Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელ სამხედროთა ჯგუფი მეზობელ ნიგერში გადავიდა


ლიბიის დამხობილი ლიდერის, მუამარ კადაფის ერთგული ჯარისკაცების ნაწილი, ცნობების თანახმად, მანქანებით გადავიდა მეზობელ ნიგერში. როგორც იუწყებიან, სულ ცოტა, ათმა ავტომანქანამ დატოვა საზღვართან, უდაბნოში მდებარე ქალაქი აგადეზი და მიაშურა ნიგერის დედაქალაქ ნიამეის. ნატოს სამხედრო წარმომადგენელმა უარი თქვა ამ ცნობასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებაზე. ცნობილი არ არის, არიან თუ არა ნიგერში გაქცეულებს შორის კადაფის ოჯახის წევრები. თვით კადაფი, მის წარმომადგენელ მუსა იბრაჰიმის განცხადებით, ლიბიაში რჩება. „ლიდერი, პოლკოვნიკი მუამარ კადაფი ჯანმრთელად არის და სუცხოოდ გრძნობს თავს. ის ლიბიაშია და კარგად არის, ჯანმრთელად და არის იქ, სადაც ვერ მიწვდებიან ამბოხებულთა ჯგუფები“, განაცხადა კადაფის წარმომადგენელმასირიის ტელევიზიასთან საუბარში. ლიბიის ახალი მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კადაფის ნიგერში გადასულმა მომხრეებმა ფული წაიღეს, თუმცა ამ ცნობის შემოწმება ვერ ხერხდება. ამასობაში, კადაფის მოწინააღმდეგეთა ჯარებმა განაცხადეს, რომ განაგრძობენ მოლაპარაკებას ქალაქ ბანი ვალიდის სისხლისღვრის გარეშე ასაღებად. დედაქალაქ ტრიპოლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 140-მდე კილომეტრში მდებარე ბანი ვალიდი მიჩნეულია კადაფის ერთ-ერთი ბოლო დასაყრდენად.
XS
SM
MD
LG