Accessibility links

logo-print
7 სექტემბერს თბილისში გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. მას შემდეგ, რაც 2007 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის ამავე საკითხებზე შეთანხმება გაფორმდა, მსგავსი კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და მისი ორგანიზატორია აშშ-ის მთავრობის ბირთვული კონტრაბანდის საფრთხის შესახებ საზოგადოების ინფორმირების საინიციატივო პროგრამა. წლევანდელი შეხვედრის მთავარი თემა კი საქართველოს მიერ იმ მიღწევების განხილვაა, რომლებიც აღნიშნული დოკუმენტით არის გათვალისწინებული.
საქართველოს მთავრობასა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ბირთვული კონტრაბანდა და ვეცადოთ არ აღმოჩნდეს ის ტერორისტების ხელში...

”ეს კონფერენცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც იცით, გასულ წელს ბირთვულ სამიტზე პრეზიდენტმა ობამამ 46 ქვეყნის მეთაურთან ერთად ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გზები დასახა. საქართველოს მთავრობასა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ბირთვული კონტრაბანდა და ვეცადოთ არ აღმოჩნდეს ის ტერორისტების ხელში”, - ამ სიტყვებით გახსნა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა 7 სექტემბერს სასტუმრო ”ბეტსიში” ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე გამართული კონფერენცია.

2007 წლის შემდეგ დონორი ორგანიზაციები მუდმივ მონიტორინგს უწევენ, თუ როგორ ასრულებს საქართველო იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც “საქართველოსა და აშშ-ის დელეგაციებს შორის საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესების შესახებ გაფორმებული ერთობლივი დოკუმენტის მიღების შემდეგ დაისახა.
საქართველო მიუერთდა კონვენციას ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვის შესახებ, რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გააჩნია...

ბირთვული კონტრაბანდის აღსაკვეთად საქართველოში უკვე განხორციელდა და დღესაც გრძელდება რამდენიმე ხელშემწყობი პროექტი, გვეუბნება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, ზაალ ლომთაძე. საქართველოს მიერ ვალდებულებად აღებული 60-ზე მეტი პუნქტიდან, მისი თქმით, 95% შესრულებულია. მაგალითად, სასაზღვრო გამშვები პუნქტები აღჭურვილია რადიაციული დეტექტორებით, რაც ტვირთის ნაკადის შემოწმების საშუალებას იძლევა:

”ამას გარდა, შესაბამისი უწყებები აღიჭურვა იმ მოწყობილობებით და ლაბორატორიული თუ საველე ანალიზის საშუალებებით, რომლებიც ჩვენ აქამდე არ გვქონდა და ამ დახმარების გარეშე დიდხანს ვერც გვექნებოდა. ჩატარდა გარკვეული სამუშაო კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც. საქართველო მიუერთდა კონვენციას ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვის შესახებ, რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გააჩნია და ასევე ჩავერთეთ რამდენიმე საერთაშორისო პროცესში, როგორიც გახლდათ თუნდაც შარშანდელი ბირთვული სამიტი.”

ყველა ამ ქმედების მიზანი ერთია, - გვიხსნის ზაალ ლომთაძე, - საქართველო, როგორც სერიოზული სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქვეყანა, არ გადაიქცეს არალეგალური ტრანზიტის წყაროდ, რისი საფრთხეც, თუ გავითვალისწინებთ ბირთვული ნივთიერებების - მათ შორის, გამდიდრებული ურანის - საქართველოს გავლით გატანის არაერთ მცდელობას, რეალურად არსებობს.
რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ჩვენ დღეს გვაქვს...

”მიუხედავად იმისა, რომ ეს საფრთხე არ არის დიდი, მაგრამ თუ ის მაინც განხორციელდა, მისი შედეგი იქნება იმდენად ცუდი, რომ უკვე ამ ეტაპზეა საჭირო ყველა შესაძლო ზომის მიღება. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, რადგან ადგილი, რომელიც არავის მიერ კონტროლდება, წარმოადგენს ნატურალური მიზიდულობის წერტილს ნებისმიერი ტიპის არალეგალური აქტივობისთვის. თანაც, არსებობდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში იყო გამდიდრებული ურანი. ამ ურანის ყოფნა-არყოფნის საკითხი 90-იანი წლების დასაწყისში ბუნდოვანი გახდა, მას შემდეგ არც მისი კვალი ჩანს და არც რაიმე დოკუმენტი. ამრიგად, ჩვენ ვერანაირად ვერ მოვხსნით დღის წესრიგიდან საკითხს, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები არის და იქნება ამ საფრთხის შემცველი პერმანენტულად, სანამ რაიმე საერთაშორისო მექანიზმი ან საქართველოს იურისდიქციის აღდგენა არ მოგვიხსნის ამ პრობლემას”, - ამბობს ზაალ ლომთაძე

რადიაციული ტექნოლოგიების და უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი ლერი მესხი ფიქრობს, რომ ეს საკითხი საქართველოში კიდევ უფრო პრიორიტეტული უნდა გახდეს და არ დაგვამშვიდოს იმ ფაქტმა, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, დიდი ოდენობით ბირთვული ნივთიერების გადასატანად ჯერჯერობით არ იყენებენ:
საკმაოდ ხშირია ბირთვული ნივთიერების კონტრაბანდის გზით გატანის შემთხვევები...

”საკმაოდ ხშირია ბირთვული ნივთიერების კონტრაბანდის გზით გატანის შემთხვევები საქართველოდან - კონკრეტულად აფხაზეთის და.ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით. თუმცა აქ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით ამას ერთგვარი მოსინჯვის ხასიათი აქვს, გზის გაკვალვის. ამიტომაც შემოაქვთ ხოლმე მცირე რაოდენობით ეს ნივთიერება.”

სწორედ ამ გზის გაკვალვას უნდა შეუშალოს ხელი ყველა იმ უკვე გადადგმულმა და დაგეგმილმა ნაბიჯმა, რომელთა შესახებაც ქართული და ამერიკული მხარეები მომდევნო ორი დღის განმავლობაში კონფერენციაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG