Accessibility links

logo-print
ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალმა ევროპაში ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა საქართველოს ჯარისკაცების მოქმედებას ავღანეთში მაღალი შეფასება მისცა. მართლაც, ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, ერთ-ერთ სახიფათო უბანზე, თავგანწირვით მოქმედებენ. 25 აგვისტოს, როდესაც ნატოს უმაღლესი რანგის სამხედრო მოხელე საქართველოში იმყოფებოდა, ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა საქართველოს სამხედრო უწყებამ ინფორმაცია ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ კვლავ დიდი დაგვიანებით გაავრცელა, რითაც ძალაუნებურად ჩრდილი მიადგა დაღუპული მეომრის ხსოვნას.

ქართველი სერჟანტი რეზო ბერიძე რიგით მე-10 ქართველი ჯარისკაცია, რომელიც სამხედრო ამოცანის შესრულების დროს დაიღუპა ავღანეთში. ინფორმაცია ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ძუნწია. სამხედრო უწყების ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ უმცროსი სერჟანტი ბერიძე ჰელმანდის პროვინციაში პატრულირებისას, თალიბების თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. თანაც, თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მხოლოდ 31 აგვისტოს, როცა სერჟანტი სამშობლოში უკვე სამი დღის ჩამოსვენებული იყო და ოჯახის წევრები და ნათესავები მას ვანის რაიონის სოფელ ზეინდერში ჩუმად გლოვობდნენ. დამოუკიდებელ ქართულ ტელეკომპანია „მაესტროს“, რომელმაც ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის შესახებ სიუჟეტის გაკეთება გადაწყვიტა, დაღუპულის ჭირისუფალმა უარი უთხრა პანაშვიდის გადაღებაზე, როგორც ერთ-ერთმა ნათესავმა განმარტა, სამხედრო უწყების შესაბამისი რეკომენდაციის შემდეგ.
„სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტრომ მისცა მათ [ნათესავებს] რეკომენდაცია, რომ ამის შესახებ ღიად არ ესაუბრათ. სახის არეში აქვს გამჭოლი ტყვიის ჭრილობები და, სავარაუდოდ, ეს არის სნაიპერის ნასროლი ტყვიით გარდაცვლილი.“
ქართველი ჯარისკაცი უნდა ემსახუროს თავის ქვეყანას, დედიკო...

საქართველოს სამხედრო უწყება უშუალოდ არ უკრძალავს ჟურნალისტებს გადაიღონ ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების დაკრძალვის ცერემონია, მაგრამ ამას დაღუპულის ჭირისუფლები აკეთებენ, ისევ და ისევ სამხედრო უწყების დაჟინებული თხოვნით. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო ძალიან ფრთხილობს, რომ ტელევიზიით გასულ სიუჟეტში არ მოხვდეს ისეთი ხმით ნატირალი, რომელიც საზოგადოებაში გაამძაფრებდა პროტესტს მთავრობის პოლიტიკის მიმართ და მცირე ხნით მაინც ჩააყენებდა ადამიანს დაღუპული ჯარისკაცის მშობლის მდგომარეობაში.

„ქართველი ჯარისკაცი უნდა ემსახუროს თავის ქვეყანას, დედიკო. არა, შვილო, ყველამ დაიცვას თავისი ქვეყანა.“

ასე დასტიროდა კაპრალ გიორგი ავალიანს მისი მშობელი დედა ვანის რაიონის სოფელ ციხესულორში. კაპრალი თებერვალში დაიღუპა ასევე ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში. მას შემდეგ საქართველომ ავღანეთში კიდევ სამი ჯარისკაცი დაკარგა. უმცროსი სერჟანტი რეზო ბერიძე, როგორც ზემოთ ვთქვით, მეათეა. მისი დედაც, ალბათ, ასე დაიტირებდა საკუთარ შვილს და ამაში არაფერია გასაკვირი მაშინაც კი, როდესაც ქართველ ჯარისკაცებს ძალით მართლა არავინ გზავნის ავღანეთში და მათ შეგნებული აქვთ საკუთარი მოვალეობა, „მაღალი მისია“, რომელიც, როგორც ნორბერტ ვინერი ამბობდა, იმთავითვე გულისხმობს სიკვდილს ამ მოვალეობის შესრულებისას. მაგრამ რაოდენ ძნელიც უნდა იყოს, ჯარისკაცის დედის ამ ხმით ნატირალს ყური უნდა დაუგდოს საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომელიც, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ჯარისკაცების ავღანეთში გაგზავნის რთულ გადაწყვეტილებას ღებულობს.

განვიხილეთ ავღანეთის ოპერაცია, მიმდინარე საკითხები. ჩვენი მონაწილეობა, როგორც მოგეხსენებათ, ორმაგდება...
„ჩვენ გვყავდა მსხვერპლი ავღანეთში. ბოლო ჩვენი მებრძოლი ვანში გუშინ დავასაფლავეთ, როგორც იცით, ვინც იქ [ავღანეთში] ბოლოს დაიღუპა. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ შეიარაღებული ძალებისათვის ყველა ასეთი დანაკარგი - და ეს არის დანაკარგი ქვეყნისთვის და შეიარაღებული ძალებისათვის - უნდა იყოს საწინდარი უფრო მეტი გაძლირებისა, უფრო მეტი სულისკვეთების. და, საბოლოოდ, ჩვენ ყველა ერთ საქმეს ვემსახურებით.“

მიხეილ სააკაშვილმა ეს სიტყვები 1 მარტს ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის სასადილოში წარმოთქვა. ხოლო რაკი ავღანეთში საქართველოს 950 კაციანი ქვედანაყოფის ყოფნა მთავარსარდალმა „გაძლიერებისა და უფრო მეტი სულისკვეთების საწინდრად“ მიიჩნია, ივნისის დასაწყისში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ორჯერ გაიზარდოს ქართველი სამხედროების რაოდენობა ავღანეთში. პრეზიდენტის ეს განცხადება საზოგადოებამ თავდაპირველად ნატოს წინაშე თავის მოწონების მცდელობად აღიქვა, თუმცა, მოგვიანებით, როდესაც მინისტრმა ახალაიამ პირადად უპატაკა თბილისის გადაწყვეტილება ბრიუსელს, გაირკვა, რომ საქმე ბევრად უფრო სერიოზულადაა:

„განვიხილეთ ავღანეთის ოპერაცია, მიმდინარე საკითხები. ჩვენი მონაწილეობა, როგორც მოგეხსენებათ, ორმაგდება [ავღანეთში]. ამავე დროს ტრენერები არიან წარგზავნილი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ISAF-ის ოპერაციაში.“

საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად, პარლამენტთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე. თუმცა ასეთი კონსულტაციები დიდი საკითხების გადაწყვეტისას წყლის ნაყვას წარმოადგენს „მტკიცე ხელისა“ და ერთპიროვნული მართვის სტილით ცნობილი საქართველოს პრეზიდენტისათვის.

მაგრამ ეს, ალბათ, ის შემთხვევაა, როდესაც სამხედრო კონტინგენტის გაორმაგება ავღანეთში აღემატება საქართველოს ხელისუფლების სურვილს და შესაძლებლობას. საიდუმლო არაა, რომ ქართულ კონტინგენტს ავღანეთისათვის წვრთნის და აიარაღებს ვაშინგტონი, რომელიც უზრუნველყოფს ქართული კონტინგენტის ტრანსპორტისა და ავღანეთში მათი შენახვის ხარჯებს. შესაბამისად, ავღანეთში დამატებითი ქართული სამხედრო ქვედანაყოფის გაგზავნის ბედი ახლა ვაშინგტონსა და ბრიუსელში წყდება, სადაც არა საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების გაზრდაზე, არამედ მათ თანმიმდევრულ შემცირებასა და გამოყვანაზე ფიქრობენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG