Accessibility links

logo-print
გორის რაიონში, ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, შავშვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს 100 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი გამოუყვეს. დღეს ამ ფართობზე ტრაქტორებით საშემოდგომო სამუშაოები დაიწყეს. იხვნება მიწა, ოქტომბერში კი ხორბალი დაითესება. შავშვებში ჩასახლებულმა 168 დევნილმა ოჯახმა ამხანაგობა შექმნა, აირჩია 11-კაციანი ხელმძღვანელობა და დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართა. მათ ინიციატივას პოლონეთის ხელისუფლება გამოეხმაურა. დაიწერა პროექტი, რომელიც „ჟივეცის განვითარების ფონდისა“ და საქართველოს ხელისუფლების დახმარებით ხორციელდება. მისი მიზანია დევნილებისთვის მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში ხელშეწყობა.

ლიახვის ხეობიდან დევნილი არჩილ ზუბაშვილი ამბობს, რომ 5 წლის განმავლობაში მიწა ამხანაგობის განკარგულებაში იქნება და სარგებელს თითოეული ოჯახი მიიღებს.

ფინანსური დახმარების გარდა, პოლონურმა მხარემ ამხანაგობის 14 წევრი პოლონეთში მიიწვია, სადაც მათ სოფლის მეურნეობაში არსებულ სიახლეებსა და ტექნოლოგიებს გააცნეს. გალინა ქელეხსაევას აზრით, საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა მოსავლის ხარისხისა და რაოდენობის გაზრდაში დაეხმარებათ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის აზრით, შესაძლოა შავშვეთში მცხოვრები დევნილების პროექტი სხვა დევნილებისთვისაც სამაგალითო გახდეს. რეგიონში ბევრი დაუმუშავებელი მიწაა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ეს რესურსი იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს.

პოლონური მხარე დევნილთა კოოპერატივს უზრუნველყოფს საწვავით, სათესლე მასალითა და მუშახელისთვის საჭირო ტრანსპორტით. საქართველოს ხელისუფლება კი ეხმარება ტექნიკითა და სასუქით, ასევე - მოსავლის აღებასა და რეალიზებაში. საქართველოში პოლონეთის ელჩის ურშულა დოროშევსკას განცხადებით, პოლონეთის მთავრობა საქართველოსთვის პრიორიტეტული პროექტების დასაფინანსებლად მზადაა. პრიორიტეტები კი დევნილთა პრობლემები, სოფლის მეურნეობა და რეგიონების განვითარებაა.

აღნიშნული პროექტის ბიუჯეტია 120 000 დოლარი. იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს, სამი წლის წინ რუსეთის საჯარისო დანაყოფები სანგრებს თხრიდნენ. ერთ-ერთი საგუშაგო მათ ნადარბაზევის ტბასთან ჰქონდათ მოწყობილი და აქედან კეტავდნენ საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალს.
XS
SM
MD
LG