Accessibility links

logo-print

საიამ ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების შესახებ ახალი მასალა გამოაქვეყნა


26 მაისის აქციის დარბევიდან ორი დღის შემდეგ თავისუფლების მოედანზე მდებარე მაღაზიის სახურავზე ნაპოვნი გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის საქმის გარშემო კვლავაც რჩება პასუხგაუცემელი კითხვები. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ის მაღალი ძაბვის ელექტროსადენთან შეხების გამო გარდაიცვალა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კი 6 სექტემბერს აქვეყნებს ბრიტანეთში დაფუძნებული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომლის მიხედვითაც, მედიით გავრცელებულ ვიდეო და ფოტომასალაში გამოსახული პირი ერთი და იგივე ადამიანი, ანუ ნიკა კვინტრაძეა. საუბარია პასპორტის და გარდაცვალების შემდგომ გადაღებულ სურათებზე, ასევე იმ ფოტოებზე და ვიდეო მასალაზე, რომელიც აქციის დარბევისას პოლიციის მიერ დაკავებულ პირს ასახავს. ეს საიას აძლევს ეჭვის საფუძველს, რომ აქციის მონაწილე არა დენის სადენმა, არამედ პოლიციელებმა იმსხვერპლეს, რაზეც, ასოციაციის თქმით, მთელი პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა იტვირთოს და დამნაშავეები მკაცრად დასაჯოს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საიას მიერ გამოთქმულ ვარაუდს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი დაკავებული პირი სულ სხვა ინდივიდი - ქარელის რაიონში მცხოვრები გიორგი ბაქრაძეა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ნიკა კვინტრაძის ფოტოებისა და ვიდეოს ექსპერტიზის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მედიაში ორი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია გაჩნდა: ნიკა კვინტრაძის ერთ-ერთი მეგობარი ამტკიცებდა, რომ თავისუფლების მოედანზე 26 მაისის ღამით გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილი ხელფეხშეკრული მამაკაცი მისი მეგობარი ნიკა კვინტრაძე იყო, გამოძიებამ კი ეს ვერსია თავიდანვე გამორიცხა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბრიტანულ გავლენიან სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს, DABS Fingerprints/Forensics Ltd-ს, 17 აგვისტოს საქმეში არსებული ფოტო და ვიდეომასალა გაუგზავნა და ორი მთავარი კითხვაც დაუსვა:

”ჩვენ გვაინტერესებდა, იყო თუ არა ეს მასალა ფალსიფიცირებული და იყო თუ არა ამ ფოტოსა და ვიდეოზე აღბეჭდილი ადამიანი ერთი და იგივე პირი. დასკვნის მიხედვით, ეს დოკუმენტები არ არის ფალსიფიცირებული და ყველა მათგანზე აღბეჭდილია ერთი და იგივე პიროვნება - ნიკა კვინტრაძე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პოლიციას აქციის დაშლის შემდეგ ჰყავდა დაკავებული და, შესაბამისად, გამორიცხავს სამართალდამცავების მიერ გავრცელებულ ვერსიას, თითქოს ის ელექტროსადენის შეხების გამო დაიღუპა”, - ამბობს თამარ ჩუგოშვილი. საიას დამატებით მოჰყავს კიდევ ერთი მოწმე, რომლის ვინაობას, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერ ასახელებს. ეს პიროვნება აცხადებს, რომ აქციის დარბევიდან მეორე დღეს ის იმავე მაღაზიის სახურავზე მოხვდა, სადაც ნიკა კვინტრაძე იპოვეს, მაგრამ იქ მას არავის გვამი არ უნახავს.

ჩვენ მაშინვე დავიწყეთ გამოძიება, როგორც კი ითქვა, პოლიციამ მოკლა ეს კაცი და მაღაზიის სახურავზე დააგდოო. დავიწყეთ ხალხის დაკითხვა, ვიდეომასალის შესწავლა და ეს კაცი, ვინც იქაა აღბეჭდილი, ვიპოვეთ ცოცხალი და ჯანმრთელი და, შესაბამისად, გამოძიებაც შეწყდა ...
შეგახსენებთ, რომ აქციის დარბევიდან ორი დღის შემდეგ, როცა მედიამ გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის პოვნის შესახებ ინფორმაცია და ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი ამბობდა: „ის ადამიანი, რომელიც იწვა ასფალტზე და ვითომ კვინტრაძე იყო, სინამდვილეში ის არ აღმოჩნდა... მიცვალებული ხელშეკრული არ უპოვიათ, მორგიდან კი მიცვალებული ოჯახში ყოველთვის ხელფეხშეკრული მიჰყავთ“. მაშინ ეს ვერსია გაამყარა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ მომზადებულმა სიუჟეტმაც. უჩვენეს ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს დაკავებული პირი, რომელსაც აცვია იგივე ტანსაცმელი, რაც ფოტოზე აღბეჭდილ კვინტრაძეს, - იხსენებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრი თამთა მიქელაძე:
”ამ სიუჟეტში ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი შეადარეს ნიკა კვინტრაძის პასპორტის სურათს და თქვეს, რომ ეს არ იყო ერთი და იგივე ადამიანი. ექსპერტიზამ კი აღმოაჩინა შვიდი თანხვედრი ნიშანი, რის საფუძველზეც მან თქვა, რომ არ არსებობს არსებითი განსხვავება დაკავებულ ადამიანს, ვიდეოზე აღბეჭდილ და სხვა ფოტოებზე აღბეჭდილ პირსა და პროზექტურაში გადაღებულ ნიკა კვინტრაძის ფოტოს შორის.

საიას შეფასებით, ეჭვი, რომ პოლიციას ნიკა კვინტრაძე შესაძლოა დაკავებული ჰყოლოდა აქციის დაშლის შემდეგ, მოპოვებულმა ფაქტებმა უფრო გააძლიერა, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მისი სიცოცხლის ხელყოფაზე სახელმწიფოს ეკისრება. თამარ ჩუგოშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სახელით აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნას საგამოძიებო ორგანოებს მიაწვდის და მოითხოვს საქმის ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას.

თუმცა, როგორც ირკვევა, საქმე დღეს უკვე დახურულია, ხოლო გამოძიება დასრულებული, საიას განცხადება კი სამართალდამცავი ორგანოებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. შოთა უტიაშვილმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ნიკა კვინტრაძედ მიჩნეული ფოტოზე გამოსახული პიროვნება სინამდვილეში არის გიორგი ბაქრაძე, რომელიც ცოცხალია და ცხოვრობს ქარელის რაიონში:

”ჩვენ მაშინვე დავიწყეთ გამოძიება, როგორც კი ითქვა, პოლიციამ მოკლა ეს კაცი და მაღაზიის სახურავზე დააგდოო. დავიწყეთ ხალხის დაკითხვა, ვიდეომასალის შესწავლა და ეს კაცი, ვინც იქაა აღბეჭდილი, ვიპოვეთ ცოცხალი და ჯანმრთელი და, შესაბამისად, გამოძიებაც შეწყდა. ხოლო რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ინტერესი აღარ იყო, ბაქრაძის ინტერვიუს ის მომენტიც მაშინ აღარ ვაჩვენეთ. მაგრამ ახლა, როცა საიამ მოულოდნელად ამოატივტივა ისევ ეს საქმე, მაშინვე გავავრცელეთ ეს ჩანაწერი.”

ამ ჩვენებაში გიორგი ბაქრაძე მისი დაკავების შესახებ ჰყვება და ამბობს, როგორ დააკავეს ის სამართალდამცავებმა აქციის დღეს, დაადეს ხელბორკილები და მოგვიანებით გაათავისუფლეს.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ არ უნდა ვენდოთ საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნას და სიმართლედ მივიჩნიოდ შსს-ს მიერ შემოთავაზებული ვერსია? ამაზე შოთა უტიაშვილი გვპასუხობს, რომ ფოტოები ყველაფერზე მეტყველებს და რომ ქართულ საზოგადოებას ხანდახან საკუთარი თვალით ნანახის დაჯერებას ურჩევნია დაუჯეროს უცხოური სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას, როგორიც უნდა იყოს მისი შინაარსი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG