Accessibility links

logo-print

ბელორუსი პოლიტპატიმრების ბედი


ყოფილი პოლიტპატიმარი ალეს კირკევიჩი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

ყოფილი პოლიტპატიმარი ალეს კირკევიჩი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

შარშანდელი სადავო არჩევნების შემდგომ დაპატიმრებული ოთხი ბელორუსი აქტივისტი პრეზიდენტის შეწყალებით დღეს გაათავისუფლეს. მათი განთავისუფლება მოჰყვა გავრცელებულ ცნობას, რომ ბელორუსიის ხელისუფლებამ პირობა დადო, ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს ოქტომბრის პირველ ნახევარში. ამავე დროს, ლუკაშენკომ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ თავის ოპონენტებთან მოლაპარაკება სურს, რაც მინსკსა და დასავლეთს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესების იმედს ბადებს.

ანდრეი პროტასენიამ ოთხი თვე დაყო მკაცრი რეჟიმის ციხეში. ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციონერი კანდიდატის იაროსლავ რომანჩუკის საარჩევნო შტაბის წევრი იყო. სამწლიან პატიმრობას იხდიდა ის, როცა პირველ სექტემბერს მისთვის მოულოდნელად შეიწყალეს და გაუშვეს. პროტასენია ამბობს, თანასაკნელებთან წესიერად გამომშვიდობებაც კი ვერ მოვასწარიო. ის ერთ-ერთია იმ ოთხი შეწყალებული პოლიტპატიმრიდან, რომლებიც დეკემბრის არჩევნებთან კავშირში დააკავეს. პროტასენიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, ჩემი გამოსვლა მახარებს, მაგრამ იქ დარჩენილ 20-მდე პოლიტიპატიმრის ბედი მაღელვებსო: „გამოვედი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მიხარია. გულის სიღრმეში მიხარია, მაგრამ ამ გრძნობას ფარავს ის, რომ სხვები კვლავ სხედან, მათი ამბავი მაწუხებს.“

ბოლო ხანს გავრცელებული ინფორმაცია იძლევა იმის საფუძველს, რომ სხვებსაც გაათავისუფლებენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ბულგარეთის თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკო ოქტომბრის თვეში აპირებს დანარჩენებიც შეიწყალოს. ეს ცნობა მოჰყვა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოლაი მლადიენოვის მინსკში ვიზიტს და ლუკაშენკოსთან შეხვედრას. თავიდან მინსკს ევროკავშირთან შუამავლად ლიტვა ან იტალია სურდა. ლუკაშენკოს ეს დაპირება, ოპოზიციონერებთან საუბრის სურვილთან ერთად, იმის ნიშანია, რომ ავტორიტარი მმართველი დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ესწრაფვის. ამასვე მოასწავებს ბელორუსიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, გაუუქმოს ბრალდება ექვს სხვა აქტივისტს. მინსკის ეს მცდელობა, დასავლეთთან დაახლოების გზები გამონახოს, დაკავშირებული უნდა იყოს ამ ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისთან.
დასავლეთი კი მინსკთან ურთიერთობის საკითხს სწორედ შაბათს განიხილავს, როცა პოლონეთის ქალაქ სოპოტში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა განაცხადა, რომ ბელორუსიაზე საუბარი შაბათს შედგება. ევროპარლამენტის თავმჯდომარის, იეჟი ბუზეკის წარმომადგენელი, რობერტ გოლანსკი მიესალმა ლუკაშენკოს დაპირებას, ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს, მაგრამ გაფრთხილება გამოთქვა ნაადრევი სიხარულის თაობაზე: „თავმჯდომარე ბუზეკის მტკიცე პოზიციაა, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა გაათავისუფლონ და დააბრუნონ ოჯახებში და მეგობრებთან. მხოლოდ მაშინ განიხილავს ევროკავშირი ბელორუსიას, როგორც სერიოზულ პარტნიორს, რომელსაც დიალოგი სურს. ბელორუსიის რეჟიმის არაერთ ადრინდელ დაპირებას საქმე არ მოჰყოლია. ამიტომაა თავმჯდომარის სკეპტიციზმი საფუძვლიანი.“

შარშან დეკემბერში მთავრობამ 700 აქტივისტი დააკავა. მათგან 20, - მათ შორის, სამი საპრეზიდენტო კანდიდატი, - როგორც ითქვა, კვლავ საპატიმროშია. ლუკაშენკოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პირველ სექტემბერს განთავისუფლებული ოთხი პირი შეწყალებული იქნა იმის გამო, რომ მათ დანაშაული და კანონდარღვევა აღიარეს. ალეჰ ჰნედჩიკმა, რომელიც იმ ოთხიდან ერთ-ერთია და რომელსაც მკაცრი რეჟიმის საპატიმროში ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დანაშაული არ უღიარებია და არ იცის, რატომ გაუშვეს: „მე დავწერე, რომ მოვლენების მათეულ ვერსიას არ ვიზიარებ. მეორე დღეს დამიბარეს და მითხრეს, რომ კიდევ ერთხელ დამეწერა და პროცესს ფირზე გადაიღებდნენ. მე უარი ვუთხარი. გამაფრთხილეს, რომ თუ არ დავწერდი, ციხეში დავრჩებოდი. ასე მოხდა ეს. მაგრამ ახლა არ ვიცი, რატომ გამომიშვეს. ალბათ, მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ლუკაშენკომ ოპოზიციასთან მოლაპარაკება ისურვა. ეს, ალბათ, მოლაპარაკებისკენ პირველი ნაბიჯი იყო.“

ჰნედჩიკი იმედოვნებს, რომ სხვებსაც მალე გამოუშვებენ საპატიმროდან. ამ ოთხი პირიდან დანარჩენი ორი ახალგაზრდული ფრონტის თავმჯდომარის მოადგილე ალეს კირკევიჩი და მინსკელი აქტივისტი დმიტრი დარონინია. სხვა ცხრა პირი, იმავე ბრალდებით გასამართლებული, ადრე გაათავისუფლეს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG