Accessibility links

logo-print
მიხეილ ჯავახიშვილის “უბის წიგნაკები” პირველად 2005 წელს გამოვიდა. მაშინ წიგნი “მერანში” დაიბეჭდა და იგი გამოსაცემად მწერლის შვილთაშვილმა, მარინე შიშნიაშვილმა და ცისანა გენძეხაძემ მოამზადეს. ეს, ახალი გამოცემაც იმავე გამოცემას იმეორებს, ოღონდ ჩანაწერების მიმდევრობა ალაგ-ალაგ გადაადგილებულია და თემატურადაც უკეთაა დალაგებული ფრაგმენტები.

წიგნი შესანიშნავად იკითხება და ეს არამხოლოდ ჟანრის გამოა - მოგეხსენებათ, ყველაზე ზარმაცი მკითხველიც კი სიამოვნებით და ინტერესით კითხულობს ასეთი ფრაგმენტებისგან, ლიტერატურული ანეკდოტებისა თუ დაკვირვებებისგან შემდგარ წიგნებს – ამას ისიც ერთვის თან, რომ ჩანაწერები ეკუთვნის ყველაზე გამორჩეულ ქართველ პროზაიკოსს, გამორჩეულს ნიჭიერებით, შრომისუნარიანობით, დაკვირვებულობით, სიღრმით. თანაც, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ქართველ მკითხველს ქართველი კლასიკოსები მაინცდამაინც არ ანებივრებდნენ დღიურებით და ჩანაწერებით, წიგნი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს.

საქართველოში ყოველთვის ასე იყო. ამის შესახებ თავად მიხეილ ჯავახიშვილიც წერდა და იმასვე შეეხო ჩემთან საუბარში ჩემი სტუმარი, ლიტერატურათმცოდნე ქეთო ნინიძეც:

საერთოდ, ასეთი ტიპის გამოცემები ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ, უპირველეს ყოვლისა, წარმოდგენა გვექმნება მწერლის ჩანაფიქრის შესახებ და იმდენად, რამდენადაც მიხეილ ჯავახიშვილი სწორედ ის ეპოქაა, როდესაც ავტორი ძალიან მნიშვნელოვანია...
“ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, რაც მგონია, რომ უნდა იყოს სიმპტომატური და დღესდღეობით ძალიან აქტუალური გარკვეული მიზეზების გამო. წინასიტყვაობაშიც არის აღნიშნული და თვითონ წერდა ამაზე მიხეილ ჯავახიშვილი, რომ სასაცილოდ არ ჰყოფნითო ქართველ მწერლებს, როდესაც მე ჩანაწერებს ვაკეთებო. თვითონ ერთ-ერთ წერილშიც აღნიშნავს, რომ თითოეული საათი, ფურცლების რაოდენობა, ყველაფერი დათვლილი ჰქონდა. მაშინ ეს საკმაოდ უცნაური მოვლენა იყო. ახლა, მაგალითად, აკა მორჩილაძე აღნიშნავს ხოლმე, რომ დღეში ამდენ ფურცელს ვწერ და ა.შ. თანამედროვე მწერლისთვის ეს უფრო ჩვეულებრივი ფაქტია, მაგრამ მაშინ სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ ეს მწერლებს. მოგეხსენებათ, ქართველებს მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს... და ჯავახიშვილი ასეთ შედარებას აკეთებს: ეს იმას მაგონებს, ბუშმენები რომ შესცქერიან, ევროპელი კბილებს როგორ იხეხავსო. ეს, მგონი, დღესაც სიმპტომატურია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მწერლებისგან მოვისმენთ, რომ მთავარი მწერლებისთვის შთაგონებაა და არა შრომა. ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი. მთავარი არის მწერლისთვის შრომა, პროზაიკოსისთვისაც და პოეტისთვისაც - განსაკუთრებით, თუკი გალაკტიონის გამოცდილებას გავითვალისწინებთ.“

სწორედ ასეთი შრომის შედეგია მიხეილ ჯავახიშვილის მთლიანი შემოქმედება და ეს “უბის წიგნაკები” მეტ-ნაკლებად სრულ წარმოდგენას გვიქმნის მწერლის მუშაობის სტილზე, დაგეგმვის ხერხებზე, გვაჩვენებს როგორ წყვეტდა იგი ამა თუ იმ შემოქმედებით პრობლემას:

“საერთოდ, ასეთი ტიპის გამოცემები ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ, უპირველეს ყოვლისა, წარმოდგენა გვექმნება მწერლის ჩანაფიქრის შესახებ და იმდენად, რამდენადაც მიხეილ ჯავახიშვილი სწორედ ის ეპოქაა, როდესაც ავტორი ძალიან მნიშვნელოვანია (შემდეგ ეს ავტორის ხმა აღარ არის მკითხველისთვის და კრიტიკოსისთვის იმდენად მნიშვნელოვანი...). მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ თავის თავს ნეორეალისტად თვლიდა მიხეილ ჯავახიშვილი, ამ რეალიზმის ტრადიციებიდან გამომდინარე, ავტორის ხმა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენად, როგორც კრიტიკოსისთვის, მკითხველისთვის საინტერესოა ეს გამოცემა, იმიტომ რომ ფეხდაფეხ მიჰყვება თითოეული ნაწარმოების შექმნის პროცესს და ძალიან დეტალურ ინფორმაციას გვაძლევს, როგორც იტყვიან, სამზარეულოში ჩაგვახედებს.”

Write Your Quote Here ...

მიხეილ ჯავახიშვილის ჩანაწერები სავსეა ძალზე ღრმა, მახვილგონივრული თუ მოულოდნელი დაკვირვებებით. ყველაზე ზუსტი იგი მაშინაა, როდესაც საქართველოზე ან ქართველებზე წერს. მაგალითად, ერთგან იგი ამბობს, რომ “ქართველს რელიგიური ძიება არა აქვს, რადგან შინაგანი თავისუფლებაც არა აქვს”. ხშირად საუბრობს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებზე. მაგალითად, ამას წინათ დავით გურამიშვილის გადაკითხვა მომიწია მთელი მისი აღმა ხვნითა და დაღმა ფარცხვით და მიხეილ ჯავახიშვილის ეს სიტყვები განსაკუთრებით ზუსტი მეჩვენა: “ქართლელს დაუჩლუნგდა უკეთესის სურვილი, ამიტომ სასიცოცხლო ხალისიც ჩაუნელდა. მას შეუძლიან, მაგრამ აღარა სურს, იმერელს კი სურს, მაგრამ ცოტა შეუძლიან.” ანდა ეს: “ჩვენ, ქართველებს (უფრო კი იმერლებს), ბუნებრივი ენერგია არა გვაქვს. მის ნაცვლად ძალას ნერვიულ ფორიაქში ვეძებთ. შედეგი საშინელია: მალე ვილევით. არ გვყოფნის მიმდევრობა, მუდმივი შრომა, მხნეობა, ჟინიანობა.”

შესანიშნავია ქართველისა და რუსის ჩხუბის ამბავი, რომელიც მწერალმა თავის შედარებით გვიანდელ, 1935 წლის ბლოკნოტებში ჩაინიშნა. იგი აღწერს რუსისა და ქართველის ჩხუბის ამბავს. ჩხუბში რუსმა ქართველი გალახა, მაგრამ ქართველი მოსამართლეს თავგამოდებით უმტკიცებდა, მე გავლახეო. არადა, თვითონ იყო თავპირდასისხლიანებული. რუსიც ერთგვარად მხარს უბამდა ქართველს, ნეკნები ჩამიმტვრია, ფილტვები დამიხეთქა, ვეღარა ვსუნთქავო. დასაჯეთ, თორემ მოუკლავს არ გამიშვებსო. ქართველი ამაყად იფერებდა ამას, ასე ამბობდა - კინაღამ შემომაკვდა და არც მომავალში დავინდობო. მოკლედ, შენ ყოფილხარ დასასჯელიო, უთქვამს მოსამართლეს და ქართველისთვის დიდი ჯარიმა გადაუხდევინებიათ. სამაგიეროდ, ოქმში ჩაუწერიათ, რომ რუსს სცემა. ქართველი დადიოდა თურმე და ყველგან იკვეხნიდა “გამარჯვებას”. ამ იგავს მიხეილ ჯავახიშვილი ასე ამთავრებს: “აი, სხვაობა რუსსა და ქართველს შორისო”. იმავე თემას შეეხება მწერლის კიდევ ერთი ჩანაწერი: “რუსი ამ სოფლის რაობის გასაგებად მუდამ თავს იმტვრევს და ის კი არ იცის, როგორ იცხოვროს იქ. ჩვენ კი ვიცით, როგორ ვიცხოვროთ, ხოლო რაობა მისი სულ არ გვაწუხებს.”

ზოგიერთმა ეს წიგნი აფორიზმების კრებულადაც კი შეიძლება მიიღოს, რადგან ბევრი ჭკვიანური აზრი და დაკვირვებაა იქ. სხვებისთვის ეს იქნება შანსი საყვარელი მწერლის სამზარეულოში ჩაიხედოს, ბევრისთვის კი, მაგალითად, მათთვის, ვინც თავადაც წერს, ჩანაწერები შესაძლოა შთაგონების წყაროდაც იქცეს.
აქ ბევრი ისეთი ხერხი თუ დეტალია აღწერილი, რომელიც თანამედროვე მწერლობაშიც კარგად დამუშავდებოდა. მაგალითად, ჯავახიშვილი ყოველთვის ძალზე საინტერესოდ წერს თხრობის ხერხების შესახებ. აი, ერთი მაგალითი. იგი აღწერს შემდეგ სიტუაციას: გმირი ავტორს/მთხრობელს უამბობს თავის ამბავს, თხრობისას გმირს ჩაეძინება, ამბის მეორე ნახევარს კი თავად ავტორი/მთხრობელი წერს. როდესაც წერას დაასრულებს, გმირიც იღვიძებს. ავტორი წაუკითხავს თავის მიმატებულს, ხოლო გმირს მოეწონება ეს ½ მართალი და ½ გამონაგონი.

საინტერესოა ამ ხელნაწერების გადარჩენის ამბავი. 1937 წლის აგვისტოში, მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრების შემდეგ, მის სახლში ჩხრეკების სერია დაიწყო და იატაკზე მიმოფანტული ფურცლები თურმე ფეხებში ებლანდებოდათ ჩეკისტებს. მწერლის ქალიშვილს, ქეთევანს, უთხოვია ჩეკისტებისთვის: ამ ხელნაწერებს მოგაშორებთ, სააბაზანოში გავიტან, ისედაც ხელს გიშლით და მოძრაობა უფრო გაგიიოლდებათო. ჩეკისტები დათანხმებულან და ასე გადარჩა ჩანაწერები, სადაც მათზე, ასეთ ჩეკისტებზეც არაერთი საინტერესო აზრი და დაკვირვებაა ჩანიშნული. აი, ერთ-ერთი:
“ღმერთმა შვიდ დღეში შექმნა სამყარო, კომუნისტების რწმენით კი, ერთ დღეში შეიქმნა – 25 ოქტომბერს.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG