Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 6 სექტემბერი, 2011


„ნოვაია გაზეტა“ კიდევ ერთი ვილის შესახებ ჰყვება, რომლის მშენებლობაში, როგორც ჩანს, სახელმწიფო ბიუჯეტი და მაღალი თანამდებობა უნდა მონაწილეობდეს. ვარაუდით იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ „ნოვაიაში“ მხოლოდ ფოტოებია ამ ვილის და გაზეთი გვპირდება, რომ ტექსტს შემდეგ კვირას შემოგვთავაზებს. თუმცა საინტერესო დეტალების ამოცნობა მაინც შეიძლება. როგორც „გაზეტა“ ჰყვება, ეს უშველებელი ვილა ჟურნალ „ავტორევიუს“ ჟურნალისტებს შემთხვევით უპოვიათ მაშინ, როცა ბუნების წიაღში გადაშლილ ტრასაზე ერთ-ერთი მანქანის გამოცდას ახდენდნენ. შემდეგ ფოტოებზე ვხედავთ პოლიციელებს, რომლებიც, როგორც ჩანს, „ავტორევიუს“ ჟურნალისტებს სადღაც არ ატარებენ, რადგან მათი მანქანა გზაზეა ჩახერგილი და, სავარაუდოდ, უკან ტრიალდება. სახელად ამ ფოტოსერიას აქვს „ახალი ვილა უმაღლესი მთავრობის პირებისთვის“.

გაზეთები „იზვესტია“ და „ვედომოსტი“ გვიყვებიან, როგორ იგეგმება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ცენტრალური მთავრობის - ძირითადად მედვედევ-პუტინის - გადაწყვეტილებებით, მაგალითად, როგორ სწირავენ ჩინოვნიკები ხელმძღვანელობის ინიციატივით ერთი თვის ხელფასს რომელიმე ძეგლის აღდგენას, ან როგორ მართავენ სხვადასხვა თემას ელიტარული დისკურსები, როგორ იქმნება ეროვნული ნარატივი სხვადასხვა ღონისძიებებით და ასევე ჰყვებიან ისტორიებს რუსული სამხედრო ტექნიკის განვითარების შესახებ. როგორ ცდილობს სახელმწიფო მდიდარი ფენების, ძირითადად მმართველ აპარატში ჩართული ჩინოსნების დაბეგვრით ფინანსური ბალანსის აღდგენას ქვეყანაში. მოსკოვის ახალ მერზე სერგეი სობიანინზე წერენ გაზეთები. მერი ცდილობს ქალაქის კორუფციული სისტემის გაწმენდას, ძირითადად იგულისხმება სახელმწიფო შესყიდვების ცენტრალიზებული მართვა და ფულის ნაკადების ერთი და იმავე მიმართულებებით არასაბაზრო სვლა. თუმცა, „ვედომოსტის“ ანალიზით, ჯერჯერობით მდგომარეობა ბევრად არ იცვლება.

არა, რაღაცები იცვლება. მაგალითად, „ნოვაია გაზეტა“ გვიყვება, რომ ღონისძიებების, ფეიერვერკების და სახალხო გართობებისთვის თანხები გაიზარდა. მერი არაკორუმპირებულია და ეს უხარია „ნოვაია გაზეტას“ ავტორს, ელენა რიკოვცევას, თუმცა მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, ჟურნალისტი მკითხველს უზიარებს სცენის მიღმა მიმდინარე მოვლენებს მოსკოვის ცენტრალურ დღესასწაულზე, რომელიც 220 მილიონი რუსული რუბლი დაჯდა, ოფიციალური მონაცემებით. ელენა რიკოვცევა მოსკოვის დღესასწაულზე და იმაზე ჰყვება, თუ როგორ ქმნის და გენერირებს რეალობას ტელევიზორი და მმართველი ელიტა. ჟურნალისტი მოსკოვის მერიის პრესრელიზით იწყებს, სადაც საუბარია გრანდიოზულ სახალხო ზეიმზე, რომელსაც სამი მილიონი ადამიანი დაესწრება და რომელიც ქალაქის მასშტაბითაა გადაშლილი. ჟურნალისტი ადგილზე გადის, გადის ბევრ მეტალოდეტექტორში, დგას რიგებში საათობით, დაჰყვება მასებს ადამიანებისა, რომლებიც მთავარ მოვლენებთან მოხვედრას უშედეგოდ ცდილობენ. ბოლოს იღლება და ჟურნალისტის პრესკარტით შიგნით აღწევს. აქ კი სახალხო მარშირებასა და ფონს არა უბრალოდ არაორგანიზებული მოსკოველები, არამედ კარგად ორგანიზებული სტუდენტთა კორპუსები ქმნიან. სტუდენტებმა იმდენი იარეს, ერთ-ერთ მათგანს აფორიაქებული ტელედიქტორისთვის არ დაუმალავს, იმდენი ვიარეთ, ფეხები გვტკივა, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი იყოო… დაღლილი ჟურნალისტი გარეთ გამოდის და ტაქსით სახლში მიდის და ტელევიზორს რთავს. აქ მას სულ სხვა რეალობა ხვდება. დიქტორები აფორიაქებული ტონით აცხადებენ, ხალხი სულ უფრო და უფრო ემატებაო, სამი მილიონი იქნება დაახლოებითო. ეს იგივე ციფრია, რაც პრესრელიზში ეწერაო, შენიშნავს თავისთვის ტელევიზორის წინ დაღლილი ჟურნალისტი. ეტყობა, მთავარი მესიჯი და კურსი სახალხო და მასობრივი ღონისძიებააო. თუმცა შემდეგ ჟურნალისტი თვალებს ხუჭავს და წარმოიდგენს რაც არის, მისი აზრით, სახალხო ღონისძიება, ღონისძიება, რომელსაც ბევრი ფული და მეტალოდეტექტორები არ სჭირდება, სადაც ადამიანები იკრიბებიან, ლაპარაკობენ, ლუდს სვამენ სოსისებთან ერთად, მღერიან.

თუმცა ეკრანზე აღფრთოვანებული დიქტორები გაიძახიან, ღონისძიება ძალას იკრებს, ხალხი სულ უფრო მატულობს, ქალაქი ზეიმობსო.
XS
SM
MD
LG