Accessibility links

”რეზონანსის” პირველ გვერდზე ქვეყნდება სტატია, სათაურით: ”საია: ”რუსთავი 2”-მა ჩვენი ერთი ფოტო შეცვალა”. ტექსტში მოთხრობილია იმის შესახებ, რომ საია ”იმედსა” და ”რუსთავი-2”-ს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ საიას ჯერ არ გადაუწყვეტია შეიტანს თუ არა სასამართლოში სარჩელს დეპუტატ გოკა გაბაშვილის წინააღმდეგ ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო.

”ახალ თაობაში” გოკა გაბაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: ”ახლა რამდენი სარჩელიც არ უნდა შეიტანონ, სწორი გამოსავალია იმის თქმა, რომ მასალა ნახეს და დარწმუნდნენ, რომ ტყუილზე ჩაატარეს პრესკონფერენცია. მათი საქმიანი რეპუტაციის აღდგენა ერთადერთი რამით არის შესაძლებელი: აღიარონ, რომ ტყუილი თქვეს”. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თვლის, რომ 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით ”ყველაფერი გამოძიებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საყვედურებითა და სხვადასხვა სასჯელებით დასაჯა ისინი, ვინც დასასჯელი ჰყავდა”.

ისევ ”რეზონანსს” მივუბრუნდები, სადაც წაიკითხავთ, რომ: ”სტრატეგიული ობიექტების წილების გასაყიდად პარლამენტი მთავრობას ეხმარება. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტის წევრების, ზვიად კუკავას და მიხეილ ცქიტიშვილის სახელით არის ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც "სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში" იმ ცვლილების შეტანას ითვალისწინებს, რომელიც სახელმწიფო ქონების წილის საფონდო ბირჟაზე გატანის საშუალებას იძლევა”. ”რეზონანსშივე” გამოთქმულია ვარაუდი, რომ მთავრობა თბილისის ბოტანიკური ბაღის გაყიდვას აპირებს და მოთხრობილია მთავრობის ინიციატივის შესახებ, რომელიც თბილისის დენდროლოგიური პარკების დაცული ტერიტორიების ნუსხიდან ამოღებას და ამ ტერიტორიის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას ითვალისწინებს.

”თბილისის მერიის დოქსოპულოებო, თქვენ დედა გყავთ?!” - ასეა დასათაურებული ”საქართველოს რესპუბლიკის” სტატია, რომელიც თბილისში მოკლე მარშრუტზე სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ფასის 80 თეთრამდე გაზრდას ეხება. ავტორი წერს, რომ ფასის ზრდას ”მძღოლები - თბილისის მერიასა და მის მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულ ”თბილისის მიკროავტობუსს”, ხოლო კომპანიის წარმომადგენლები თავად მძღოლებს ადანაშაულებენ”.

”24 საათი” წერს, რომ 2012 წლის იანვრიდან ახალი სალარო აპარატების გამოყენება სავალდებულო იქნება. ავტორი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით, წერს: ”ახალი აპარატები GPRS სისტემით იქნება აღჭურვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში ონლაინრეჟიმში აღირიცხება. შემოსავლების სამსახურს შეეძლება ობიექტზე მიუსვლელად 4 სახის ინფორმაცია მიიღოს.”

”ალია” წერს, რომ დეპუტატი გია თორთლაძე, შესაძლოა, მალე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტში სამთო-სამაშველო სამსახურის უფროსად დაინიშნოს. ”კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ საპარლამენტო ვადის ამოწურვის შემდეგ თორთლაძის პარლამენტში გაყვანა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და მას ამ პოსტზე ისეთივე ფორმატში გადაიყვანენ, როგორც კოკო გამსახურდია მეტეოროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციაში დანიშნეს.”
XS
SM
MD
LG