Accessibility links

logo-print
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ასობით საჯარო სკოლა დაიხურა. სკოლების ლიკვიდაცია-ოპტიმიზაციის პროცესში ორი ძირითადი ეტაპი გამოიკვეთა: პირველი ეტაპი მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლების გაერთიანებას გულისხმობდა, მეორე ეტაპზე კი, ამასთან ერთად, სკოლების შენობების პრივატიზებაც დაიწყო. რამდენიმე საჯარო სკოლა უკვე გადავიდა კერძო სკოლების მფლობელობაში. საჯარო სკოლების ოპტიმიზაციის მიზანი სახელმწიფო ხარჯების შემცირება და სისტემის ეფექტურობის გაზრდაა, თუმცა პროცესის გაუმჭვირვალე ხასიათი განსაკუთრებით გამოკვეთს ნეგატიურ მხარეებსაც.
თქვენ ოპტიმიზაციაზე, ხომ? არა, არა, კომენტარს არ აკეთებს სამინისტრო...

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის ბოლო დროს თითქმის შეუძლებელი გახდა ოფიციალური განმარტების მოპოვება. გამონაკლისს, ცხადია, არც სკოლების ოპტიმიზაციის საკითხი წარმოადგენს.

”თქვენ ოპტიმიზაციაზე, ხომ? არა, არა, კომენტარს არ აკეთებს სამინისტრო.”

ასეთი იყო სატელეფონო პასუხი. ოფიციალური კომენტარის არარსებობის პირობებში კი, არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბოლო წლებში 1200 სკოლა დაიხურა. სკოლების რეორგანიზაცია ძირითადად გაერთიანების გზით ხორციელდება. თავის მხრივ, სკოლების მექანიკური გაერთიანება პრობლემათა ახალ რიგს ქმნის. მაგალითად, ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლა 800-მდე მოსწავლეზეა გათვლილი და მასთან შეერთებული მე-18 სკოლის მოსწავლეთა დატევა არ გაუჭირდება, მაგრამ შენობა გასული საუკუნის სამოციანი წლების შემდეგ არ გარემონტებულა და არც ინვენტარია საკმარისი.
სკოლების ლიკვიდაციისა და ოპტიმიზაციის კანონიერი უფლება აქვს სამინისტროს, მაგრამ ჩვენთვის, პედაგოგთა პროფკავშირისთვის, ყველაზე მტკივნეული არის ის, რომ სამინისტროს პოზიცია არ ჩანს...

”პირველი ორი საფეხურის, ანუ დაწყებითისა და საბაზო საფეხურის, მერხები 200-მდე ჩვენ გვაქვს, 200-მდე - იმათ. ყველასათვის საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის ინვენტარი. ეს მხოლოდ მერხებსა და სკამებს ვგულისხმობ, თორემ ისე დგამ-ავეჯეულობა, კარადები, ესენი ყველა მოძველებულია - იმათიც, ჩვენიც”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამილა გაბუნიამ, რომელიც აღნიშნავს, რომ პედაგოგთა რიცხოვნობის შემცირებაც გარდაუვალია.

პედაგოგთა შემცირება სკოლების ოპტიმიზაციის პროცესის თანმდევი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. არაოფიციალურად, უკანასკნელ წლებში სამსახურიდან გათავისუფლებულ მასწავლებელთა რიცხვი 20 000-ს აღწევს.
საქართველოს განათლების პროფკავშირების თავმჯდომარის, მაია კობახიძის განცხადებით, ეს რიცხვი გაბერილია. მის ხელთ არსებული მონაცემების თანახმად, რომელიც ასევე ვერ იქნება ზუსტი, გათავისუფლებულ პედაგოგთა რაოდენობა 1000-ს შეადგენს და მათ შორის სერტიფიცირებული მასწავლებლებიც არიან. ზოგადად კი, მაია კობახიძის განმარტებით, ყოველდღიურად იზრდება იმ პედაგოგთა რიცხვი, რომლებიც პროფკავშირს თავიანთი დარღვეული შრომითი და სამართლებრივი უფლებების აღდგენის თხოვნით აკითხავენ:

”სკოლების ლიკვიდაციისა და ოპტიმიზაციის კანონიერი უფლება აქვს სამინისტროს, მაგრამ ჩვენთვის, პედაგოგთა პროფკავშირისთვის, ყველაზე მტკივნეული არის ის, რომ სამინისტროს პოზიცია არ ჩანს. იძულებით გათავისუფლებული მასწავლებლების დასაქმების პროგრამა უნდა არსებობდეს.”
ზაფხულის განმავლობაში მარტვილის რაიონში დაიხურა 4 საჯარო სკოლა, ხოლო სოფელ თამაკონში დაიხურა საბაზო სკოლა და მის ნაცვლად იხსნება ოთხწლიანი დაწესებულება, რომელსაც სკოლას ვერ ვუწოდებთ...

ოპტიმიზაციის პროცესის დროს სახელმწიფოს მხრიდან განათლების ხელმისაწვდომობის პრინციპის დარღვევის საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, თავის მხრივ, პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი ნინო გოგუაძე, აღნიშნავს რა, რომ განათლების ხელმისაწვდომობის პრინციპი ხარისხიანი განათლების როგორც ფინანსურ, ასევე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას გულისხმობს და მაგალითად მარტვილის რაიონის სოფელ თამაკონში შექმნილი ვითარება მოჰყავს:

”ზაფხულის განმავლობაში მარტვილის რაიონში დაიხურა 4 საჯარო სკოლა, ხოლო სოფელ თამაკონში დაიხურა საბაზო სკოლა და მის ნაცვლად იხსნება ოთხწლიანი დაწესებულება, რომელსაც სკოლას ვერ ვუწოდებთ, რადგან განათლების კანონი მკაცრად განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ვუწოდოთ დაწესებულებას სკოლა.“

თავისუფალი დემოკრატები თამაკონში დაწყებითი ექვსწლიანი სკოლის შენარჩუნებას მოითხოვენ და სოფლის სკოლების ოპტიმიზაციის პროცესში, ზოგადად, პოლიტიკურ საკითხსაც ხედავენ - ხელისუფლების მხრიდან სოფლების დაცლის ხელშეწყობის მცდელობას.

თუმცა პოლიტიკური ოპონირების მიღმა, 7 წლის წინ სკოლების ოპტიმიზაციის პროცესის დაწყების მიზეზი გახდა რეალობა, რომლის თანახმად, 2004 წლისთვის სასკოლო ინფრასტრუქტურა, - როგორც ადამიანური, ისე ფიზიკური, - არსებულთან შედარებით, 300 000 მოსწავლით მეტზე იყო გათვლილი. როგორც განათლების სფეროს ექსპერტი სიმონ ჯანაშია აღნიშნავს, პრობლემას აქ ის ქმნის, რომ ძნელია ობიექტური კრიტერიუმის შემუშავება, რომელი სკოლა უნდა დაექვემდებაროს ოპტიმიზაციას და რომელი არა.
სიმონ ჯანაშია

”შესაბამისად, ხდება ძალიან გაუმჭვირვალე გადაწყვეტილების მიღება. ადრე, ვთქვათ, იყო კომისიის საფუძველზე - იჯდა კომისია და იღებდა გადაწყვეტილებებს, რომელი სკოლების შემცირება შეიძლება. ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი იყო, რამდენ ბავშვზეა სკოლა გათვლილი და რამდენი სწავლობს, არის თუ არა სხვა სკოლა ახლოს და ხომ არ შეექმნებათ პრობლემა ბავშვებს. მაგრამ, ვთქვათ, თუ გამოჩნდებოდა ძლიერი ლობისტი შენარჩუნებისთვის რომელიღაც სკოლის, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა არ დახურულიყო სკოლა.”

სიმონ ჯანაშია აღნიშნავს ოპტიმიზაციის პროცესის კიდევ ერთ ნაკლოვანებას, კერძოდ, სკოლის მოსწავლეების მშობლების ჩაურთველობას პროცესში, რის შედეგადაც ერთ სკოლაში მიყვანილი ბავშვი, შესაძლოა, მშობლის დაუკითხავად მეორეში, მათ შორის, კერძო სკოლაშიც კი აღმოჩნდეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG