Accessibility links

logo-print

დასავლეთის დაზვერვის და ლიბიის უშიშროების სამსახურის კავშირის დამადასტურებელ დოკუმენტებს მიაგნეს


გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური უწყება, ასევე ბრიტანეთის უცხოეთის დაზვერვის სამსახური, „ემ-აი 6-ი“, მუამარ კადაფის დაზვერვის უწყებებთან იყვნენ კავშირში ბოლო ხანებში. მასალები უფლებადამცავმა ორგანიზაციამ, „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ მოიპოვა. მათ თანახმად, მიკვლეულია ასევე მუამარ კადაფის დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელ მუსა კუსასთან აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური უწყების და „ემ-აი 6-ის“ მიმოწერის დოკუმენტები. „ჰიუმან რაიტს უოჩის" საგანგებო ვითარებათა დირექტორმა, პიტერ ბუკერტმა განაცხადა, რომ ამ დოკუმენტებით ძალიან აშკარაა, რომ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური უწყებას და ბრიტანეთის უცხოეთის დაზვერვის სამსახურს, „ემ-აი 6-ს“ კეთილი ურთიერთობა ჰქონდათ მუსა კუსასთან. მისი თქმით, წერილებში ხშირად მიმართავენ კუსას ასე : „ძვირფასო მუსა“. და ეს წერილები, თქვა „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენელმა, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერაა გაგზავნილი. მუსა კუსა, ადრევე, ლიბიაში ამბოხების დაწყებისთანავე განუდგა კადაფის რეჟიმს. უფლებადამცავები მას სისასტიკის ფაქტებთან კავშირში ადანაშაულებენ. დოკუმენტები, ცნობით, ტრიპოლიში, ლიბიის უშიშროების უწყების შენობაში ნახეს. ზოგიერთი დოკუმენტი ავლენს, რომ აშშ, უცხოეთის ქვეყნებს გადასცემდა ტერორიზმში ეჭვმიტანილებს დასაკითხად. ასოშეიტედ პრესის ცნობით, დაზვერვის ცენტრალური უწყების წარმომადგენელმა, ჯენიფერ იანგბლადმა არ ისურა კომენტარის გაკეთება ამ დოკუმენტებში გამოთქმული რომელიმე მტკიცების გამო. მან თქვა მხოლოდ, რომ არ უნდა იყოს მოულოდნელი, რომ დაზვერვის ცენტრალური უწყება თანამშრომლობდა უცხო ქვეყნების მთავრობებთან, რათა დაეცვა აშშ ტერორიზმისა და სხვა სასიკვლილო საფრთხისგან.
XS
SM
MD
LG