Accessibility links

logo-print

საქართველო რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს


საქართველომ საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა რუსეთი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მი-8 ტიპის სამი სამხედრო ვერტმფრენი 7 სექტემბერს შემოიჭრა საქართველოს საჰაერო სივრცეში, სოფელ შატილის მახლობლად და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში დაფრინავდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოს თავზე. ეს ფაქტი საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად შეაფასა. მისივე განცხადებით, რუსეთი განაგრძობს პოლიტიკას, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში ქართულმა მხარემ იმოქმედა თავშეკავებულად, რადგან უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება ეწინააღმდეგება საქართველოსა და მთლიანად რეგიონის ინტერესებს. სამინისტროს განცხადებით, მომხდარი ფაქტი ეცნობება გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. მათგან საქართველო ელის საჰაერო სივრცის დარღვევის სათანადოდ შეფასებას და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, განაგრძოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება და პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.
XS
SM
MD
LG