Accessibility links

logo-print

სერგეი დოვლატოვის შეწყვეტილი სიცოცხლე


სერგეი დოვლატოვი. ნიუ-იორკი, 1989 წელი

სერგეი დოვლატოვი. ნიუ-იორკი, 1989 წელი

სერგეი დოვლატოვი გულის შეტევით გარდაიცვალა 1990 წლის აგვისტოში. დიდი მწერალი, რომელიც ტოტალიტარულმა სისტემამ დისიდენტი გახადა, საბჭოთა კავშირის დაშლას ვერ მოესწრო, შესაბამისად - ვერც ასეთ აღიარებას. რუსეთში დღეს სერგეი დოვლატოვის ფონდიც არსებობს, მწერლის პრემიასაც გასცემენ და დოვლატოვის დღეებსაც ატარებენ. 3 სექტემბერს სერგეი დოვლატოვის დაბადების 70 წლისთავი აღნიშნეს.

სერგეი დოვლატოვი, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მას რუსული ჰიპ-ჰოპის სიმღერებში ახსენებდნენ. პოპულარული რუსული ანსამბლი ”მრავალწერტილი” დოვლატოვს სხვა სიმღერებშიც მოიხსენიებს - ანსამბლის წევრებისთვის იგი თავისუფალი მწერლის ერთგვარი იდეალია.

დოვლატოვი ვერ წარმოიდგენდა, თუმცა არ იუკადრისებდა. მისი მეგობრები ამბობენ, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე უპრეტენზიო, ყველაზე თავმდაბალი მწერალი იყო მეოცე სუკუნის რუსული ლიტერატურის ისტორიაში. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გაიაზრა და აღიარა: არა, მწერალი არ არის ”სულის ინჟინერი”; ყოველ შემთხვევაში, მან არ უნდა იგრძნოს ასე თავი და არ უნდა ჰქონდეს მესიის თუ ხალხის აღმზრდელის პრეტენზია. მოგვიანებით ჟურნალისტი პიეტრ ვაილი სერგეი დოვლატოვის შესახებ იტყვის: ის ლიტერატურასაც აღიქვამდა არა როგორც მაღალ სულიერ მოწოდებას (თუმცა ესეც იყო, რა თქმა უნდა), არამედ როგორც პროფესიულ მოღვაწეობას. ამიტომაც წავიდა საბჭოთა კავშირიდან. მას უნდოდა ყოფილიყო არა უბრალოდ მწერალი, რომელსაც იცნობენ მეგობართა წრეში, არამედ როგორც პროფესიონალი მწერალი.

ვაილი და დოვლატოვი არა მარტო ემიგრაციამ, არამედ სამსახურმა გააერთიანა. დოვლატოვი ამზადებდა საავტორო გადაცემას რადიო თავისუფლებაზე, რომლის რუსულ რედაქციას პიეტრ ვაილი ხელმძღვანელობდა. მანამდე კი, 1978 წელს, მას შემდეგ, რაც ემიგრაციაში გაემგზავრა, ნიუ-იორკში ვაილთან ერთად გამოსცა გაზეთი ”ახალი ამერიკელი”. იგი ისეთივე წარმატებული ჟურნალისტი გახდა, როგორიც მწერალი იყო. თუმცა ჟურნალისტის გამოცდილება უკვე ჰქონდა - ბოლოს და ბოლოს, ლენინგრადის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა და ჟურნალისტობაზე უარი მაშინაც არ უთქვამს, როცა თავის თავს მწერლად მიიჩნევდა (მწერლად, რომელიც თავისი ნაწარმოებების გამოქვეყნებას ვერ ახერხებდა, მაგრამ მის შემოქმედებას „სამიზდატის“ საშუალებით არაერთი მკითხველი გაეცნო) - 1972-75 წლებში იგი ტალინში ცხოვრობდა და გაზეთ ”სოვეტსკაია ესტონიას” კორესპონდენტი იყო. პარალელურად, წერდა ბევრს, თუმცა მოგვიანებით იტყვის, რომ სერიოზული მწერალი მხოლოდ მაშინ გახდა, როცა საბჭოთა კავშირიდან გაემგზავრა:

„ფოლკნერი, ჰემინგუეი ძალიან კარგი მწერლები იყვნენ, მაგრამ ამ ქვეყანაში არავის მოსვლია აზრად ეკითხა ფოლკნერისთვის სავაჭრო ემბარგოს შესახებ, საარჩევნო სისტემის დახვეწის შესახებ... მე, რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი გამოვხატო ჩემი აზრი ამა თუ იმ პოლიტიკურ სისტემაზე. მაგალითად, მე მგონია, რომ საუკეთესო სისტემა, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს გამოხატოს თავისი თავი, არის ის, რომელშიც ახლა ვიმყოფები.”

დოვლატოვის საუკეთესო წიგნები ამერიკაშია დაწერილი. თუმცა ხშირად ამბობენ, რომ სტროფებს შორის აზრის დაბადების უნარი მას საბჭოთა კავშირში ცხოვრების დროს გამოუმუშავდა... ალბათ, არა იმდენად სტროფებს შორის, რამდენადაც დროში... დოვლატოვის განუმეორებელი იუმორი სწორედ დროში იბადება - არა ფრაზაში, არა იმდენად კონკრეტულ დიალოგში, რამდენადაც ეპიზოდში, სიტუაციაში. ის შემთხვევააა, როცა უბრალო ანეგდოტი მხატვრულ ღირებულებას იძენს. ეს იუმორი, შეიძლება ითქვას, ”პოლიტიკური” იყო. ამიტომაც ვერ ბეჭდავდა ვერაფერს საბჭოთა ეპოქაში. 1976 წელს რამდენიმე მოთხრობის დასავლურ ჟურნალებში დაბეჭდვისთვის მას საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა ჩამოართვეს. საბჭოთა ყოფის ტრაგიკომიკური სურათები დოვლატოვმა თავის წიგნში, ”ჩემოდანში”, გამოხატა - ნაწარმოებში, რომელიც 2 წლის წინ ირაკლი ჯავახაძემ თარგმნა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. დოვლატოვის თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ ამერიკაში დაწერილ წიგნებში მწერალმა არა მარტო საბჭოთა სისტემის კრიტიკა შეძლო - იგი განთავისუფლდა ”საბჭოთა წერის მანერისგან”, სოცრეალიზმის გადმონაშთებისგან, რაც, პირველ რიგში, ლიტერატურის მკვეთრ იდეოლოგიზაციაში, ერთგვარ ”სოციოლოგიურ პათოსში” გამოიხატება. ამის შესახებ დოვლატოვი თავადაც საუბრობდა:

”ახალგაზრდობაში, ლენინგრადის უნივერსიტეტში სწავლისას, ძალიან გაგვიტაცა ამერიკულმა ლიტერატურამ, რომლის უპირატესობაა სიზუსტე, ლაკონიურობა, იუმორი, ყოველდღიური ცხოვრების გამომხატველობა... ტურგენევის კითხვისას ვერასდროს გაიგებ, შეძლებს თუ არა ტურგენევის გმირი ტბის გადაცურვას... ამერიკულ ლიტერატურაში კი, ასე თუ ისე, ყოველთვის გასაგები იყო, რისი უნარი აქვს ადამიანს.”

იდეოლოგიისა და მორალიზმისგან განთავისუფლება თითქოს დაეხმარა სტილის დახვეწაში - დოვლატოვმა მოახერხა პროზა, შეიძლება ითქვას, ”ყოფითი პროზა” გაერითმა. ანდა, როგორც მოგვიანებით მისი მეგობარი იოსიფ ბროდსკი იტყვის, მიეღწია იმისთვის, რომ პროზა ”სიმღერად” ექცია. ამას დაუმატეთ ადამიანის მიმართ დამოკიდებულებაც - არანაირი განსაკუთრებულობა, ნაძალადევი ინდივიდუალიზმი.

დოვლატოვის გმირები ჩვეულებრივი, ძალიან უბრალო ადამიანები არიან. ამერიკაში ასეთი ლიტერატურა ძალიან ფასობს და იოსიფ ბროდსკი სწორედ ამით ხსნის (ამით და უბრალო ენით, რომელიც ადვილად ითარგმნება) დოვლატოვის წიგნების წარმატებას შეერთებულ შტატებში. ამ ლიტერატურაში ”საბჭოთა” მართლაც არაფერი დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის ბოლომდე რუსულად წერდა, იმის მიუხედავად, რომ რუსულ ემიგრაციასთან კონტაქტი არასდროს გაუწყვეტია, 80-იანი წლების სერგეი დოვლატოვს საბჭოთა მწერალს ვერ უწოდებ, უფრო მეტიც, შეიძლება ”რუსი-საბჭოთა მწერალიც” ვერ უწოდო. თავადაც ამბობდა, რომ ყველაფერს აკეთებდა, რათა რეჟიმთან კავშირი გაეწყვიტა:

„სულ ახალგაზრდა ვიყავი, პირველი ლიტერატურული ცდები დავიწყე, როცა საშუალება მომეცა ჩემი მოთხრობები წამეკითხა მწერალთა კავშირში. ძალიან აღელვებული ვიყავი და ჰალსტუხი გავიკეთე. კარგად მახსოვს, რადგან ჰალსტუხი სულ შვიდჯერ გავიკეთე ალბათ ცხოვრებაში. ერთმა კარგმა კაცმა მითხრა მაშინ, მოიხსენი ახლავე ეგ საბჭოთა ჰალსტუხიო. მოვიხსენი და ჯიბეში ჩავიდე. მას მერე, ვერ დავამტკიცებ, რომ ყველაფერ საბჭოთას შეველიე, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ აქ ცხოვრების თერთმეტ-ნახევარი წლის მანძილზე ის მოვახერხე, რომ ახლა არც ერთი საბჭოთა ნივთი არა მაქვს.”

1990 წლის 24 აგვისტოს სერგეი დოვლატოვი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა ნიუ-იორკში. სამშობლოში აღიარებას იგი ვეღარ მოესწრო.
XS
SM
MD
LG