Accessibility links

logo-print
პოლიტიკურმა პარტიამ ”თავისუფალი დემოკრატები” დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართა სპეციალური თხოვნით, აცნობოს, რა ინდივიდუალური ზომების მიღებას აპირებს ევროსასამართლოს საქმეზე ”ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ.” ”თავისუფალი დემოკრატების” ინტერესის მთავარი საგანია, აპირებს თუ არა სამინისტრო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარებას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე განაჩენი მიმდინარე წლის 26 აპრილს გამოიტანა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გირგვლიანის ოჯახის სარჩელი და აღნიშნა, რომ მკვლელობის საქმის გამოძიებას აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა. სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დააკისრა. როგორც ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება თვე-ნახევრის წინ, 26 ივლისს, შევიდა ძალაში, მაგრამ დაზარალებულ მხარეს არ მიუღია არანაირი შეტყობინება, როგორ, რა სახით ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას:

”ვნახოთ, დაველოდებით იუსტიციის სამინისტროდან პასუხს. თუ მათი პასუხი იქნება უარყოფითი და ისინი არ გადაწყვეტენ გამოძიების დაწყებას და შემოიფარგლებიან მხოლოდ 50 000 ევროს გადახდით გურამ გირგვლიანისათვის, მორალური კომპენსაციის სახით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივმართავთ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, რათა მან გამოიყენოს საკუთარი ბერკეტები და აიძულოს მთავრობა, მოახდინოს აღსრულება, ანუ ამ საქმის ხელახალი გამოძიება და შემდგომი სასამართლო განხილვები.”

მინისტრთა კომიტეტი სანქციებს არ იღებს. ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი. ეს გადაწყვეტილება ირიცხება აღუსრულებელ გადაწყვეტილებათა სიაში მინისტრთა კომიტეტში და ყოველ ჯერზე, ყოველ მოსმენაზე, განხილვების დროს ხელახლა სთხოვს პასუხს სახელმწიფოს...
შალვა შავგულიძე გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს მთავრობა, სახელმწიფოს ავტორიტეტზე ზრუნვის ინტერესებიდან გამომდინარე, გონივრულად მოკლე ვადაში მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ენუქიძე-გირგვლიანის საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში დადგენილი დარღვევების შედეგების აღმოფხვრა. თუმცა, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ლევან მესხორაძემ ამ ცოტა ხნის წინ განუმარტა რადიო თავისუფლებას, სახელმწიფო სწორედ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების მოლოდინშია:

”მინისტრთა კომიტეტი, საქმის განხილვის შედეგად, მიიღებს გადაწყვეტილებას, მიუთითებს სახელმწიფოს, თუ რა ღონისძიებები უნდა იქნეს გატარებული. სახელმწიფო გაატარებს იმ ღონისძიებებს, რაც მას ევალება საქმის აღსრულების ფარგლებში.”

წამმზომი არის ჩართული დღეიდან. სამართალს ვითხოვთ ჩვენ, სამართალს ითხოვს საზოგადოება, რომელიც თავის სიტყვას მომავალ დღეებში იტყვის...
ლევან მესხორაძის ამ განმარტებას წინ უძღოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინა ბურჯალიანის განცხადება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო საქმის ხელახალ გამოძიებას არ აპირებს, დაზარალებულს კი მორალურ კომპენსაციას გადაუხდის. იუსტიციის სამინისტროს განცხადების თანახმად, სახელმწიფო ევროპული სასამართლოს მიერ განმცხადებლისთვის მიკუთვნებული თანხის გადახდას განჩინებით განსაზღვრული 3 თვის ვადაში, 2011 წლის 26 ოქტომბრამდე, უზრუნველყოფს.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ არ არის მითითებული საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ხელახალი გამოძიება დაიწყოს. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრი, სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი ნათია კაციტაძე ამბობს, ასეთი ვალდებულების დაკისრება სახელმწიფოსთვის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეროგატივაა:

”მინისტრთა კომიტეტი სანქციებს არ იღებს. ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი. ეს გადაწყვეტილება ირიცხება აღუსრულებელ გადაწყვეტილებათა სიაში მინისტრთა კომიტეტში და ყოველ ჯერზე, ყოველ მოსმენაზე, განხილვების დროს ხელახლა სთხოვს პასუხს სახელმწიფოს. თუმცა ვფიქრობ, რომ გირგვლიანის საქმეში იმდენად კონკრეტულ ხარვეზებზე იყო მითითება, რომ რეალისტურია იმ ფაქტების ხელახალი გამოძიება მაინც მოხდეს.“

ნათია კაციტაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად აქვს აზრი საქმის ხელახალ გამოძიებას. მისივე თანახმად, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე საქართველოში საქმის ხელახალი გამოძიების ერთი პრეცედენტი არსებობს - ცინცაბაძის საქმეზე. იმაში, რომ გირგვლიანის საქმე ასევე გახდება ხელახალი გამოძიების საგანი, თითქმის არ ეპარება ეჭვი ”თავისუფალ დემოკრატ” თეა წულუკიანს:

”წამმზომი არის ჩართული დღეიდან. სამართალს ვითხოვთ ჩვენ, სამართალს ითხოვს საზოგადოება, რომელიც თავის სიტყვას მომავალ დღეებში იტყვის, და სამართალს ითხოვს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტიც, რომელმაც ღონღაძის საქმეზე უკრაინის ხელისუფლება აიძულა მაღალჩინოსნები საპატიმროში გაემწესებინა.“

თეა წულუკიანი გირგვლიანის საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყებას ოთხი კონკრეტული მიმართულებით მოითხოვს. ამ მიმართულებებშია სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა პირველი და სააპელაციო ინსტანციების იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებმაც საქმეს შეგნებულად არასწორი მიმართულება მისცეს. სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს მოკლეს, მისი მკვლელობა და მკვლელობის გამოძიების საქმე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პოლიტიკურ საკითხად იქცა.
XS
SM
MD
LG