Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯამბოლათ თედეევი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს


ჯამბოლათ თედეევი
ჯამბოლათ თედეევი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის რამდენიმე მოქალაქეს - მათ შორის რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს ჯამბოლათ თედეევს - დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ამ ინფორმაციას ოპოზიციური ინტერნეტგამოცემა „უასამონგა“ ავრცელებს. გამოცემა აქვეყნებს დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მურად ჯიოევის მიერ გენერალურ პროკურორ თეიმურაზ ხუგაევთან მიწერილ წერილს, რომლითაც მინისტრი პროკურორს ატყობინებს, რომ პრეზიდენტის სიტყვიერი ბრძანების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საელჩოს გაეგზავნა საპროტესტო ნოტა, სადაც აღნიშნულია, რომ მომავალში შეუძლებლად მიაჩნიათ რუსეთის რამდენიმე მოქალაქის ვიზიტები სამხრეთ ოსეთში. საგარეო უწყების შავ სიაში მოხვდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ჯამბოლათ თედეევი, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, ცხინვალის გმირი ანატოლი ბარანკევიჩი, რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი და რუსეთის გმირი, ეფ–ეს–ბეს გენერალი, რუსეთის ავიაციის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი გავრილოვი.

მურად ჯიოევის უწყებამ ეს გადაწყვეტილება აპრილში მიიღო, როცა ჯამბოლათ თედეევი სტუმრებთან ერთად ცხინვალში იმყოფებოდა და მანქანების მრავალრიცხოვანი კოლონით ქალაქის ქუჩებში მოძრაობდა. მაშინ მათ ინციდენტი ადგილობრივ სამართალდამცავებთან მოუხდათ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თედეევისთვის ცხინვალში ჩასვლის აკრძალვა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, რადგან ყველაზე მეტად კოკოითის სწორედ თედეევის ეშინია. გარდა ამისა, „სახალხო ფრონტის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი იურიდიულად დაუსაბუთებელია და საერთაშორისო ნორმებთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან პერსონა ნონ გრატად იმ დიპლომატებს აცხადებენ, რომლებიც მასპინძელ ქვეყანას საფრთხეს უქმნიან და მის შიდა საქმეებში უხეშად ერევიან. უფლებადამცველი რუსლან მაყაევი მიიჩნევს, რომ დე ფქტო საგარეო უწყებამ იურიდიულად აბსურდული დოკუმენტი შექმნა, რადგან თედეევი, რუსეთის მოქალაქეობის გარდა, დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეობასაც ფლობს და საკუთარი მოქალაქის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება შეუძლებელია. რაც შეეხება წინასაარჩევნო ვითარებას, მაყაევს დე ფაქტო რესპუბლიკაში მოვლენების განვითარების ყველაზე უარესი პროგნოზი აქვს.

„მათ არა აქვთ უფლება, კანონშიც კი არ უწერიათ, რომ ვინმე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადონ, მით უმეტეს, რომ ის სამხრეთ ოსეთის მოქალაქეცაა - ჯამბოლათ თედეევს სამხრეთ ოსეთის ახალი პასპორტი აქვს. გამწვავება იქნება. მე ვფიქრობ, არჩევნები საერთოდ ჩაიშლება. მე არ ვიცი ხელისუფლება ამ სიტუაციიდან როგორ გამოვა. ღმერთს ვევედრები, რომ მათ ერთმანეთი არ დახოცონ. მაგრამ კოკოითი სისხლისღვრისკენ მიდის“, – ამბობს რუსლან მაყაევი.


გაფრთხილების მიუხედავად, ერთი კვირის წინ თედეევი ცხინვალში მაინც ჩავიდა და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. იგი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებს, მაგრამ კონსტიტუციაში არსებული ერთი ჩანაწერი ხელს უშლის. თედეევს ზედიზედ 10 წელი დე ფაქტო რესპუბლიკაში არ უცხოვრია, ამიტომ მისი კანდიდატურის დაყენება დღეის მდგომარეობით შეუძლებელია. გაერთიანებული ოპოზიცია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ითხოვს, კოკოითი კი მის შეცვლას არ აპირებს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს რომ თედეევის ცხინვალში ვიზიტები აღიზიანებს, ამას საჯარო შეხვედრებზეც არ მალავს. იგი აცხადებს, რომ ცხინვალში კონსტიტუციის შეცვლის მსურველთა პარპაში დასრულებულია.

„ მიღებული იქნება უმკაცრესი და უკომპრომისო ზომები მათ მიმართ, ვინც კონსტიტუციის დარღვევასაც ცდილობს და სამხრეთ ოსეთის ხალხის დაშინებასაც. რესპუბლიკას ვერასდროს უხელმძღვანელებენ ფულის ტომრები და დამნაშავეთა კლანები. ვერანაირი უცხოური ავტომანქანების კოლონები ცხინვალის ქუჩებში ვეღარ იმოძრავებენ და ვეღარ დაემუქრებიან სამართალდამცავი ორგანოების ზოგიერთ თანამშრომელს, პარლამენტის დეპუტატებს და ასე შემდეგ. ამას ბოლო მოეღო“,–განაცხადა საზოგადოებასთან შეხვედრისას ედუარდ კოკოითიმ.

მიუხედავად იმისა, რომ თედეევს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება, იგი ცხინვალში ერთი კვირის წინ მაინც ჩავიდა და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. სწორედ ამ დროს მის სახლთან ახლოს დანაღმული მანქანა აფეთქდა. ექსპერტებმა ეს ფაქტი შეაფასეს, როგორც გაფრთხილება, რომ თუ დე ფაქტო რესპუბლიკაში ვიზიტებს გააგრძელებდა, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. როგორ იმოქმედებს თედეევი, ამას მომავალი გვიჩვენებს. ექსპერტების შეფასებით, მისი დაკავება ყველაზე მეტად კოკოითის არ აძლევს ხელს, რადგან ამას დიდი სკანდალი მოჰყვება და რუსეთში დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევს. თედეევის ავტორიტეტი რუსეთში მაღალია, რადგან მისი წინამძღოლობით არაერთი მოჭიდავე მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, იგი პუტინთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა. ვითარება ცხინვალში იძაბება, პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია კი ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.
XS
SM
MD
LG