Accessibility links

logo-print
დასავლეთში ბევრი მას ზომიერი ისლამის მთავარ წარმომადგენლად, „ხმად“ მიიჩნევს. საუბარია მუსტაფა აკიოლზე - თურქ მწერალსა და რელიგიურ მოაზროვნეზე, რომელმაც ახლახან წიგნიც გამოსცა, სახელწოდებით „ისლამი უკიდურესობების გარეშე: თავისუფლების მუსულმანური გაგება“. წიგნის მთავარი მიზანია ისლამის ტრადიციული შეხედულებების და ლიბერალური დემოკრატიის შერწყმა. მუსტაფა აკიოლს ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, რობერტ ტეიტი ესაუბრა. წარმოგიდგენთ მის მიერ მომზადებულ სიუჟეტს.

ბევრი დასავლელისთვის, მათთვის, ვისაც აღმოსავლეთთან - კონკრეტულად კი, ახლო აღმოსავლეთთან - მყარი შეთანხმებისა და ჰარმონიული კავშირების მიღწევის იმედი აქვს, მუსტაფა აკიოლი „ისლამის მისაღებ სახეს“ წარმოადგენს.

თუმცა ეს ფრაზა ყოველთვის ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ და თან ერთგვარი გაფრთხილებაც დავურთოთ. მსოფლიოში ასიათასობით მუსულმანს სრულიად მართებულად გაუჩნდება პროტესტი იმ აზრის მიმართ, რომ მათ რწმენას, ზოგადად, „მიუღებლის“ სტიგმა ატყვია.

მაგრამ მაინც, როცა საქმე აკიოლს ეხება, თურქ ჟურნალისტს და რელიგიურ მოაზროვნეს, რომელსაც სურს ისლამი თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ღირებულებებს შეუხამოს, ამ სიტყვის - „მისაღების“ - გამოყენება დიდ ცდუნებას ქმნის.

ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების მეათე წლისთავის მოახლოების ფონზე ბევრი ისლამის შესახებ დასავლეთში არსებული სტერეოტიპების ანალიზს მიმართავს. ეს სტერეოტიპები რამდენიმე იერსახეს ითავსებს: წვერებიან რადიკალ კაცებს (ოსამა ბინ ლადენის მსგავსებს), რომლებიც მიმდევრებს ალაჰის სახელით თავის აფეთქებისკენ მოუწოდებენ; ქალების სისტემურ დისკრიმინაციას - ღალატის გამო ჩაქოლვის განაჩენებს, სახის და სხეულის ჰიჯაბით დაფარვის აუცილებლობას და ასე შემდეგ; სიკვდილის მისჯას რელიგიის დატოვებისთვის ან ისეთი წიგნებისა და ტექსტებისთვის, რომლებსაც მკრეხელობად მიიჩნევენ.

აკიოლი ყველა ამ სტერეოტიპის საპირისპირო იერსახეს წარმოადგენს და სწორედ ამის გამოა მიმზიდველი და საინტერესო დასავლელებისთვის. ამ ქალაქში მცხოვრებ, სუფთად გაპარსულ, საუბრის და კომუნიკაციის გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ კაცს სწამს როგორც ისლამის, ისე დასავლური სტილის დემოკრატიისა.

აკიოლი იზიარებს და ავრცელებს აზრს, რომ რეჯებ ტაიპ ერდოანის კონსერვატიული მთავრობის პირობებში თურქეთი შემდგარი სეკულარული სახელმწიფო ხდება, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ღრმად მორწმუნე მუსულმანია. ამ აზრს ის საზღვარგარეთაც ავრცელებს - ამაში მას ინგლისური ენის უზადოდ ცოდნაც ეხმარება. აკიოლი სტამბულის ერთ-ერთ პრესტიჟულ ამერიკულ სასწავლებელში დადიოდა.

ახლახან გამოიცა აკიოლის წიგნი, სახელწოდებით „„ისლამი უკიდურესობების გარეშე: თავისუფლების მუსულმანური გაგება“, რამაც, ცხადია, მისი შეხედულებების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.

ის, რომ ამ წიგნში წარმოდგენილი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი დასავლეთში ისლამის არასწორად გაგებას უკავშირდება, ალბათ გასაკვირი არ არის. ამაზე უფრო საინტერესო ალბათ ის გახლავთ, რომ, წიგნის თანახმად, ისლამი არც თავად ამ რელიგიის ბევრ მიმდევარს ესმის სწორად. ეს, აკიოლის თანახმად, ჩანს ხშირად ისეთი რელიგიური პრაქტიკის დანერგვაში, რომლის გამოც ეს რწმენა გარეშე თვალისთვის მიმზიდველობას კარგავს.

ამის მიზეზი, აკიოლის თქმით, ის არის, რომ ბევრ რამეს, რასაც ახლა რელიგიურ ნორმებად მიიჩნევენ, - მაგალითად, რწმენის დატოვებისთვის სიკვდილით დასჯას, - სინამდვილეში ყურანთან კავშირი არა აქვს და უფრო გვიანდელ ეტაპებზეა დაკანონებული.

შესაბამისად, აკიოლი წერს, „შესაძლოა რელიგიური თავისუფლების თანამედროვე იდეასა და ყურანს შორის შეუსაბამობა არ იყოსო“. ავტორი დასძენს, რომ ყურანში არაფერია ნათქვამი რელიგიის დატოვების გამო სასჯელზე. “პირიქით, - წერს აკიოლი, - ყურანში არის ადგილები, სადაც, როგორც ჩანს, წერია, რომ ისლამის უარყოფა ადამიანის თავისუფალი არჩევანია.“

აკიოლის აზრით, ამ წესის შენარჩუნება „უაზრობაა“ და ისლამისთვის ზიანი მოაქვს. „ეს უდანაშაულო ხალხის დასჯას და ისლამის ტირანულ რელიგიად წარმოჩენას უწყობს ხელს“, რაც თავისუფალ სამყაროში არ შეიძლება სწორი იყოსო, ამბობს ის: „რელიგია შენი ცნობიერების და სინდისის მიერ უნდა იყოს ნაკარნახევი და არა საზოგადოების ან, მით უფრო, სახელმწიფოს მიერ. ამ მოსაზრებით გავაანალიზე ისლამური ტრადიცია ჩემს წიგნზე მუშაობის დროს. აღმოვაჩინე, რომ ისლამურ ტრადიციაში არსებული ბევრი ავტორიტარული ელემენტი - მაგალითად, ლოცვების, ღვთისმოსაობის თავსმოხვევა, რელიგიის დატოვების აკრძალვა, გარკვეული ცოდვების აკრძალვა - მომდინარეობს არა ყურანიდან, - ისლამის უშუალო ღვთიური წყაროდან, - არამედ ყურანის სხვადასხვა ინტერპრეტაციიდან ან მოგვიანებით გაჩენილი ტრადიციებიდან. ეს ტრადიციები მისულმანებმა შუა საუკუნეებში შექმნეს, იმ დროის ვითარების და შეხედულებების გათვალისწინებით. ვფიქრობ, დადგა დრო ყოველივე ეს გადაისინჯოს. ჩვენ თავისუფალ სამყაროში ვცხოვრობთ, ასეთი შეხედულებები კი ისლამს ცუდ საქმეს უკეთებს - მას უსამართლოდ წარმოაჩენს ავტორიტარულ, რეპრესიულ რელიგიად.“

მუსტაფა აკიოლი აღიარებს, რომ მისი აზრები, გარკვეულწილად, პირად გამოცდილებას ემყარება. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მისი ახლანდელი შეხედულებების გასაღები ბავშვობაში უნდა ვეძიოთ: „ძალიან ღვთისმოსავი პაპა მყავდა. ბავშვობაში მან ბევრი რამ მასწავლა რელიგიაზე. მითხრა, როგორ უნდა მელოცა და როგორ უნდა წამეკითხა ყურანი. ერთ დღესაც მის ბიბლოთეკაში გადავაწყდი წიგნს, რომელშიც ეწერა, თქვენი ბავშვი 10 წლის ასაკში ლოცვას თუ არ დაიწყებს, სცემეთო. ამან შოკში ჩამაგდო. ვიცოდი, რომ ჩემი პაპა ასეთ რამეს არასოდეს გააკეთებდა, მაგრამ ამ რელიგიურ წიგნში წაკითხულმა მაინც შემძრა. იმ წუთიდან არ მასვენებს შეკითხვა - რა მნიშვნელობას ატარებს ლოცვა, თუკი სასჯელის შიშის გამო ლოცულობ? რა ღირებულება აქვს მეჩეთში მისვლას, იქ თუ რელიგიური პოლიციის მიერ ხარ გაგზავნილი?“

ამ აზრებს აკიოლი სტამბულში გამომავალ ინგლისურენოვან გაზეთში, „ჰურიეთის ყოველდღიურ ამბებში“, თავის საავტორო სვეტში ხშირად გამოთქვამს. ამასთან, ის გაზეთის რედაქტორის მოადგილეც არის.

თუმცა, ამავე დროს, მის სვეტებში თურქეთში დანერგილი სეკულარული ტრადიციების კრიტიკასაც ხშირად შეხვდებით. აკიოლის თქმით, თურქეთის სახელმწიფო სეკულარიზმს ტლანქად მიმართავს, ცდილობს რა უერთგულოს იმ პოლიტიკურ მოდელს, რომელიც თანამედროვე თურქეთის დამაარსებელმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა შემოიღო.

აკიოლის თქმით, სეკულარიზმის არასწორი ფორმით დანერგვის გამო თურქეთში მორწმუნეები გაუცხოებულები არიან და თავიანთ რწმენას თავისუფლად ვერ მისდევენ: „თურქეთი სეკულარულზე მეტად სეკულარისტული იყო და მან სეკულარული სახელმწიფოს იდეას სახელი გაუტეხა მუსულმანურ სამყაროში. სეკულარიზმის თურქეთის მიერ წარმოდგენილი მოდელი აშშ-ისგან არ წამოსულა. ის საფრანგეთის მესამე რესპუბლიკისგან მომდინარეობს, რომელიც რელიგიისგან თავისუფლებაზე იყო კონცენტრირებული და არა რელიგიის თავისუფლებაზე. თურქეთში ამას შედეგები მოჰყვა - მაგალითად, მუსულმანური თავსაფრების აკრძალვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მუსულმანები იძულებულნი შეიქნენ აერჩიათ - ან ეს რადიკალი სეკულარისტები და მათი სისტემა, ან ისლამისტები, რომლებიც მათ უპირისპირდებოდნენ და ავტორიტარული ისლამისტური სახელმწიფოს შექმნის დაპირებით გამოდიოდნენ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ არსებობს მესამე გზაც - ლიბერალური დემოკრატია და სეკულარული სახელმწიფო, რომელიც რელიგიას პატივს სცემს. ვიცი, რომ თურქეთი სწორედ ამ გზით ვითარდება.“

ამ განცხადებით აკიოლი ირიბად აქებს ერდოანის - თავად ყოფილი ისლამისტის - სამართლისა და განვითარების პარტიას, რომელიც თურქეთს 2002 წლის შემდეგ მართავს. პარტია დაუპირისპირდა სამხედრო ძალებს - ათათურქის სეკულარული მემკვიდრეობის ტრადიციულ დამცველებს - და თურქეთის პოლიტიკური სისტემა მთლიანად სამოქალაქო გახადა.

აკიოლი ამას იმის ნიშნად მიიჩნევს, რომ ქვეყანა ლიბერალური დემოკრატიის გზით ვითარდება. თუმცა მის შეფასებას ბევრი არ ეთანხმება. მაგალითად, სტამბულის კულტურ-უნივერსიტეტის მკვლევარი, ყოფილი დიპლომატი მურატ ბილჰანი ერდოანს ისლამის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში სდებს ბრალს: „თურქეთში ინდივიდუალიზმი ძალიან არასწორად ესმით. მას აბრკოლებს ისლამის მიერ თავსმოხვეული ღირებულებათა სისტემა. არავის აქვს თურქეთში ისლამის გაძლიერების და განმტკიცების უფლება, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ისინი სწორედ ამას აკეთებენ. ისლამური ღირებულებები სეკულარული ღირებულებები არ არის. ყველას უნდა ჰქონდეს უფლება ილოცოს, მისდიოს რელიგიას, რწმენას, მაგრამ ინდივიდუალურ ღირებულებებს რაიმე საზოგადოებრივი, კოლექტიური ღირებულებები არ უნდა დაუპირისპირონ. თავს მუსულმანად თუ აცხადებ, ეს მხოლოდ შენსა და ღმერთს შორის არსებული ურთიერთობაა.“

ამ ბოლო განცხადებას აუცილებლად დაეთანხმებოდა თავად აკიოლი. თუმცა ფაქტი, რომ ამით მის შეხედულებებს აკრიტიკებენ, მოწმობს, რომ აკიოლი თავის მშობლიურ ქვეყანაში არ წარმოადგენს უნივერსალურად მისაღებ და ყველასათვის გასაგებ ფიგურას.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG