Accessibility links

logo-print
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” „რუსთავი 2“–სა და „იმედს“ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო შიდა რეგულირების ორგანოებში უჩივის. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ტელეკომპანიებმა შეგნებულად დაამახინჯეს ახალგაზრდა იურისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს (DABS Fingerprints/Forensics Ltd) იმ დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მედიით გავრცელებულ ვიდეო და ფოტომასალაში გამოსახული პირი ერთი და იგივე ადამიანი, ანუ 26 მაისს მიტინგის დაშლის შემდეგ გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ნიკა კვინტრაძე აქციის დაშლისას მაღაზიის სახურავზე აძვრა, სადაც დენთან შეხების შედეგად გარდაიცვალა. სწორედ ამ ოფიციალურ ვერსიას აყენებს ეჭვქვეშ ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ფოტოების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ კვინტრაძე პოლიციელებს გარდაცვალებამდე ჰყავდათ დაკავებული.
ნათქვამი იყო, რომ სურათებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ფოტო, რომელიც საერთოდ არ გაგვიგზავნია, იყო ჩასმული, თითქოს ეს ფოტო გავაგზავნეთ და თითქოს ამ ფოტოს, პასპორტის ფოტოებსა და პროზექტურაში გადაღებულ ფოტოებს შორის დადასტურებას ვითხოვდით, სინამდვილეში პროზექტურიდან ორი კი არა, ერთი ფოტო გავაგზავნეთ ...

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ლონდონიდან მიღებული დასკვნა საზოგადოებას 6 სექტემბერს გამართული ბრიფინგის საშუალებით გააცნო. ღონისძიება ვრცლად გააშუქა თითქმის ყველა მედიასაშუალებამ, მათ შორის -ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მაც:
„ხმაურიანი განცხადების შემდეგ ხელისუფლება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან“ ბოდიშის მოხდას ელოდება. არასამთავრობო ორგანიზაცია ტყუილში ამხილეს. საიამ 26 მაისის ღამეს ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა...“

სიუჟეტის ნახვის შემდეგ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განაცხადეს, რომ დასკვნა, რომელსაც გადაცემის წამყვანი რატომღაც „ასოციაციის საკუთარ დასკვნას“ უწოდებს, ინგლისში დაფუძნებულ ექსპერტიზის ავტორიტეტიან ბიუროს ეკუთვნის, თუმცა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ეს არაა ტელეკომპანიების მიერ გადაცემული ყველაზე დიდი უზუსტობა.

„კერძოდ, ნათქვამი იყო, რომ სურათებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ფოტო, რომელიც საერთოდ არ გაგვიგზავნია, იყო ჩასმული, თითქოს ეს ფოტო გავაგზავნეთ და თითქოს ამ ფოტოს, პასპორტის ფოტოებსა და პროზექტურაში გადაღებულ ფოტოებს შორის დადასტურებას ვითხოვდით, სინამდვილეში პროზექტურიდან ორი კი არა, ერთი ფოტო გავაგზავნეთ. ასევე გავაგზავნეთ ძირს დაწვენილი ორი მამაკაცის ფოტო, რომელიც საერთოდ არ ჩანდა ამ სიუჟეტში, რაც არსებითად ცვლის ყველაფერს. ჩვენ პასპორტისა და პროზექტურის ფოტო კი არ შევადარეთ ერთმანეთს, არამედ ჩვენ შევადარეთ პასპორტის, ძირს დაწვენილი ორი მამაკაცის და პროზექტურაში გადაღებული ფოტოები“, უთხრა თამარ ჩუგოშვილმა რადიო თავისუფლებას.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გარდა, ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტები გააკრიტიკა მედიის ექსპერტთა ნაწილმა. ზვიად ქორიძე დარწმუნებულია, რომ საქმე გვაქვს ინფორმაციის შეგნებულ დამახინჯებასთან:
მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე მსგავსი დაუსაბუთებელი თავდასხმა, რათა არ მოხდეს საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციის და მთლიანად არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია...

„ასოციაციამ ღიად აუხსნა საზოგადოებას, თუ რა ტიპის მასალები გამოაქვეყნა, მაგრამ ინტერესი სწორედ ის არის, რომ დაამახინჯონ ეს ფაქტები და გაურკვევლობაში ამყოფონ მაყურებელი, საზოგადოების უმრავლესობა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ კურიერიდან, ქრონიკიდან და მოამბიდან იღებს ინფორმაციას.“

თუმცა ამგვარი კრიტიკა და შენიშვნები მიუღებელია ტელეკომპანიების წარმომადგენლებისათვის. გიორგი ლაფერაშვილი, „რუსთავი 2“-ის საიფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, ამბობს:

„ფოტო, რომლის შესახებაც ისინი საუბრობენ, არის გარდაცვლილი ნიკოლოზ კვინტრაძის ფოტო და არანაირ კავშირში არ არის იმ დასკვნებთან, რა დასკვნებიც სიუჟეტში იყო გაკეთებული. კერძოდ, იქ არის აპელირება გამოსახულება #4-ზე, რომელიც იყო ნაჩვენები უშუალოდ პრესრელიზიდან. დანარჩენს, ალბათ, ჩვენი კომპანიის და მათი იურისტები გაარკვევენ. ჩვენ ვთვლით, რომ გავაშუქეთ ის, რაც ხდებოდა და დავსვით კითხვა, რომელიც გაგვიჩნდა.“

„რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მწვავედ გააკრიტიკა დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა, რომლის მტკიცებითაც, არასამთავრობო ორგანიზაციამ ექსპერტიზის დასკვნის სახით შეგნებული ტყუილი და ცილისწამება გაავრცელა. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ამგვარი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა სამოქალაქო სექტორზე თავდასხმად აღიქვა და ახალგაზრდა იურისტთა მხარდასაჭერად 8 სექტემბერს სოლიდარობის აქცია გამართა. მიმართვის ტექსტი ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა წაიკითხა:
საზოგადოებისათვის ყველაფერი ნათელია, დარჩა ერთადერთი რამ გასარკვევი: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პატიოსანი შეცდომა დაუშვა თუ საქმე გვაქვს შეგნებულ დეზინფორმაციასთან ...

„მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე მსგავსი დაუსაბუთებელი თავდასხმა, რათა არ მოხდეს საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციის და მთლიანად არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია. გამოვთქვამ შეშფოთებას წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ აგორებული ნეგატიური კამპანიის გამო და თანადგომას ვუცხადებთ ‘საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას’.“

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე ლონდონიდან მიღებული დასკვნისა და ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით 7 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენ გვაქვს კადრები ნანახი, სადაც გვამები არ ჩანს, ანუ პოლიციელები ათვალირებენ ცარიელ ადგილს... არადა, მნიშვნელოვანია სწორედ ის, თუ რა პოზაში იპოვეს გარდაცვლილები და ა.შ. და პირველადი დათვალიერების ფოტოებისა და ვიდეობის გახსნა, ასევე ექსპერტიზის დასკვნის განსაჯაროება არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რათა ამ საქმეს ნათელი მოეფინოს. ბატონმა უტიაშვილმა თქვა, რომ ამ საქმეზე არ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი და, შესაბამისად, არანაირი აუცილებლობა ამ მასალების გახსნისა არ არსებობს.“
შოთა უტიაშვილი: „საზოგადოებისათვის ყველაფერი ნათელია, დარჩა ერთადერთი რამ გასარკვევი: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პატიოსანი შეცდომა დაუშვა თუ საქმე გვაქვს შეგნებულ დეზინფორმაციასთან და ამის გარკვევაში შსს-ს არანაირი როლი არ აქვს. ამასთან, არ გვაქვს პრაქტიკა გამოვაქვეყნოთ სისხლის სამართლის მასალები და არ მესმის რატომ უნდა დავუშვათ გამონაკლისი ამ პრაქტიკიდან, მაშინ როცა საუბარია ერთი კონკრეტული ორგანიზაციის მიერ თავის გადარჩენის მცდელობაზე.“

შოთა უტიაშვილის თქმით, გამოძიებამ, რომელიც დასრულებულია, ყველა საეჭვო დეტალს მოჰფინა ნათელი. ნიკა კვინტრაძედ მიჩნეული ფოტოზე გამოსახული პიროვნება სინამდვილეში არის გიორგი ბაქრაძე, რომელიც ცოცხალია, ცხოვრობს ქარელის რაიონში და სათანადო განმარტებებსაც იძლევა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG