე გამოვა, სახელწოდებით ”აგვისტოს რვა”, ნაწილობრივ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდანაა დაფინანსებული.

”დავეწევით და გავუსწრებთ ამერიკას!” - როგორც ჩანს, სწორედ ამ ლოზუნგის აქტუალურობა იგრძნეს ფედორ ბონდარჩუკისა და კონსტანტინ ერნსტის კომპანია ”გლავკინოში” მას შემდეგ, რაც შეიტყვეს რენე ჰარლინის პროექტის შესახებ, ”აგვისტოს 5 დღის” გადაღებების შესახებ... ასეა თუ ისე, ახალი რუსული ფილმის (”ბლოკბასტერის”, როგორც ამბობენ თავად ავტორები) სცენარზე მუშაობა ”გლავკინომ” მაშინ დაიწყო, როცა დაზუსტდა ინფორმაცია - ჰოლივუდი მართლაც იღებს ფილმს საქართველოში, ”პროქართულ ფილმს” 2008 წლის ომზე, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის როლს - არც მეტი, არც ნაკლები - ნიკოლას კეიჯი(?) ასრულებს.

სასწრაფოდ გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ოფიციალური მონაცემებით, 250 მილიონი რუბლი, რომელიც კერძო ინვესტიციებს დაემატა; დაიწერა სცენარი ახალგაზრდა რუს ქალზე, ქსენიაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მიემგზავრება ცხინვალში ბავშვის წამოსაყვანად, ბავშვისა, რომელიც თავის ყოფილ ქმარს გაუგზავნა. აქ მოუსწრებს სწორედ ომი, რომელიც მთლიანად შეცვლის მის ცნობიერებას. მოკლედ, კლასიკური სიუჟეტია - კერძო ისტორია, რომელიც ”დიდ ისტორიას” ასახავს. ”გლავკინოს” გენერალური დირექტორი ილია ბაჩურინი ადასტურებს ამას. მისი თქმით:

”ეს ფილმი ირიბად ეხება 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებს - პირველ გამარჯვების მომტან და სწრაფად დასრულებულ ომს რუსეთის ისტორიაში.”

”აგვისტოს რვა” იმდენად მნიშვნელოვანი პროექტი აღმოჩნდა, რომ ბონდარჩუკ-ერნსტის კომპანიამ მომავალი წლისთვის გადადო ბატალური ეპოპეის, ”სტალინგრადის” გადაღება. ამავე დროს, ”რუსეთის კინოფონდმა” მხოლოდ 40 მილიონი რუბლი გამოუყო ახალი პროექტისთვის რუსული საავტორო კინოს ლიდერს, ალექსანდრ სოკუროვს. რუსულ პრესას თუ დავეყრდნობით, ავტორებმა მიმართეს კომპიუტერულ გრაფიკას და კომბინირებულ გადაღებას, რომლის მსგავსიც კი არ ახსოვს რუსულ კინოს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ სურათის სცენარის ავტორად რეჟისორთან, ჯანიკ ფაიზიევთან ერთად (ამ რეჟისორს ვიცნობთ ფილმით ”თურქული გამბიტი”) მუშაობდა ჰოლივუდელი სცენარისტი მაიკლ ლერნერი. სურათის ავტორები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალის ისტორიამ გული უნდა აუჩუყოს მაყურებელს, თუმცა ილია ბაჩურინი არც იმას უარყოფს, რომ პოლიტიკური ფილმი გადაიღეს:

ეს, ალბათ, ყველაზე პატრიოტული კინოა... ჩვენი გაგებით. ეს ომი იყო ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა რუსეთის ისტორიაში, როცა მთელი ერი გაერთიანდა, როცა ხელისუფლება მოქმედებდა ძალზე მკაფიოდ - ამ გამოწვევებს პასუხობდა ადეკვატურად, სწრაფად და ზუსტად.”

სურათის ავტორების მტკიცებით, ამასვე ამბობენ რიგითი სოხუმელები, ცხინვალელები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სურათის გადაღებაში. ყოველი მათგანი თავის ამბავს გვიამბობდა, რა მოხდა იმ დღეებში მათ ცხოვრებაში, რის გამოც განუწყვეტლივ გვიხდებოდა სცენარის გადაკეთებაო,- ამბობს ფილმის რეჟისორი. ამან გაართულა გადაღების პროცესი, რომელიც ისედაც რთული იყო - ფილმში ”აგვისტოს რვა” სამხედრო ტექნიკასთან ერთად რობოტებიც კი გამოჩნდებიან, რაც, როგორც ჩანს, იმას ნიშნავს, რომ ჟანრები ფილმში არეულია და ფანტასტიკის ელემენტიც მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, პროდიუსერი ილია ბაჩურინი ხაზგასმით იმეორებს, რომ ყველაფერი ფილმში რეალურ ფაქტებზეა აგებული:

”მე მივაგენი შესაბამისობას იმას შორის, რასაც იმხანად ოფიციალური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებდნენ (რუსეთის... და არა დასავლეთის) და რასაც გვიამბობდნენ ადამიანები. ეს მართლაც იყო ომი ისეთი, როგორსაც ჩვენი სატელევიზიო არხები გვიჩვენებდნენ. ეს გვაძლევს საშუალებას ვიამაყოთ... შეიძლება არ იამაყო, მაგრამ მადლიერების გრძნობა განიცადო იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც არ მოგატყუა...”

”აგვისტოს რვის” რეჟისორი ჯანიკ ფაიზიევი ჩრდილო ოსეთის საინფორმაციო ინტერნეტსაიტზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნავს, ”ფილმში მაყურებელი იხილავს საოცრად ლამაზ აფეთქებებს, როგორიც არასდროს უნახავს.”

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG