Accessibility links

logo-print
პარლამენტმა მუშაობა განაახლა. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაინიშნება, მანამდე კი, რეგლამენტის მიხედვით, სექტემბრის პირველ სამშაბათს ბიუროს სხდომა ჩატარდა. სხდომას, პარლამენტის თავმჯდომარის მივლინებაში ყოფნის გამო, ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი უძღვებოდა.

საზაფხულო შესვენების შემდეგ პარლამენტის ბიუროს ოთახში შეკრებილ დეპუტატებს ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი მიესალმა და განაცხადა, რომ ამჯერად მედიისთვის საინტერესო თემები ნაკლებად აქვს, თუმცა იმედია ნელ-ნელა ასეთი თემები შევა პარლამენტში, შემდეგ კი ისევ დეპუტატებს მიმართა:

”თითოეული ჩვენგანი ძალიან იყო ჩართული ამ სპორტულ ბატალიებში, კალათბურთს ვგულიხმობ. არ შემიძლია ჩემი ემოცია არ გაგიზიაროთ და თქვენიც იგივეა. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენები გავიდნენ შემდეგ ეტაპზე. ჩვენი კოლეგების ნაწილი ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს ამ საქმეს კლაიპედაში, იქ იყო ძალიან კარგი კულტურის დღეებიც. მე მგონი, ძალიან დიდი მოვლენაა -დებიუტანტი გუნდი გავიდა ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე. რაც არ უნდა ვთქვათ, ადვილად ეს არ კეთდება. უკრაინამ კი მოიგო, მადლობლები ვართ, მაგრამ ჩვენებმაც ითამაშეს წინა პერიოდში. ასე რომ, იმედები გვაქვს... მივულოცოთ, კი ბატონო, მივულოცოთ...”

გიგი წერეთელმა შემდეგ, რეგლამენტის და ფორმალობის დაცვით, საპარლამენტო კომიტეტებს შეახსენა, რომ მუშაობის ამსახველი წლიური ანგარიში აქვთ საზოგადოებისა და კოლეგებისათვის გასაცნობი, რისთვისაც მზად უნდა იყვნენ მომდევნო კვირიდან. ასევე ჩამოთვალა რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ბიუროს დღის წესრიგში იყო, ანუ საკითხები, რომელთა განხილვასაც პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში შეუდგება. მათ შორისაა: სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები და დამატებები, თბილისის ეროვნული პარტიის შესახებ კანონპროექტი, სახელმწიფო თეატრების შესახებ კანონში ცვლილებები, საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობებს შორის შემოსავლების და კაპიტალის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კანონპროექტი და ა.შ.

ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთ ვიცე-სპიკერს დავუჭიროთ მხარი და არც კაბინეტი გვენანება, დარწმუნებული ვარ ამ შენობაში ასეთი გამოინახება და ჩვენი შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში ერთი მანქანის საშუალებაც იქნებოდა, მაგრამ კანონი და რეგლამენტი ამის უფლებას და საშუალება არ გვაძლევს...
ასევე გეტყვით, რომ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ოფიციალურად 15 ივლისს შექმნილ ფრაქციას "ერთობა სამართლიანობისთვის", რომლის თავმჯდომარეც გია ცაგარეიშვილი გახლდათ. ის დღეს ბიუროსგან ფრაქციის წევრის ჯონდი ბაღათურიას ვიცე-სპიკერად არჩევის შეუძლებლობასთან დაკავშირებით განმარტებებს მოითხოვდა. შეგახსენებთ, რომ საშემოდგომო სესიის გახსნამდე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ფრაქციის ვიცე-სპიკერობის კანდიდატად ჯონდი ბაღათურიას წარდგენის საკითხი განიხილა და უარი თქვა.
კომიტეტის პოზიციით, ვიცე-სპიკერის წარდგენის უფლება ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტს აქვს. ასეთი ორი ვიცე-სპიკერი კი უკვე არსებობს პარლამენტში – "ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძე და ყოფილი "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენელი პაატა დავითაია. ასევე, ვიცე-სპიკერი ფრაქციის შექმნის შემთხვევაში შეიძლება ჰყავდეთ "ლეიბორისტებსაც", თუმცა ისინი პარლამენტში არ შესულან.

საპროცედურო კომიტეტის პოზიციას არ იზიარებს გიორგი ცაგარეიშვილი და ამბობს, რომ პაატა დავითაია ვიცე-სპიკერი არა "გაერთიანებული ოპოზიციის" სახელით, არამედ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის თავის დროზე მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შედეგად გახდა.სწორედ ამ შეთანხმების პრეცედენტის გამოყენებას ითხოვდა დღეს, 6 სექტემბერს, გია ცაგარეიშვილი ბიუროს სხდომაზე:

” ჩვენ არავის ვეზიარებით თანამდებობებში, არავის გადაყენებას არ ვითხოვთ. უბრალოდ, ვითხოვთ პრეცედენტის გავრცელებას ჩვენი ფრაქციის წევრზე, ეს არის და ეს. თუ ამის საშუალება მოგვეცემა, ეს იქნება კარგი, თუ არ მოგვეცემა, ჩვენი აზრით, ეს იქნება ცუდი.”

გია ცაგარეიშვილს პირველი გიგი წერეთელი გამოეხმაურა და, შეიძლება ითქვას, ყველა გზა მოუჭრა. აღნიშნა, რომ ბიურო ამ საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანის საკითხს ვერ მიიღებს, რადგან საპროცედურო კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არსებობს და, მეორე, ბიურო თავისთავად ჯონდი ბაღათურიას ვიცე-სპიკერად არჩევის საკითხს არ გადაწყვეტს რეგლამენტის გამო. უფრო კონკრეტული იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი. მან აღნიშნა, რომ გია ცაგარეიშვილის ფრაქცია მხოლოდ საპარლამენტო თანამდებობებისთვის იბრძვის და სხვა არაფერი:

”ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთ ვიცე-სპიკერს დავუჭიროთ მხარი და არც კაბინეტი გვენანება, დარწმუნებული ვარ ამ შენობაში ასეთი გამოინახება და ჩვენი შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში ერთი მანქანის საშუალებაც იქნებოდა, მაგრამ კანონი და რეგლამენტი ამის უფლებას და საშუალება არ გვაძლევს და საქმე სწორედ ამაშია, თორემ არც ჯონდი ბაღათურიას საწინააღმდეგო გვაქვს რამე და არც თქვენი ახლად შექმნილი ფრაქციის.”

თუმცა გია ცაგარეიშვილი უმრავლესობას ძალიან ცხელი საშემოდგომო სესიის დადგომის პროგნოზს აძლევს. პარლამენტის პლენარული სხდომა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაინიშნება.
XS
SM
MD
LG