Accessibility links

logo-print
უკრაინა ემზადება საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საჩივრის შესატანად, გაზის ფასზე უთანხმოებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ თვით პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში, რაც ნათელს ხდის, რომ ბოლო მოეღო დათბობას უკრაინა-რუსეთის ურთიერთობაში.

ყველაფერი დაიწყო პომპეზური ცერემონიით, რომელსაც უკრაინის ქალაქმა ხარკოვმა უმასპინძლა. ეს იყო მომენტი, როცა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა და მისმა რუსმა კოლეგამ, დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სევასტოპოლში რუსეთისთვის ყოფილი საბჭოთა სამხედრო საზღვაო ბაზის იჯარის გაგრძელებაზე.
კუთხეში მიგვაყენეს, მერე კი პირობების კარნახი დაგვიწყეს. ეს დამამცირებელია არა მარტო ჩემთვის, არამედ სახელმწიფოსათვისაც...

კრემლმა „ისტორიული“ უწოდა ამ მომენტს - მომენტს, რომელმაც ცხადყო შემოტრიალება კიევის პოლიტიკაში: ვიქტორ იანუკოვიჩმა შეცვალა წინამორბედი პრეზიდენტის პოსტზე, ვიქტორ იუშჩენკო და მისი პროდასავლური პოლიტიკა. სანაცვლოდ, მოსკოვმა უკრაინას დროებით გაუიაფა რუსული გაზის იმპორტი, რომელსაც ითვალისწინებს 2009 წელს ხელმოწერილი ათწლიანი კონტრაქტი...

მაგრამ გავიდა წელიწადზე ცოტა მეტი და, რომ იტყვიან, თაფლობის თვე დასრულდა. უკრაინა იმუქრება, რომ საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს რუსეთს 2009 წლის კონტრაქტის გამო, რომელიც კიევს იმდენად მაღალ ფასად აწვდის ბუნებრივ აირს, რომ მას წელიწადში 6 მილიარდი დოლარით მეტის გაღება მოუწევს, ვიდრე, დავუშვათ, გერმანიას...

მოსკოვი, თავის მხრივ, ამბობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს კიევთან ახალი კონტრაქტის გაფორმების საკითხს, თუ უკრაინა დაყაბულდება რუსეთის მიერ შექმნილ საბაჟო კავშირში გაწევრიანებას. ამ მოთხოვნას იანუკოვიჩმა „დამამცირებელი“ უწოდა.

„არ მივცემთ უფლებას, ასე გველაპარაკონ. კუთხეში მიგვაყენეს, მერე კი პირობების კარნახი დაგვიწყეს. ეს დამამცირებელია არა მარტო ჩემთვის, არამედ სახელმწიფოსათვისაც, რასაც მე ვერ დავუშვებ“, - განაცხადა იანუკოვიჩმა გასული კვირის მიწურულს.

უკრაინა იმუქრება, რომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში შეიტანს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს. თუმცა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კონსტანტინ ჰრიშენკომ ორშაბათს იმედი გამოთქვა, რომ საქმე აქამდე არ მივა.
ვფიქრობთ, რომ უახლოეს ხანში შევძლებთ მივაღწიოთ შეთანხმებებს, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე ვითარებას ბაზარზე და შეთანხმების თანამედროვე პრაქტიკას...

„მართალია, სამკარისი არგუმენტი გვაქვს საიმისოდ, რომ ჩვენი პოზიცია წარმოვადგინოთ ნებისმიერ საერთაშორისო სასამართლოში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ უახლოეს ხანში შევძლებთ მივაღწიოთ შეთანხმებებს, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე ვითარებას ბაზარზე და შეთანხმების თანამედროვე პრაქტიკას“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ორივე მხარე ირწმუნება, რომ სურს, თავიდან აიცილოს მორიგი დავა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ორჯერ შეწყვიტა ბუნებრივი აირის ექსპორტი უკრაინის გავლით, თან შუაგულ ზამთარში და ამით მილიონობით ადამიანი დატოვა, მაგალითად, გათბობის გარეშე არა მარტო უკრაინაში - ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც. ეს იმიტომ, რომ ევროკავშირში რუსეთის გაზის ექსპორტის 80 პროცენტი გადის უკრაინაზე ტრანზიტის გზით.

კონტრაქტით, რომელიც 2009 წელს დაიდო, კიევი იმ წელს 1000 კუბურ მეტრ გაზში იხდიდა 230-მდე დოლარს. წელს ეს ფასი 400 დოლარამდე იზრდება. უკრაინა ითხოვს, რომ მიეცეს რუსეთისაგან შესასყიდი გაზის შემცირების საშუალება მაინც. ჯერჯერობით ამაოდ. არადა, ბუნებრივი აირის სიძვირე კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც მძიმე ეკონომიკურ კრიზისს ქვეყანაში.

ბევრი მიიჩნევს მოსკოვთან კიევის განხეთქილებას ერთ-ერთ მიზეზად იმისა, რომ ასამართლებენ უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს. ტიმოშენკოს, როგორც ცნობილია, ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება პრემიერ-მინისტრობის დროს რუსეთთან ზემოხსენებული, 2009 წლის კონტრაქტის ხელმოწერისას. ზოგი მიმომხილველის შეფასებით, კიევი ტიმოშენკოს პროცესს იყენებს მოსკოვთან კონტრაქტისთვის სამართლებრივი საფუძველის გამოსაცლელად. ტიმოშენკოს დამნაშავედ ცნობას ის გამოიყენებს საბაბად რუსეთის წინააღმდეგ სარჩელისთვის. კიევი მიუთითებს კიდევ ერთ გეგმაზე - აცხადებს, რომ, ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად, დაშლის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზს“, რაც ასევე ამართლებს მოსკოვთან კონტრაქტის გადასინჯვას.

კიეველ პოლიტოლოგ ვლადიმირ ფესენკოს შეფასებით, სევასტოპოლის სამხედრო ბაზაზე გასულ წელს გაფორმებული შეთანხმების შემდეგ მოსკოვს იანუკოვიჩი წარმოედგინა სუსტ ლიდერად, რომელსაც გამოიყენებდა უკრაინაზე რუსეთის გავლენის აღსადგენად. მაგრამ მოხდა ისე, რომ იანუკოვიჩი უარზე დადგა, როცა კრემლი გამოვიდა რუსეთის „გაზპრომისა“ და უკრაინის „ნაფტოგაზის“ გაერთიანების ინიციატივით. თავი იჩინა დაძაბულობამ და როცა იანუკოვიჩმა გაააქტიურა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ (ეს კი შეუთავსებელია რუსეთთან საბაჟო კავშირში შესვლასთან), მოსკოვი განაწყენდა.
რუსებისთვის ეს აღმოჩნდა ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი. ისინი უკვე მზად იყვნენ საიმისოდ, რომ უკრაინა უეჭველად შეუერთდებოდა საბაჟო კავშირს და აღმოჩნდა, რომ ასე არ არის...

როგორც პოლიტოლოგი ვლადიმირ ფესენკო ამბობს, „რუსებისთვის ეს აღმოჩნდა ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი. ისინი უკვე მზად იყვნენ საიმისოდ, რომ უკრაინა უეჭველად შეუერთდებოდა საბაჟო კავშირს და აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. ამას მოჰყვა პოლიტიკური განცხადებები, მათ შორის პრეზიდენტ იანუკოვიჩის განცხადება, რომ მისთვის მთავარია ევროპული ინტეგრაცია და აქ, რუსებმა, რომ იტყვიან, საპასუხო ნაბიჯი გადადგეს და დაიწყეს სანქციებით მუქარა“.

პრემიერ-მინისტრ პუტინის განცხადებით, მოსკოვი 2009 წლის კონტრაქტის გადასინჯვას დაყაბულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დათანხმდება „ნაფტოგაზის“ გაერთიანებას „გაზპრომთან“. ამ მოთხოვნით პუტინმა გაამყარა ფართოდ გავრცელებული აზრი, რომ მოსკოვის უკომპრომისო პოზიცია მიზნად ისახავს უკრაინის იძულებას, ისევ დაბრუნდეს აღმოსავლელი მეზობლისთვის სასურველ ორბიტაზე.

ნათელი არ არის, როგორ დასრულდება ერთმანეთთან გაუცხოებული მოკავშირეების კონფლიქტი. ყოველ შემთხვევაში, ინტერვიუში, რომელიც სამშაბათის ნომერში დაბეჭდა გაზეთმა „კომერსანტმა“, იანუკოვიჩი აცხადებს - უკრაინელები არა ვართ მოსკოვის „ღარიბი ნათესავები“ და ჩვენთან „ულტიმატუმებით საუბარს“ წარმატება არ მოყვებაო...
XS
SM
MD
LG