Accessibility links

logo-print

ანტიკადაფის ძალები ბანი ვალიდის შტურმისათვის ემზადებიან


მას შემდეგ, რაც ლიბიის გარდამავალმა ეროვნულმა საბჭომ ვერ დაითანხმა მუამარ კადაფის მომხრეები დაეტოვებინათ მათი ბოლო გამაგრებული პუნქტი, საბჭოს განკარგულებაში მყოფი შეიარაღებული ძალები ქალაქ ბანი ვალიდის შტურმის სამზადისს შეუდგნენ. ამ ქალაქს აკონტროლებს ლიბიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ვარფალას კლანი და ასევე კადაფის მომხრე ბევრი მებრძოლი, რომლებიც ჯერ კიდევ ქალაქში იმყოფებიან.

ლიბიის გარდამავალი მთავრობის - ეროვნული საბჭოს -წარმომადგენელმა აბდულა კანშილმა, რომელიც შაბათს ბანი ვალიდის კლანის ლიდერებთან შეხვედრას მართავდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ შეუძლია გადაჭრით არაფრის თქმა, გარდა იმისა, რომ ეროვნული საბჭო აღარ აპირებს მოლაპარაკების გამართვას.

კანშილი: “მე ახლა არაფრის შეთავაზება არ შემიძლია. იმედი მაქვს, რომ [კადაფის მომხრე] ბრიგადები მალე დატოვებენ ბანი ვალიდს.
ჟურნალისტი: „ესე იგი მოლაპარაკებები დასრულდა?“
კანშილი: „ჩემი მხრიდან, კი.“

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქი ბანი ვალიდი მუამარ კადაფის მოწინააღმდეგე შეიარაღებული რაზმების მიერ არის ალყაშემორტყმული. მათ 15 კილომეტრით წაიწიეს წინ ბანი ვალიდის მიმართულებით, რამაც ანტიკადაფის ძალების ხელთ არსებული არტილერიისთვის ხელმისაწვდომი გახადა ქალაქის ცენტრი. ქალაქიდან გასული მოსახლეობა ჰყვებოდა, რომ კადაფის მომხრე ბევრმა შეიარაღებულმა პირმა დატოვა ბანი ვალიდი. თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმება საკმაოდ ჭირს. აბდულა კანშილმა, რომელიც ქალაქის უმსხვილესი კლანის წევრებთან მოლაპარაკებაზე იმყოფებოდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მუამარ კადაფი და მისი ოჯახის ბევრი წევრიც ბანი ვალიდში უნდა იმყოფებოდეს. როგორც ზემოთ ითქვა, ლიბიის გარდამავალი მთავრობის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები დატოვეს იმ განწყობით, რომ ბანი ვალიდის საკითხი უბრძოლველად გადაწყდება. თუმცა, როგორც კადაფის წარმომადგენელმა მუსა იბრაჰიმმა განაცხადა, ბანი ვალიდის დამცველები დანებებას არ აპირებენ:

„მე ერთ რამეში შემიძლია დაგარწმუნოთ: ბანი ვალიდი დიდი, მნიშვნელოვანი ქალაქია. მას მართავს ლიბიის უდიდესი კლანი, რომელმაც ლიდერ კადაფის ნდობა გამოუცხადა და უარი თქვა გარდამავალ საბჭოსთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებაზე. გარდამავალი საბჭოს მესიჯი ბანი ვალიდისადმი აქ, ბანი ვალიდში, არავის სჭირდება.“

კადაფის მოწინააღმდეგე შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებმა დღეს განაცხადეს, რომ ისინი ინარჩუნებენ პოზიციებს ბანი ვალიდის ირგვლივ და ელოდებიან გარდამავალი საბჭოს ბრძანებას, რის შემდეგაც ქალაქში შესვლას დაიწყებენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საადი კადაფიმ, მუამარ კადაფის ერთ-ერთმა შვილმა, გამოაცხადა ნეიტრალიტეტი და მზადყოფნა დაეხმაროს ცეცხლის შეწყვეტისათვის ძალისხმევას. მან გააკრიტიკა აგრესიული სატელევიზიო გამოსვლა თავისი ძმის, საიფ ალ ისლამისა, რომელზეც, როგორც მუამარ კადაფიზე, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG