Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალელი პედაგოგები უვადო საშვის მოლოდინში


გალი
გალი
უკვე კვირაზე მეტია მოქალაქეთა რიგები არ წყდება გალის მილიციასთან, სადაც აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო საშვს გასცემენ. რადიო თავისუფლების რესპონდენტების ცნობით, ერთჯერადი საშვი 100 რუსული რუბლი ღირს და მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ, რომელთაც აფხაზური ან რუსული პასპორტი აქვთ. გალის მკვიდრმა ლიანა ხუბულავამ ფასიანი საშვი გალის მილიციის შენობის მოპირდაპირედ მდებარე პატარა ჯიხურში 2 დღის წინ შეიძინა და სამეგრელოში ენგურის ცენტრალური ხიდის გავლით შემოვიდა. იგი ამბობს, რომ საშვზე მოთხოვნა გამოიწვია აფხაზეთში სწავლის დაწყებამ, რადგან ბავშვებისთვის სასკოლო ნივთებს მშობლები ძირითადად ზუგდიდში ყიდულობენ. ლიანა ხუბულავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ფასიან საშვს უკანა გზაზე აფხაზურ საგუშაგოზე ტოვებენ, ხოლო ახლის მისაღებად კვლავ რიგში დგომა და დამატებით 100 რუსული რუბლია საჭირო.

გალის აფხაზურ მილიციასთან რიგში დგომა და 100 რუსული რუბლის გადახდა არ უწევს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში მცხოვრებ ქალს, რომელიც პრაქტიკულად ყოველდღე გადაკვეთს აფხაზეთ-სამეგრელოს ე.წ. საზღვარს. ახალგაზრდა ქალი გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას და კიდევ ერთ პედაგოგს, რომლებიც ე.წ. საზღვარს კვეთენ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს გალის განყოფილებამ მასწავლებლის მოწმობა მისცა, მაგრამ, მისივე თქმით, ეს არ არის საშვი და მას არ ცნობენ რუსი მესაზღვრეები, რის გამოც დამატებით ახსნა-განმარტების გაკეთება უწევს.

მასწავლებლის მსგავსად, გალის აფხაზური განათლების განყოფილებამ მოწმობები დაურიგა იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც ორსანტიიდან გალის სოფლის სკოლაში დადიან. პედაგოგის თქმით, ამ შემთხვევაში რუსი მესაზღვრეები მოსწავლეებს საშვებს არ სთხოვენ და ე.წ. საზღვარზე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ატარებენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო საშვებს ამ დრომდე ელიან გალის რაიონში მცხოვრები პედაგოგები. პირველი ოტობაიის სკოლის მასწავლებელმა რადიო თავისუფლებას შეატყობინა, რომ უვადო საშვების უფასოდ გაცემას გალის განათლების განყოფილება 1 სექტემბრისთვის დაჰპირდა. პედაგოგის თქმით, საშვის უქონლობის გამო ე.წ. საზღვრის გადაკვეთა მათთვის კვლავ პრობლემად რჩება.
XS
SM
MD
LG