Accessibility links

logo-print
28 აგვისტო, კვირა
ბობნევის სუსხიანი დილაა. მეხუთე დღეა, აქ ჩემს ოჯახთან ერთად ვიმყოფები. ჩვეულებისამებრ, დილით ადრე ავდექი და ულამაზეს ხეობას შევუყევი. ხეობის დასაწყისში მორწმუნეების მიერ მოწყობილ ტალავერთან, სადაც ზარიც ჩამოუკიდიათ, მომცრო ხატები დაუსვენებიათ და ნატვრის ხეც შეურჩევიათ, რამდენიმე მანქანა და მისი ღამენათევი მგზავრები მინავლებულ კოცონს ეფიცხებიან. სოფლის მიდამოებში, ისევე როგორც, საერთოდ, ატენის ხეობაში, ისტორიული ძეგლების ნაკლებობა არც აქ იგრძნობა (ძლიერ დაზიანებული ბიისის ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია XVII საუკუნისა თავისი ფრესკული მხატვრობით, გვიანფეოდალური ხანის რამდენიმე ეკლესია: კვირაცხოვლის, წმინდა გიორგის და კევის ეკლესიები).

მილოცვისა (დღეს ხომ მარიამობაა!) და მოკითხვის შემდეგ გზას ვაგრძელებ და შემდეგ ბინაში ვბრუნდები, თან ხეობის ბოლოს, ორ მთას შუა, ეგვიპტური პირამიდასავით ჩასმული დანახვისის მწვერვალის საოცარი სილამაზით ვტკბები. ამბობენ, მოწმენდილ ამინდში, ღამით, განათებული თბილისი ჩანსო. რამდენჯერმე ვყოფილვარ დანახვისზე (შეიძლება ამიტომაც შეარქვეს ეს სახელი), მაგრამ თბილისი არ დამინახავს.

ბინაში დაბრუნებისთანავე პირველი, ვისაც ვურეკავ და მარიამობის დღესასწაულს ვულოცავ, არის ჩემთვის უაღრესად პატივსაცემი ქალბატონი, აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე.

ამის შემდეგ ვაგრძელებ გამომცემლობა „უნივერსალიდან“ გამოგზავნილი ჩემი ნაშრომის ამონაბეჭდის კორექტურას. ეს არის ოთხ ტომად ჩაფიქრებული მონოგრაფიის - გვიანფეოდალური ხანის საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, II ტომი (პირველი გამოქვეყნდა 2009 წელს). იგი მოიცავს XVII საუკუნის პირველ ნახევარს და პირობითად თეიმურაზ I-ის ეპოქა ვუწოდე. თეიმურაზ I იყო ჩვენი ქვეყნის ამ მღელვარე და ტრაგიკული პერიოდის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი და წარმმართველი. ეს იყო მეფე, რომელმაც ყველაფერი შესწირა ენას, მამულსა და სარწმუნოებას. იარაღით დამარცხებულმა, ზნეობრივად, მან ყველა მტერზე გაიმარჯვა.



29 აგვისტო, ორშაბათი
ჯერ ისევ ბინდში ბობნევის შემოგარენი შემოვიარე და შინ დავბრუნდი ხელდამშვენებული: მოვიტანე ტყეში დაკრეფილი მაყვალი. ტყის ნაყოფმა ისე გაახარა ჩემი მეორეკლასელი ვაჟი, ჩემი სეხნია, რომ მაშინვე ტყეში წასვლის და მაყვლის მოკრეფისათვის მზადყოფნა გამოთქვა. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ აქამდე ტყეში წასვლას ის თანატოლებთან თამაშს ამჯობინებდა. მართლაც მოვიარეთ ტყე და ხელდამშვენებულნი დავბრუნდით. მისი ინიციატივით მაყვალი სხვა ბავშვებსაც ვუწილადეთ.

ეს დილა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მოხდა ჩემი დღის რეჟიმის შეცვლა: ჩემმა მეუღლემ, ისტორიის მასწავლებელმა, ლეილა ჯანაშვილმა მირჩია წამეკითხა მარკესის „პატრიარქის შემოდგომა“, რომლის კითხვა მან უკვე დაამთავრა. დავუჯერე და დავიწყე, მაგრამ თვალი ვეღარ მოვწყვიტე და დღე ამ საინტერესო წიგნის კითხვაში დავასრულე.

30 აგვისტო, სამშაბათი
მთელი დღის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით დილით მცირე ხნით გასეირნებას და სხვა ყოველდღიურ წვრილმანებს, მარკესის წიგნის კითხვის მეტი არაფერი გამიკეთებია. საღამოს დავამთავრე.

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრი წამიკითხავს ანტიკური თუ თანამედროვე ისტორიკოსებისა და ფილოსოფოსების მოსაზრებანი ტირანებისა და დიქტატორების შესახებ, მაგრამ, ვფიქრობ, ჯეროვნად ვერავინ აჩვენა ის საშინელებები, რაც ამ რეჟიმებს ახლავს. ისინი უმთავრესად მათთვის დამახასიათებელ პომპეზურობას და თვით დიქტატორების დიდ საქმეებსა და პირად ტრაგედიაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. მათი თხზულებები, ხშირად, ავანტიურისტებში დიქტატორული მდგომარეობის სურვილს უფრო აღძრავდა, ვიდრე მის წინააღმდეგ ბრძოლისა. მარკესმა კი, წასაკითხად მძიმე, ხშირად უხამსი ლექსიკით, აჩვენა, როგორ ახდენს სახალხო ბელადი ხალხის მიერ მისადმი გამოცხადებული განუსაზღვრელი ნდობის ბოროტად გამოყენებას იმავე ხალხისა და ქვეყნის საზიანოდ, როგორ ხდება დიქტატორის პიროვნული, მისი გარემოცვისა და მის მიერ დამყარებული რეჟიმის დეგრადირება. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეპოქაში დიქტატორულ რეჟიმებს ერთი და იგივე მახასიათებლები აქვს და ყოველთვის სისხლიანი ტრაგედიით მთავრდება. როდესაც „პატრიარქის შემოდგომას“ წერდა, მარკესს, უპირველეს ყოვლისა, ლათინური ამერიკის ხალხების მწარე გამოცდილება ჰქონდა მხედველობაში. მაგრამ მისი თხზულება წინასწარმეტყველურიც არის იმის გათვალისწინებით, რაც დღეს მნიშვნელოვან არაბულ ქვეყნებში ხდება. ისტორია კი გვასწავლის, მაგრამ არ ვსწავლობთ...

31 აგვისტო, ოთხშაბათი
ისეთი პირი უჩანს, თბილი და წყნარი დღე იქნება. მთაში ხომ, ბარისაგან განსხვავებით, უცბად და ლამაზად თენდება. ჰაერი საოცრად გამჭვირვალეა და ბალახი - ცვრიანი. ისმის ფრინველების გადაძახილი და ძაღლების შორეული ყეფა.

დღეს გორში ვბრუნდებით. 11 საათზე უკვე ავტობუსში ვართ, ატენის ხეობით გორისაკენ ვეშვებით და მისი მშვენიერებით ვტკბებით. ხვალიდან შემოდგომა იწყება, მაგრამ ყველგან ხასხასა სიმწვანეა, მხოლოდ ადგილ-ადგილ გამოანათებს გაშიშვლებული კლდეები. აგერ, კვლავ ხარაჩოებში ჩასმული ატენის სიონი, რომელსაც ზემოდან დარაჯივით დაჰყურებს ატენის ციხე.

მდინარე ტანას ხეობიდან გავედით თუ არა, მაშინვე გამოჩნდა გორის ციხე, ისტორიული ფუნქციადაკარგული, 1920 წლის გამანადგურებელი მიწისძვრის დროს მიღებული, დღემდე მოუშუშებელი ჭრილობებით. იგი მაინც ამაყად გამოიყურება, შორიდან ხომ არ ჩანს მისი საცოდავი მდგომარეობა... გორის ხელისუფლება ეძებს სახსრებს ციხისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლისა და, შემდგომ, მისი სრული რესტავრაციისათვის. ციხისა და გორის არქეოლოგიური შესწავლა მიზნად აქვს დასახული შარშან, უნივერსიტეტში დაარსებულ ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრს. ამისა და სხვა ჩანაფიქრების განხორციელება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ ფულის შოვნას.

დღეს ვასრულებ სასიამოვნო განწყობილებით: ჩვენმა კალათბურთელებმა შესანიშნავი თამაში გვიჩვენეს და ბელგიელებს მოუგეს!

1 სექტემბერი, ხუთშაბათი
მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც სწავლა, როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში 1 სექტემბერს აღარ იწყება, ამ დღეს, ქვეცნობიერად, მაინც საზეიმო განწყობილება მეუფლება: ათეული წლების განმავლობაში, ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 1 სექტემბერს იწყებოდა. როგორც ჩანს, ეს გრძნობა სამუდამოდ დამრჩება.

გუშინ გამოცხადდა სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ. დღეს უნივერსიტეტში წავალ. მაინტერესებს, როგორ დაკომპლექტდა ფაკულტეტები. ახალი სასწავლო წლიდან ბევრი საინტერესო სიახლის დანერგვას გვპირდება ჩვენი რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ენერგიული და მონდომებული ახალგაზრდა კაცი. მისი ზოგიერთი ჩანაფიქრის შესახებ, სხვებთან შედარებით, მეტი ვიცი. ამის უფლებას მაძლევს ადრინდელი, მის გარექტორებამდე, ჩვენ შორის არსებული ურთიერთობა.

11 საათზე რექტორს შევხვდი. გავიგე, რომ პირველ კურსზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა ნორმალურია. ისტორიის სპეციალობის პირველი კურსიც დაკომპლექტდება, რაც წინა წლებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ჩემი თაობის ადამიანებს ემახსოვრებათ, რომ კომუნისტური მმართველობის დროს ისტორიის სპეციალობაზე დიდი კონკურსი იყო ყველა უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ისტორიის ფაკულტეტი არსებობდა. ასეთი არანორმალური მდგომარეობა განპირობებული იყო გარკვეული კონიუნქტურით: პარტიულ ხელმძღვანელ თანამდებობებზე მოსაწყობად და დასაწინაურებლად. ახლა მეორე უკიდურესობაში აღმოვჩნდით: ისტორია და, საერთოდ, ჰუმანიტარული სპეციალობები - და მეცნიერებაც კი! - არაპრესტიჟული გახდა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სიმდიდრე მისი ისტორია და კულტურაა, მაშასადამე მათს შესწავლასა და განვითარებას დიდი ყურადღება სჭირდება.

ამჟამად მიმდინარეობს მეორე სასწავლო კორპუსის რემონტი და კეთილმოწყობა. ისტორიის სპეციალობის სტუდენტებისა და პროფესორების წასახალისებლად ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტში დაწესდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრს შეემატება კიდევ ერთი ცნობილი მედიევისტი - პროფესორი გურამ კუტალია. ცენტრთან გააგრძელებს მუშაობას სკოლების მოსწავლეთა და სტუდენტების ე. წ. ახალგაზრდული უნივერსიტეტი და სხვ. რექტორმა მომთხოვა გორის ციხისა და გუდაბერტყას არქეოლოგიური შესწავლის დახვეწილი გეგმა.

იმედიანად ვხვდებით ახალ სასწავლო წელს.

საღამოს ჩვენმა კალათბურთელებმა რუსეთის ნაკრებთან წააგეს. სამწუხაროა, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ანგარიშგასაწევი გუნდი გვყავს და მას თავისი შესაძლებლობები ჯერ ბოლომდე არ გამოუვლენია.

2 სექტემბერი, პარასკევი
რა მაქვს დღეისათვის დაგეგმილი? შუადღისთვის მინდა შევხვდე სამთავისისა და გორის მიტროპოლიტს, მეუფე ანდრიას, გადავცე ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული შრომათა კრებული, რომელშიც მისი სტატიაც არის მოთავსებული. აგრეთვე, უნდა მოვილაპარაკოთ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესი კირიონ II-ისადმი მიძღვნილი კონფერენციის მასალების გამოქვეყნებაზე, რაც ჩვენი ცენტრის მიერ ხორციელდება.

მანამდე უნდა დავუკავშირდე ჩვენი ცენტრის პროფესორს, არქეოლოგ გოგი მინდიაშვილს, რათა საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ გუდაბერტყის და გორის ციხის არქეოლოგიური შესწავლის პროექტი. მისი დაფინანსებისათვის სახსრების მოძიებას გვპირდებიან უნივერსიტეტის რექტორი და პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში ბატონი ზურაბ არსოშვილი. განზრახული გვაქვს, გორის ციხეზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის დამუშავება და გამოფენა მოეწყოს იქვე არსებული ძველი წყალსაცავის ნაგებობაში, მისი ამ მიზნისათვის გადაკეთების შემდეგ.

მეუფეს ვერ ვუკავშირდები. ტელეფონი გამორთულია.
ვესაუბრე ბატონ გოგი მინდიაშვილს. იგი ორშაბათს ჩამოვა გორში და პროექტს დავასრულებთ.

3 სექტემბერი, შაბათი
ვემზადები თბილისში წასასვლელად. დედაქალაქში უნდა შევხვდე ქალბატონ მარინა ვაშაყმაძეს, რადიო თავისუფლების სტუდიაში უნდა ჩავწეროთ ჩემი მთელი კვირის „თავგადასავალი“.

შემდეგ შევხვდები გივი ღამბაშიძეს. 28 სექტემბერს, ერევანში, კავკასიის ხალხების საერთაშორისო კონფერენცია იწყება და საქართველოს დელეგაციის პრობლემებზე უნდა ვიფიქროთ.

გზად გორიდან თბილისამდე დევნილთა დასახლებები მხვდება... ყოველთვის მიკვირს, როგორ გააქვს თავი ამ ხალხს. პატარ-პატარა სახლები და ყველა სახლის გასწვრივ - საჯაროდ ჩამწკრივებული ტუალეტები.

ტრაგედიები საქართველოს, სამწუხაროდ, არასოდეს აკლდა, მაგრამ ის, რაზე ფიქრებსაც ამ სახლებისა და დასახლებების ცქერა აღძრავს ჩემში, არის ქართველი ხალხის 21-ე საუკუნის უდიდესი ტრაგედია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG