Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღდგება თუ არა მარტოხელა პენსიონერის სტატუსი?


პარტია ”საქართველოს ევროპელი დემოკრატები” პარლამენტს მოუწოდებს გამოიჩინოს ინიციატივა და აღადგინოს მარტოხელა პენსიონერის სტატუსი, რომელიც 2007 წელს გაუქმდა. სტატუსის აღდგენის შემთხვევაში პენსიონერები, პენსიაზე დამატებითი თანხის გარდა, გარკვეული შეღავათებითაც ისარგებლებენ. საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ინიციატივის აუცილებლობას ვერ ხედავენ, თუმცა ამ სფეროში ცვლილებების განხორციელებას გეგმავენ.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 15 სექტემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები, ასაკით პენსიონერები ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებენ. ამ ინიციატივის მიუხედავად, ოპოზიციის ერთი ნაწილი მარტოხელა პენსიონერის სტატუსის აღდგენას და, ამასთან, იმ შეღავათებით სარგებლობის საშუალებასაც ითხოვს, რაც 2007 წლამდე ამ სტატუსის პენსიონერებს ჰქონდათ.
ის მარტოხელა, ასაკით პენსიონერები, რომლებსაც ეს ასაკი 2007 წლამდე შეუსრულდათ, დღესაც იღებენ 22-ლარიან დანამატს, დანარჩენები - არა, და ეს აშკარად დისკრიმინაციულია...

პარტია „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლიკა ნაღებაშვილი, ამბობს, რომ მიუხედავად მარტოხელა პენსიონერის სტატუსის გაუქმებისა, ის ასაკით პენსიონერები, რომელთაც 2007 წლამდე დაენიშნათ პენსია, დღესაც იღებენ 22-ლარიან დანამატს, ხოლო დანარჩენი მარტოხელა პენსიონერები ამ დანამატით სარგებლობის უფლებას მოკლებულნი არიან. სწორედ ამ უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით მიმართავს ლიკა ნაღებაშვილი პარლამენტს ინიციატივით, აღდგეს მატოხელა პენსიონერის სტატუსი:

”ის მარტოხელა, ასაკით პენსიონერები, რომლებსაც ეს ასაკი 2007 წლამდე შეუსრულდათ, დღესაც იღებენ 22-ლარიან დანამატს, დანარჩენები - არა, და ეს აშკარად დისკრიმინაციულია. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ შევიდეს ცვლილება კანონმდებლობაში და ყველა მარტოხელა პენსიონერი მიიღებს სახელმწიფოსგან თანაბარ დაფინანსებას.”
არ მგონია ჩვენნაირები ბევრნი იყვნენ და აღდგეს ეს მარტოხელა პენსიონერის სტატუსი, ხომ შეიძლება?..

ლამარა გაბინაშვილი მარტოხელა პენსიონერია, საპენსიო ასაკს მან შარშან, 2008 წელს მიაღწია. იმის გამო, რომ მარტოხელა პენსიონერის სტატუსით ვერ სარგებლობს, 22-ლარიანი დანამატიც არ აქვს. ლამარა გაბინაშვილი ხელისუფლებას სთხოვს გაითვალისწინონ მისნაირი პენსიონერების მდგომარეობა და მათზეც გავრცელდეს 2007 წლამდე არსებული დანამატი და შეღავათები:

”თუ მარტოხელა პენსიონერების ფონდის გაზრდა ვერ ხერხდება, ხომ იღუპებიან პენსიონერები და რაღაც რიგითობა დაწესდეს და სხვები ჩაენაცვლონ გარდაცვლილებს ამ ფონდში. არ მგონია ჩვენნაირები ბევრნი იყვნენ და აღდგეს ეს მარტოხელა პენსიონერის სტატუსი, ხომ შეიძლება? ”

მარტოხელა პენსიონერის ლამარა გაბინაშვილის თქმით, იმის გამო, რომ ის სოციალურად დაუცველთა სიაშია, პენსიასთან ერთად სახელმწიფო შემწეობას იღებს, თუმცა ამბობს, რომ მომავალი აღრიცხვისას შესაძლოა ამ შემწეობის გარეშე დარჩეს, თუკი მისი საყოფაცხოვრებო პირობები მინიმალურად მაინც გაუმჯობესდა, თუნდაც იმით, რომ მეზობელმა ტელევიზორი აჩუქოს. მარტოხელა პენსიონერის სტატუსის შემთხვევაში კი ფულადი დანამატი, შეღავათიანი ტარიფი სატელეფონო მომსახურებასა და ელექტროენერგიის გადასახადებზე მუდმივი იქნებოდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში სულ 11 036 მარტოხელა, არამომუშავე ერთსულიანი პენსიონერის ოჯახი იღებს 22-ლარიან საპენსიო დანამატს.
ოთარ თოიძე

პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ თოიძის თქმით, ცვლილებები კანონმდებლობაში, რომლებიც პენსიონერთა საკითხებს შეეხება, შესაძლოა, მართლაც შევიდეს და ამაზე შესაბამისი კომიტეტები მუშაობენ, მაგრამ, სავარაუდოდ, მარტოხელა პენსიონერის სტატუსის აღდგენის შესაძლებლობა ნაკლებად იქნება და აქცენტი უფრო სოციალურად დაუცველობის კუთხით გაკეთდება:

”არიან მარტოხელები და, ამასთან, არიან პენსიონერები, მაგრამ კიდევ სხვა კატეგორიაც ხომ შეიძლება იყოს აქ, მაგალითად, ინვალიდები ან არაინვალიდები, ასევე შეიძლება არ იყოს მოხუცი, ან შეიძლება მარტოხელა იყოს, მაგრამ ჰქონდეს შემოსავალი რაღაც დივიდენდებით, ან შეიძლება ბინას აქირავებს თავისას, ანუ ამოსავალი უნდა იყოს სიღარიბის ზღვარი და, სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერ გაექცევა სიღარიბის ზღვარს კატეგორიების მინიჭებისას.”
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG