Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი სასწავლო წლისთვის მზადება რეგიონებში


წელს აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტებში ვერ მოხვდა. აბაშის 23 საჯარო სკოლიდან არც ერთი არ გარემონტებულა. განათლების სამინისტროს აბაშის რესურსცენტრის დირექტორი მერაბ გიგინეიშვილი ამ ფაქტს სამწუხაროს უწოდებს და აღნიშნავს, რომ აბაშის რამდენიმე სკოლამ წელს შიდა ბიუჯეტის დაზოგვით მხოლოდ პირველი კლასის ოთახების კოსმეტიკური რემონტის გაკეთება შეძლო.

მერაბ გიგინეიშვილის თქმით, წელს აბაშაში არც სასკოლო სახელმძღვანელოები გაიყიდება და მშობლებს წიგნების შეძენა სენაკისა და სამტრედიის სასკოლო ბაზრობებზე მოუწევთ. აბაშის მუნიციპალიტეტს წელს 246 პირველკლასელი ჰყავს. მთლიანობაში, მუნიციპალიტეტის 23 საჯარო სკოლაში 3 500-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, აქედან 870 სოციალურად დაუცველია.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, 15 ნოემბრამდე დასრულდება. ამიტომ 170-ზე მეტ მოსწავლეს გაკვეთილები სოფლის ადმინისტრაციის შენობაში ჩაუტარდება. განათლების სამინისტროს სენაკის რესურსცენტრის დირექტორის მანანა გრიგოლავას განცხადებით, წელს, სკოლის ოპტიმიზაციის ფარგლებში, სენაკის სოფელ ნოსირში მეორე საჯარო სკოლა გაუქმდა და პირველ საჯარო სკოლას შეუერთდა. მისივე თქმით, ამის მიზეზი მოსწავლეთა მცირე კონტინგენტი გახდა - აქ სულ 74 მოზარდი სწავლობდა. სექტემბრიდან მეორე სკოლის მოსწავლეებს ახალ სასწავლო დაწესებულებაში მისასვლელად სულ ცოტა ოთხ კილომეტრამდე მანძილის გავლა მოუწევთ.

15 სექტემბერს სასწავლო პროცესი არ განახლდება მარტვილის მუნიციპალიტეტის 4 საჯარო სკოლაში. აქ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ლეციცხვაიეს, პირველი ნამიკოლაოს, წინაკვერკვეს და მარტვილის N3 საჯარო სკოლები ტერიტორიულად ახლოს მდებარე სკოლებს შეუერთა.

განათლების სამინისტროს მარტვილის რესურსცენტრის დირექტორის სონია ჭოჭუას თქმით, სოფლის გაერთიანებულ სკოლებში მოსწავლეთა გადაადგილებაზე თავად სკოლებმა უნდა იზრუნონ. სონია ჭოჭუას განცხადებით, ოპტიმიზირებული სკოლის მასწავლებლების ძალიან მცირე ნაწილის დასაქმება მოხდა, რადგან
სკოლებში კონტინგენტი უკვე შევსებული იყო.

რესურსცენტრის დირექტორის ცნობით, მარტვილის სოფელ სალხინოში ახალი სკოლის მშენებლობა მარტის დასაწყისში დასრულდება, რის გამოც მოსწავლეებს გაკვეთილები სკოლის ძველ კორპუსში ექნებათ. მშენებარე ორსართულიანი სკოლა 350 მოსწავლეზეა გათვლილი.

სასწავლო პროცესი სოფლის ადმინისტრაციის შენობაში განახლდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, სადაც სკოლის რემონტი ნოემბრის დასაწყისამდე გასტანს. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის რუსუდან სამუშიას თქმით, წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სულ 6 სკოლა გარემონტდა, აქედან სამი USAID-მა დააფინანსა, ორი - ადგილობრივმა ბიუჯეტმა, ერთი კი - განათლების სამინისტრომ.
სოფელ მუჟავას მსგავსად, სკოლების რემონტი ახლაც მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში.

სოფელ უშგულის, ლატალის, ლენჯერის, ჭუბერის და მესტიის N1 საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოები 15 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. მესტიის რესურსცენტრის დირექტორის დარეჯან ნიგურიანის თქმით, წელს მესტიაში სკოლები არ გაუერთიანებიათ. ცნობისთვის: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ახალი სასწავლო წლისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 4 ახალი საჯარო სკოლა შენდება, ხოლო 42 სკოლის სრული რეკონსტრუირება ხდება.
XS
SM
MD
LG