Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ შეაჩერა პატიმრების გადაყვანა ავღანეთის რამდენიმე ციხეში


ნატოს სარდლობით მოქმედმა საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერმა ძალებმა შეაჩერეს ავღანეთის ზოგიერთ ციხეში პატიმრების ტრანსპორტირება. ამის მიზეზი გახდა გაეროს მიერ გამოსაქვეყნებლად მომზადებული ანგარიში, რომლის თანახმად ავღანეთის ზოგიერთ ციხეში ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას.

უფლებადამცველები წლების განმავლობაში სწავლობენ და აქვეყნებენ განცხადებებს ავღანეთის ციხეებში პატიმართა წამებისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ, მაგრამ ბოლო ბრალდებები ამჟამად თავმოყრილი იქნება ავღანეთში მყოფი გაეროს მისიის ანგარიშში, რომელიც, როგორც ბიბისი იუწყება, გამოსაქვეყნებლად მზად არის. ანგარიშში აღწერილია, თუ როგორ სასტიკად ილახება ავღანელი სამხედროებისა და პოლიციელების მხრიდან პატიმრების უფლებები ქვეყნის ზოგიერთ საპატიმრო დაწესებულებაში. ნატოს მრავალეროვნული ძალების წარმომადგენელმა ავღანეთში, გენერალმა გარსტენ იაკობსონმა დაადასტურა, რომ ბრალდებების გადამოწმებამდე საეჭვო საპატიმროებში პატიმართა გადაყვანა ჯერ კიდევ ორი თვის წინ შეჩერდა. ამ სიას კი ბოლო დღეებში კიდევ რამდენიმე დაწესებულება დაემატა.
ავღანეთის ხელისუფლება და განსაკუთრებით უსაფრთხოების ეროვნული დირექტორატი - დაზვერვის მთავარი უწყება - სისტემატურად მონაწილეობდა პატიმართა წამებაში...

„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ჩვენ შევაჩერეთ პატიმართა გადაყვანა ცალკეულ დაწესებულებებში. ჩვენ ინფორმირებულნი ვართ და ველოდებით გაეროს ანგარიშს, რომელსაც გავეცნობით. ჩვენ არ შეგვიწყვეტია პატიმრების გადაყვანა საერთოდ, არამედ მხოლოდ ზოგიერთ დაწესებულებაში.“

როგორც სამ ზია-ზარიფმა, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ აზია- წყნარი ოკეანის პროგრამის დირექტორმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, ნატოს დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმ ფაქტებს, რაზეც ადამიანის უფლებათა მკვლევარები წლების განმავლობაში აწვდიდნენ ინფორმაციას ალიანსის წარმომადგენლებს:

„ავღანეთის ხელისუფლება და განსაკუთრებით უსაფრთხოების ეროვნული დირექტორატი - დაზვერვის მთავარი უწყება - სისტემატურად მონაწილეობდა პატიმართა წამებაში. ეს ისაა, რაზეც წლების განმავლობაში ცდილობდნენ ნატოს ყურადღების მიპყრობას და ვფიქრობ, რომ, საბოლოოდ, წელს მიხვდნენ, რომ მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ ის უშუალოდ ნატოს ძალებსაც ჩაითრევდა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო, რაც მიანიშნებს მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომლის გააზრებამაც მიახვედრა ისინი, რომ არ უნდა გადასცენ პატიმრები ავღანეთის ხელისუფლებას.“
ხელისუფლებამ სერიოზულად მიიღო მისიის ანგარიში და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა დაგეგმა...

”ბი-ბი-სის” თანახმად, ავღანეთში გაეროს მისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ავღანეთის ზოგიერთ საპატიმროში ტერორისტულ საქმიანობასა და ექსტრემისტებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ პატიმრებს სცემენ, ზოგჯერ, იყენებენ ელექტროშოკს და ემუქრებიან გაუპატიურებით. საპატიმრო დაწესებულებები კი, რომლებსაც ავღანეთის ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტი განკარგავს, ჰერატში, ჰოსტში, ლაგმანში, კაპისასა და ტახარში მდებარეობს. ავღანეთში გაეროს მისიის წარმომადგენელი დენ მაკნორტონი ამბობს, რომ ანგარიშში მოძიებული ფაქტები მისიამ უკვე გააცნო ავღანეთის ხელისუფლებას. მაკნორტონის თქმით, „ხელისუფლებამ სერიოზულად მიიღო მისიის ანგარიში და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა დაგეგმა.“

ავღანეთში გაეროს მისიის შესაბამისი ანგარიში, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG