Accessibility links

logo-print

მედვედევი უკმაყოფილოა ავიაციის უსაფრთხოების დაბალი ხარისხით


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დღეს უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთში ავიაციის უსაფრთხოების დაბალი ხარისხის გამო და მოითხოვა ქალაქ იაროსლავლთან გუშინ მომხდარი ავიაკატასტროფის გულდასმით გამოძიება." იაკ 42" ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 43 ადამიანი, მათ შორის ჰოკეის გუნდის წევრები. მედვედევმა დღეს მოინახულა ადგილი, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა და განაცხადა, რომ ავიაკატასტროფა ტრაგედიაა მთელი ქვეყნისთვის. „ ეს არის შოკი მთელი ქვეყნისათვის, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მსგავსი კატასტროფებისას. მაგრამ აქ არის კიდევ დამატებითი მომენტი - თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა იაროსლავლისა და მთელი ქვეყნის საყვარელი გუნდის, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული და ძლიერი გუნდის ძირითადი შემადგენლობა. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი დანაკარგია, არა მხოლოდ ახლობლების, არამედ მთელი სახელმწიფოსა და ყველა გულშემატკივრისათვის,“ - განაცხადა მედვედევმა. ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს შორის არიან რუსეთის გარდა, ბელორუსიის, ჩეხეთის, შვედეთის, სლოვაკეთის, კანადის მოქალაქეები. ისინი ჰოკეიში რუსეთის სამგზის ჩემპიონი გუნდის, „ლოკომოტივ იაროსლავლის“ შემადგენლობაში იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩა თვითმრინავში მყოფი ორი ადამიანი, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა.
XS
SM
MD
LG