Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაკ 42-ის კატასტროფამ შეძრა ჰოკეის სამყარო


რუსეთისა და მსოფლიოს ჰოკეის მოყვარულები გლოვობენ რუსეთის ლიგის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის, იაროსლავლის „ლოკომოტივის“, 36 ჰოკეისტისა და მწვრთნელების დაღუპვას. ავიაკატასტროფას „სპორტის ამ სახეობის ყველაზე სამწუხარო დღე“ უწოდა 7 სექტემბერს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელმა რენე ფაზელმა. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის ავიაციის უსაფრთხოება და კატასტროფის „საფუძვლიანი გამოძიება“ მოითხოვა.

მედვედევმა „შოკისმომგვრელი“ უწოდა ავიაკატასტროფას, რომლის დროსაც თვითმფრინავ იაკ-42-ის ბორტზე მყოფი 43 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ. რუსეთის ლიდერმა, რომელმაც მთავრობის წევრებთან, ენერგეტიკისა და საგანგებო სიტუაციების მინისტრებთან ერთად მოინახულა ავარიის ადგილი, მკაცრად გააკრიტიკა ქვეყნის საავიაციო უსაფრთხოება და ავიაკატასტროფის მიზეზების საფუძვლიანი გამოძიების განკარგულება გასცა:

„ეს არის შოკი მთელი ქვეყნისათვის, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მსგავსი კატასტროფებისას, მაგრამ აქ არის კიდევ დამატებითი მომენტი - თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა იაროსლავლისა და მთელი ქვეყნის საყვარელი გუნდის, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული და ძლიერი გუნდის ძირითადი შემადგენლობა. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ ახლობლების, არამედ მთელი სახელმწიფოსა და ყველა გულშემატკივრისათვის.“
დაიღუპნენ ჰოკეის საუკეთესო მოთამაშეები - საუკეთესო ბიჭები, რომლებიც ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ და ბევრი რამე გააკეთეს ყინულის მოედანზე...

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა ასევე, რომ მკვეთრად უნდა შემცირდეს ადგილობრივი ავიაკომპანიების რაოდენობა და დასძინა, რომ თუკი ქვეყანას არ ძალუძს სანდო თვითმფრინავების წარმოება, მან უცხოეთში წარმოებული მოდელები უნდა შეიძინოს.

როგორც ზემოთ ითქვა, იაროსლავლში მომხდარ ავიაკატასტროფას 7 სექტემბერს გამოეხმაურა მსოფლიოს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რენე ფაზელი, რომელმაც მომხდარს „ჰოკეის ისტორიის ყველაზე ავბედითი დღე უწოდა.“ მომხდარი არა მხოლოდ რუსეთისათვის არის ტრაგედია, აღნიშნა ფაზელმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტი, რომ იაროსლავლის „ლოკომოტივის“ გუნდი, მწვრთნელებისა და მოთამაშეების სახით, რუსეთის გარდა ბელორუსიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ლატვიის, შვედეთის, სლოვაკეთისა და კანადის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.

და ვიდრე გამოძიება ავიაკატასტროფის ადგილზე იკვლევს თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებს, ჰოკეის გულშემატკივრები მსოფლიოს მასშტაბით გამოხატავენ სამძიმარს იაროსლავლის „ლოკომოტივის“ გუნდის დაღუპვის გამო. ბევრი რუსი გულშემატკივარი შეიკრიბა „ლოკომოტივის“ სტადიონზე ყვავილებითა და სანთლებით. ისინი ხმამაღლა აცხადებდნენ დაღუპული ჰოკეისტების გვარებს და გლოვობდნენ.

სამგლოვიარო მიტინგი გაიმართა 7 სექტემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის ისტორიული ძველი ქალაქის მოედანზე.

„დაიღუპნენ ჰოკეის საუკეთესო მოთამაშეები - საუკეთესო ბიჭები, რომლებიც ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ და ბევრი რამე გააკეთეს ყინულის მოედანზე.“

იაროსლავლის „ლოკომოტივში“ თამაშობდა სამი ჩეხი ჰოკეისტი, რომლებიც სხვებთან ერთად დაიღუპნენ ოთხშაბათს მომხდარ ავიაკატასტროფაში. იმ საბედისწერო დღეს, 7 სექტემბერს, გუნდი მინსკში მიემგზავრებოდა სათამაშოდ. ავიაკატასტროფის შედეგად, მხოლოდ ერთი ჰოკეისტი, ალექსანდრ გალიმოვი, და ეკიპაჟის ერთი წევრი გადარჩნენ. მათი მდგომარეობა, მიღებული დამწვრობის ხარისხის გათვალისწინებით, კრიტიკულია. ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა გახდა თვითმფრინავ იაკ-42-ის კატასტროფის მიზეზი. ინტერფაქსის ინფორმაციით, ოფიციალურ ვერსიად განიხილება ძრავის გათიშვა და პილოტირებისას დაშვებული შეცდომა. „იაკ-42 ასაფრენი ბილიკის იქით გადავიდა და ბალახზე დაახლოებით 400 მეტრი გაიარა“, - უთხრა ინტერფაქსს ლაინერის ავიაკატასტროფის მიზეზების დამდგენი კომისიის ერთ-ერთმა ანონიმმა წევრმა. მანვე უარყო გავრცელებული ვერსია, თითქოს კატასტროფის მიზეზი გახდა უხარისხო საავიაციო საწვავი. გავრცელებული ინფორმაციით, მყვინთავებმა მდინარე ვოლგაში ჩავარდნილი თვითმფრინავის კუდიდან ამოიღეს ორივე „შავი ყუთი“, რომლებშიც მოთავსებულია ხმოვანი თვითჩამწერი. „შავი ყუთის“ ჩანაწერის გაშიფვრა დაადგენს, თუ რა სახის საუბარი მიმდინარეობდა ეკიპაჟის წევრებს შორის თვითმფრინავის კატასტროფამდე, 7 სექტემბრის იმ საბედისწერო წუთებში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG