Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 6 სექტემბერი, 2011


პირველ გვერდებზე კალათბურთის თემას დღეს გამოსული არაერთი გაზეთი აშუქებს. “24 საათი” – “რისთვის ჩავდივართ ვილნიუსში?”. ავტორი წერს: “ნაკრები, სადაც ზაზა ფაჩულია, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე და კიდევ რამდენიმე ნორმალური პერსონაა, ბულგარეთის გაცვეთილ გუნდთან ბოლო ხუთ წუთს უინიციატივოდ, უგულოდ არ უნდა კლავდეს. ვილნიუსში მიგვაქვს ბეზეს ტორტი, რომელიც არ უნდა გაიჭრას. შიგნით სიცარიელეა. დესერტი უდესერტო გამოვიდა. ბულგარეთმა მთელი მენიუ შეგვაცვლევინა.” – “24 საათის” ავტორი სტატიას ასე ასრულებს: “ვილნიუსში უკრაინამ ჩაგვიყვანა. მადლობა უკრაინას.”
საქართველო-ბულგარეთის თამაშზე “საქართველოს რესპუბლიკის” პირველ გვერდზეც წაიკითხავთ. ავტორი საქართველოს გუნდის მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს დაბალკვალიფიციურსა და ჯიუტს უწოდებს ტრავმირებული ცენტრალური თავდამსხმელის არაშესაფერი მოთამაშით შეცვლის გამო. ამავე გაზეთის ავტორის აზრით, ყველაფრის ფაჩულიას ტრავმისთვის დაბრალება დილეტანტობაა.

რაც შეეხება პოლიტიკას, “საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება სტატია, სათაურით “სააკაშვილის რეჟიმის საზრდო”. ვრცელ სტატიაში ავტორი წერს, რომ საქართველოში “პატრიმონიალური სისტემის შემდგომი ტრანსფორმაცია არსებული რეჟიმის პირობებში დემოკრატიისაკენ ან პირიქით - ტოტალიტარიზმისკენ ნაკლებად სავარაუდოა” და “მმართველი კლასი” არსებული სისტემის გამყარებისთვის გამოიყენებს მომავალ არჩევნებს.

“ახალი თაობა” წერს: “სკანდალურად ცნობილი პორტალი “ვიკილიქსი” საქართველოსთან დაკავშირებით საინტერესო მასალებს აქვეყნებს. ამ მასალებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში აშშ-ის მოქმედი და ყოფილი ელჩები ოპოზიციას აშკარად ცუდი თვალით უყურებენ.”

“ახალ თაობაშივე” კახა კუკავასთან ინტერვიუს წაიკითხავთ. ჟურნალისტი მას აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებზე უსვამს შეკითხვებს. კუკავა ამბობს: “ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაღიარებთ აფხაზეთს ქვეყნად. არ შეიძლება იყოს ქვეყანა, მაგრამ მათი გაგებით ხომ არის ქვეყანა, ხომ შექმნეს დემოკრატიული სისტემა? მათაც ხომ გამოიარეს ომი, სამხედრო ფორმირებების თარეში, ოკუპაცია და ყველაფერი, მაგრამ ხომ შექმნეს დემოკრატიული სისტემა და გამოვიდნენ შექმნილი ვითარებიდან?”

“რეზონანსი” წერს, რომ “საქართველოში ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვი ელვის სისწრაფით იზრდება. ბოლო ორი კვირის მონაცემების შედარებისას აღმოჩნდა, რომ მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა 1000-ზე მეტი ერთეულით გაიზარდა”, - წერს “რეზონანსის” ავტორი, რომლისთვისაც ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძეს უთქვამს: “საერთოდ, როდესაც მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება და გადახდისუუნარო ადამიანების რაოდენობაც მატულობს.”

“რეზონანსი” წერს იმის შესახებაც, რომ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტი იქნება. გაზეთის ინფორმაციით, პროექტი ჯერ კიდევ არ არსებობს.

“ალიას” კორესპონდენტი კი ტელეკომპანიების - “პირველი კავკასიურისა” და “რეგიონ ტივის” გაერთიანების პერსპექტივის დეტალების გარკვევას შეეცადა. მისთვის ერთ ინკოგნიტოდ დარჩენის მსურველ რესპონდენტს, რომელიც დღეს “პირველი კავკასიურის” თანამშრომელია, უთქვამს: “კი, ერთიანდება ეს ორი ტელევიზია, მიზეზი გაურკვეველია, თუმცა ჩუმად ამბობენ, რომ ჩვენთან - “პერვი კავკაზსკიზე”, ანუ “პიკში” თანხები შეიჭამა და ტელევიზია, რომელიც სამჯერ გაიხსნა და რაზეც სააკაშვილი და მთელი მთავრობა ამხელა იმედებს ამყარებდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ყველაზე მაგარი ტელევიზია მთელ კავკასიაში, ვითომ რუსული არხებისა და რუსეთის პოლიტიკის დამანგრეველი, დღეს ამ ტელევიზიას რეიტინგი აქვს ნული.”

“ალიაშივე” წაიკითხავთ, რომ თავდაცვის მინისტრი - ბაჩო ახალაია “ჯარის გასაპიარებლად ამზადებს “იმედზე” რეალითი შოუს” “ცნობილი სახეების” გამოყენებით.
XS
SM
MD
LG