Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის სამხედრო კოლონა ნიგერში შევიდა - გაჰყვა თუ არა მას კადაფი


ორი ასეული სამხედრო მანქანისგან შემდგარმა კოლონამ, რომელსაც ოქროც და ნაღდი ფულიც გადაჰქონდა, ლიბია-ნიგერის საზღვარი გადაკვეთა, რამაც გამოიწვია ვარაუდები, რომ შეიძლება მას მუამარ კადაფიც გაჰყვა. ამასთან, გავრცელდა ცნობები, რომ ლიბიელ მეამბოხეებს დაკავებული ჰყავთ აღმოსავლეთევროპელი მოქალაქეები, რომლებიც, მათი მტკიცებით, კადაფის არმიაში მსახურობდნენ დაქირავებულ მეომრებად.

200-250 სამხედრო მანქანა შედიოდა ლიბიელთა კოლონაში, რომელმაც ორშაბათს ორ ქვეყანას შორის უდაბნოზე გამავალი საზღვარი გადაკვეთა. მას ახლდნენ ნიგერელი, საზღვრისპირა ტომის მეომრები, რომლებიც, ალბათ, მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. ამ ცნობის გავრცელებამ გამოიწვია სპეკულაცია, რომ კოლონას შეიძლებოდა გაჰყოლოდა მუამარ კადაფი, რომელმაც, შესაძლოა, თავი შეაფაროს ნიგერს ან სხვა მეზობელ ქვეყანას, მაგალითად, ბურკინა ფასოს, რომელმაც მას თავშესაფარი შესთავაზა. კადაფის წარმომადგენელმა მუსა იბრაჰიმმა განაცხადა, რომ კადაფი თავს შესანიშნავად გრძნობს და ის კვლავ ლიბიაშია. იბრაჰიმმავე ადრე განაცხადა, რომ კოლონა ლიბიის არმიისა იყო და იმ სამხედროებისგან შედგებოდა, რომლებიც, უბრალოდ, გაიქცნენ. გარდამავალი საბჭო აცხადებს, რომ კოლონამ დიდი რაოდენობით ოქრო, ასევე ნაღდი ფული, დასავლური ვალუტა წაიღო თან. საბჭო ფიქრობს, რომ დატვირთულმა ათმა მანქანამ გაიტანა ოქრო და ფული, რომელიც ქალაქ სურთის ბანკიდან გამოიტანეს. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, ეს ათი მანქანა იგივე ზემოხსენებული კოლონაა თუ ცალკე ჯგუფი იყო.

კადაფის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობი რჩება. ბოლო ხანს მან გაავრცელა აუდიომიმართვები, სადაც აცხადებდა, რომ დანებებას არ აპირებს და ბოლომდე იბრძოლებს, რომ ლიბიას არ დატოვებს. კადაფის ოჯახის წევრები - მეორე ცოლი და სამი შვილი - მეზობელ ალჟირში გაიქცნენ. საფრანგეთის არმიის ერთმა ოფიცერმა უთხრა „როიტერსს“, რომ კადაფის ვაჟი, საიფ ალ ისლამიც შეიძლება შეუერთდა ნიგერში მიმავალ კოლონას. კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური როლი ითამაშა საფრანგეთმა. სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ ასეთი სიდიდის კოლონა ვერ შეძლებდა უსაფრთხოდ ნიგერში გადასვლას, ნატოს საჰაერო ძალებს რომ არ სცოდნოდათ მათი მოძრაობის შესახებ. ნატოს გაეროს მანდატი აქვს, დაიცვას სამოქალაქო პირები ლიბიაში და შექმნას ფრენისგან თავისუფალი ზონა ლიბიის საჰაერო სივრცეში.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატოს მისია არ ითვალისწინებს კადაფის რეჟიმის ცალკეული პირების სამიზნეში ამოღებას. ლიბიელთა კოლონამ, როგორც ნიგერმაც დაადასტურა, ჩავიდა ჯერ ნიგერის ქალაქ აგადეზში, სადაც აეროდრომია და საიდანაც კადაფი სხვა ქვეყანაში გაფრენასაც შეძლებდა. აგადეზიდან იუწყებიან, რომ იქიდან გავიდა 50-მდე მანქანა, რომლებიც მოგვიანებით დედაქალაქ ნიამში ჩავიდნენ. იქიდან ბურკინა ფასოს საზღვარი უფრო ახლოსაა.
ლიბიაში ამ დროს მეამბოხეთა რაზმები განაგრძობენ ქალაქ ბანი ვალიდის ალყას. იქ არიან გამაგრებული კადაფის მომხრეები, რომლებმაც დედაქალაქი ტრიპოლი დატოვეს, როცა იქ მეამბოხეები შევიდნენ. ბანი ვალიდის დამცველებსა და მეამბოხეებს შორის მოლაპარაკება პაუზებით მიმდინარეობს. ადრინდელმა შეხვედრებმა შედეგი ვერ გამოიღო. მეამბოხეები ცდილობენ დაიყოლიონ მოწინააღმდეგე დანებებაზე, რათა სისხლი უაზროდ არ დაიღვაროს. ბანი ვალიდი ლიბიის ერთ-ერთი უდიდესი ტომის, ვარფალის ადგილსამყოფელია. საქმე ისაა, რომ ვარფალელები ორივე მხარეს, კადაფის მომხრეთა და მათ მოწინააღმდეგეთა შორის იბრძვიან. მეამბოხეებს იმედი აქვთ, რომ ერთი ტომის შიგნით დაპირისპირება ბრძოლის ველზე არ მოხდება, რაც კონფლიქტს ძალიან გააღრმავებდა. კადაფის მომხრეები ალყაშემორტყმულნი არიან ქალაქ სურთშიც, რომელსაც სხვა - ამ მდგომარეობაში მყოფ - ქალაქებთან ერთად, 10 სექტემბრამდე აქვს დანებებისთვის ვადა მიცემული.

როცა მათი ნივთები შევამოწმეთ, ვნახეთ სამხედრო ფორმები და „კალაშნიკოვის“ სისტემის იარაღის ტყვიებ ...
გარდამავალი საბჭოს წარმომადგენლების, სამხედრო მეთაურების თანახმად, მათ დაკავებული ჰყავთ აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეები, რომლებიც, მათი მტკიცებით, კადაფის მომხრეებმა დაიქირავეს და მათ მხარეს იბრძოდნენ. ერთი ვერსიით, ისინი სნაიპერები არიან უკრაინიდან, ბელორუსიიდან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან. დაკავებული უკრაინელები უარყოფენ ამგვარ ბრალდებას და ირწმუნებიან, რომ ერთობლივ ენერგოფირმაში მსახურობდნენ. უკრაინის მთავრობა იუწყება, რომ ინფორმირებულია მომხდარის თაობაზე - ის 22 პირზე ლაპარაკობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ვოლოშინმა თქვა, რომ უკრაინელებს იარაღი არ ჰქონიათ, ბრძოლებში არ მონაწილეობდნენ, რომ მათ მიმართ ოფიციალური ბრალდება არ წაუყენებიათ.

აქვე გეტყვით, რომ უკრაინას მართლაც აქვს მჭიდრო ეკონომიკური კონტაქტები ლიბიასთან - ამბოხების დაწყებამდე იქ ათას ხუთასი მისი მოქალაქე მსახურობდა სხვადასხვა სფეროში. კიევმა გარდამავალი საბჭოს ლეგალურობა პირველ სექტემბერს აღიარა. ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა, რომ ლიბიაში ბელორუსიის შეიარაღებული მოქალაქეები არ იმყოფებიან.

მეამბოხეთა სამხედრო მეთაურები ადასტურებენ, დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ კადაფის რეჟიმმა მართლაც შეიყვანა ქვეყანაში დაქირავებული სამხედროები, აღმოსავლეთევროპელი დაქირავებულები. გენერალმა აბდულ ჰაფიზ კეილანიმ თქვა, რომ დაკავებულებს, რომლებიც ამტკიცებენ, სანავთობო ფირმაში ვმუშაობთო, უპოვეს საბუთები, რომელთა თანახმად, მათ ლიბიის საზღვარი ივლისში გადაკვეთეს და, ამასთან, აღმოუჩინეს უნიფორმები, ასევე სამხედრო მასალები: „როცა მათი ნივთები შევამოწმეთ, ვნახეთ სამხედრო ფორმები და „კალაშნიკოვის“ სისტემის იარაღის ტყვიები, ასევე საბუთები, რომლებიც მათ თავისუფლად მოძრაობის უფლებას აძლევდა. საბუთები გაცემულია ალ-კაფის ბრიგადის, კადაფის მომხრეთა ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილის მიერ.“

მეამბოხეთა სხვა წარმომადგენელმა, ოთმან ბინ ოთმანმა განაცხადა, რომ დაკავებულებმა ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. მას იარაღი არ უხსენებია. „ასოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, გარდამავალ საბჭოს დაკავებული ჰყავს 5000-ზე მეტი ადამიანი. „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ საბჭოს მოუწოდა შეწყვიტოს თვითნებურად ვითომდა დაქირავებულების დაკავება და შექმნას კომისია, რომელიც ამგვარ ბრალდებებს შეისწავლის. კადაფიმ მართლაც დაიქირავა ათასობით უცხოელი, მათ შორის, საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებიდან. „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ მოუწოდა გარდამავალ საბჭოს, თავი აარიდოს მუქი კანის მქონე პირების დისკრიმინაციას იმ საბაბით, რომ ისინი შეიძლება დაქირავებულები იყვნენ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG