Accessibility links

logo-print

კოკოითის ორი ფავორიტი


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ცხინვალში საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და კატეგორიულად განაცხადა, რომ ხელისუფლებაში კონსტიტუციის გვერდის ავლით არავის მიუშვებს. ეს შეხვედრა დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა. კადრებიდან გამომდინარე, კოკოითი აშკარად გაღიზიანებული ჩანდა და ოპოზიციის მიმართ სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდა. მართალია, მას კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, მაგრამ დარბაზში ყველა მიხვდა, რომ იგი ჯამბოლათ თედეევის მისამართით ლაპარაკობდა. თედეევი ერთი კვირის წინ ცხინვალში იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა, ამ შეხვედრებს კი ცოტა ადამიანი ნამდვილად არ ესწრებოდა. გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც „სახალხო ფრონტის“ სახელითაა ცნობილი, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტს მოუწოდებს არჩევნებამდე კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს და გაუქმდეს მუხლი დე ფაქტო რესპუბლიკაში 10 წლიანი ცხოვრების შესახებ. ამჟამინდელი კანონმდებლობით, თუ პირი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ზედიზედ 10 წლის განმავლობაში ნაცხოვრები არ არის, იგი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს მუხლი ადამიანის უფლებების შემლახველია და მის გაუქმებას მოითხოვს, თუმცა ამის საპასუხოდ კოკოითი აცხადებს, რომ კონსტიტუციის შეცვლას არ აპირებს და ხელისუფლებაში, მისი თქმით, არც ფულის ტომრებს და არც დამნაშავე ელემენტებს არ მიუშვებს.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს დე ფაქტო რესპუბლიკაში ზედიზედ 10 წლიანი ცხოვრების ცენზი არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, იგი ერთგვარ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს და ამომრჩევლებს ხვდება, ეს კი დე ფაქტო ლიდერის გაღიზიანებას იწვევს. საზოგადოებასთან შეხვედრისას კოკოითიმ ერთბაშად ორი მემკვიდრე დაასახელა. მისი განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში იგი ორ კანდიდატს დაუჭერს მხარს. ამჟამინდელი გენერალური პროკურორის თეიმურაზ ხუგაევის შესახებ უკვე ცნობილი იყო, ახლა კი კოკოითიმ მხარდაჭერა დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრს ანატოლი ბიბილოვს გამოუცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია მის ერთადერთ საარჩევნო ხმის უფლებას ორად როგორ გაყოფს. კოკოითის გეგმები კრემლმა შეცვალა. ცოტა ხნის წინ ბიბილოვის მხარდასაჭერად ცხინვალში რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების მინისტრი სერგეი შოიგუ საჩუქრებით ჩავიდა და, აქედან გამომდინარე, კოკოითისაც უკვე ორი მემკვიდრე გაუჩნდა. მან ანატოლი ბიბილოვი საზოგადოებას უკვე წარუდგინა.

კოკოითის ორი ფავორიტი ჰყავს. როგორც ოსური მედია იუწყება, არ არის გამორიცხული, რომ მან მესამე ფავორიტიც დაასახელოს. კოკოითის მემკვიდრეების შეფასებისას „სახალხო ფრონტის“ ერთ-ერთი ლიდერი, ახსარ კოჩიევი, აცხადებს, რომ ბიბილოვს უფრო სუფთა წარსული აქვს, ვიდრე ხუგაევს, მაგრამ სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად კოჩიევი მთავარ მოთხოვნად კოკოითის გადადგომას მიიჩნევს.

გაერთიანებული ოპოზიცია კანდიდატის დასახელებას არ ჩქარობს და კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მოითხოვს. თუ არჩევნებში ორი სახელისუფლებო კანდიდატი დარჩება, ისინი ადმინისტრაციულ ხმებს ერთმანეთს გაუყოფენ და ამ შემთხვევაში ოპოზიციას მეტი შანსი ეძლევა. ექსპერტების შეფასებით, კრემლმა კოკოითი არჩევანის წინაშე დააყენა. ვისკენ უნდა მიმართოს მან ადმინისტრაციული რესური? მის მთავარ ფავორიტად მაინც თეიმურაზ ხუგაევი რჩება, - ისინი ნათესავები არიან, - კრემლს კი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად ანატოლი ბიბილოვი უნდა. ახლა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს კრემლის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წავიდეს თუ მათი თამაში ითამაშოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG