Accessibility links

ვალების კრიზისს შეიძლება ახალი სუპერსახელმწიფოს - ევროკავშირის - შექმნა მოჰყვეს


ევროკავშირის მდიდარი წევრები დაღალა ფინანსურად დასუსტებული სხვა ქვეყნების გადარჩენამ. ერთი მხრივ, მათ მეტი კონტროლი სურთ სუსტი პარტნიორებისა, მეორე მხრივ, ფრთხილობენ არ გააღიზიანონ სუვერენიტეტის მოსურნე ერები. რა მოჰყვება კრიზისს - ევროზონის მეტად შედუღაბება თუ დაშლა?
უკვე საერთო ევროპული ვალუტის - ევროს - შემოღებისას შიშობდნენ ზოგიერთები, რომ საერთო ვალუტას საერთო საფინანსო პოლიტიკის გარეშე არსებობა გაუჭირდებოდა. აქამდე გაძლო, ახლა არის შანსი, რომ მცირე ქვეყნები აიძულონ არა კულტურულ, არა წმინდა პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ-საფინანსო სახელმწიფოში შევიდნენ.
სტაბილურობისა და განვითარების ხელშეკრულება ევროზონაში გარდაუვალია. ის ურთიერთსასარგებლო იქნება...

საერთო ვალუტა საერთო საფინანსო პოლიტიკის გარეშე ზოგიერთი ექსპერტისთვის იმავე რისკის შემცველია, რისაც ერთი საკრედიტო ბარათი ადამიანების ჯგუფისათვის. თუ ისინი არ შეთანხმდებიან წესებზე, რამდენს და როგორ გაიღებენ, ბოლოს ერთის მიერ გაღებული ხარჯი სხვისი გადასახდელი ვალი ხდება. ასეა ევროს შემთხვევაშიც. ამიტომაც შფოთავენ ევროზონის ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნები გერმანია და საფრანგეთი და სურთ როგორმე გააკონტროლონ თავიანთი ვალებში ჩაცვივნილი პარტნიორები. მაგრამ როგორ გააკონტროლონ? ჩვეულებრივ, გაისმის ხოლმე მოწოდებები, რომ ეს ფინანსურად სუსტი ქვეყნები წააქეზონ სწრაფად გაატარონ საფინანსო რეფორმები, თუკი სურთ, რომ საერთო ევროპული საფინანსო ფონდიდან დახმარება - კრედიტები - მიიღონ. ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ჟან კლოდ ტრიშე ამბობს:

„სტაბილურობისა და განვითარების ხელშეკრულება ევროზონაში გარდაუვალია. ის ურთიერთსასარგებლო იქნება. ჩვენ არც პოლიტიკური ფედერაცია გვაქვს, არც სავალუტო ფედერაცია. ასე რომ, საჭიროა უფრო ახლოდან შეგვეძლოს იმის მეთვალყურეობა, როგორ ჩარჩოებში მოქმედებს საბიუჯეტო პოლიტიკა.“

პარიზში ტრიშე გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას საერთო ევროპული მთავრობა, თავისი ფინანსთა სამინისტროთი, რომელსაც უფლება ექნება მიიღოს იმ მთავრობებისთვის სავალდებულო გადაწყვეტილება, რომელთა პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საერთო სავალუტო კავშირს. მსგავსი მოწოდებებით გამოვიდნენ ევროპის კავშირის ქვეყნების ყოფილი - ამ კვირაში ბრიუსელში შეკრებილი - ლიდერები, რომელთა შორის იყო გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი. მათი საერთო აზრით, ცხადი გახდა, რომ სავალუტო კავშირი გარკვეული საფინანსო ფედერალიზმისა და კოორდინირებული ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე ვერ იმუშავებს. ეს მოწოდებები ჯერჯერობით მხოლოდ მოწოდებებადვე რჩება. როცა ევროზონის წამყვანი ქვეყნების -გერმანიის და საფრანგეთის - ლიდერები გამოდიან მოწოდებით მეტი ეკონომიკური ინტეგრაციისკენ, ისინი ყოველთვის დასძენენ ხოლმე, რომ პატივი უნდა სცენ თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს.
როცა საერთო ევროპულ ობლიგაციებს ქმნი, ამით უცხო ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომს ხდი გადასახადებით მიღებულ შენს თანხებს. სუვერენიტეტის თვალსაზრისით, ეს მთავარი მომენტია...

მერკელს და სარკოზის ეკუთვნის იდეა, რომ სახელმწიფოთა კონსტიტუციაში ჩაიწეროს მუხლი საბიუჯეტო დეფიციტის სავალდებულო ლიმიტის თაობაზე. გერმანიის კვალს ამ მხრივ ესპანეთმა მისდია და 7 სექტემბერს პარლამენტმა მიიღო კიდეც შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჯერ დამტკიცება სჭირდება. მათვე განაცხადეს, რომ წელიწადში ორჯერ გაიმართება სამიტი, სადაც მოხდება ეკონომიკური გეგმების კოორდინირება. ამასთან ერთად, ისინი თუმცა საზოგადოებას ეუბნებიან, რომ არ აპირებენ ძალიან შორს წასვლას და ორივე წინააღმდეგი იყო ევროზონას ემოქმედა როგორც ერთ სახელმწიფოს და გამოეშვა საერთო ევროპული ობლიგაციები, სარკოზიმ თქვა, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება შემოღებულ იქნეს ევროპის საერთო ობლიგაციები, მაგრამ არა დასაწყისში, ეს უფრო მერე მოხდება, ევროპის ინტეგრაციის ბოლოსო. ვერავინ გეტყვით, რას გულისხმობს სარკოზი, როცა ამბობს, ევროპული ინტეგრაციის ბოლოსო, მაგრამ ფაქტი ერთია: ობლიგაციები არ სურთ, მაგრამ სურთ კონტროლი. ამ ობლიგაციების მიზანი ის უნდა ყოფილიყო, რომ ვალებში ჩავარდნილ ქვეყნებს საშუალება მისცემოდათ ესესხათ ფული კომერციულ ბაზარზე კარგი საპროცენტი განაკვეთით. ახლა საბერძნეთის მსგავს მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს, როცა ისინი ევროპის ფონდიდან ფულს სესხულობენ, დახმარება რომ ჰქვია, ვალის აღება ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთით უწევთ. საფინანსო თვალსაზრისით ძლიერი ქვეყნები კი ანალოგიურ შემთხვევაში ბევრად ნაკლებ პროცენტს იხდიან. ევროპაში ამ ობლიგაციებს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ევროპის ქვეყნებს, ასევე დიდ საფინანსო ინსტიტუტებს - მაგალითად, „დოიჩე ბანკს“ - არ სურთ უფრო მეტად დაახლოება ერთმანეთთან, ვიდრე ისინი ახლა არიან. ჟან პისანი-ფერი, ბრიუსელში დაფუძნებული კვლევითი ცეტნრის, „ბრიუგელის“ ხელმძღვანელი, ამბობს:

„როცა საერთო ევროპულ ობლიგაციებს ქმნი, ამით უცხო ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომს ხდი გადასახადებით მიღებულ შენს თანხებს. სუვერენიტეტის თვალსაზრისით, ეს მთავარი მომენტია, რადგან გადასახადებით მიღებული ფული სუვერენული სახელმწიფოს ხაზინის საფუძველია. ასე რომ, გჭირდება მყარი გარანტია იმისა, რომ შენი პარტნიორი სწორად იმოქმედებს. თუ ის იღებს ვალებს და შემდეგ მათი გადახდა არ შეუძლია, მოუბრუნდება შენს გადასახადის გადამხდელს და ეტყვის, ახლა თქვენი ჯერია გადაიხადოთო. ეს მიუღებელია. ქვეყნები, რომლებსაც კონსერვატიული საგადასახადო სისტემები აქვთ, შიშობენ, რომ ეს იქნება იმ სახელმწიფოთა უფასო კვება, რომლებიც ფულს ფლანგავენ.“

როგორც ითქვა, ამ ვითარებაში სახელმწიფოთა მეთაურები, ვისაც მძლავრი ეკონომიკა აქვთ, გერმანია და საფრანგეთი, მაინც ფრთხილობენ, როცა ამ საერთო მთავრობასა თუ საერთო კონტროლზე ლაპარაკობენ. ახლო მომავალში გამოჩნდება, რისკენ უბიძგებს მათ ვითარება. თუ საფინანსო კრიზისი გაგრძელდა (დასრულებას კი ჯერ პირი არ უჩანს), მათ მოუწევთ უფრო გადამჭრელი ზომების მიღება, რაც, იმის მიხედვით, თუ როგორი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობებს, გამოიხატება ან დათმობისა და პრაგმატიზმისათვის მეტი მზადყოფნით, ან სუვერენინეტის იდეალების ერთგულებით. სიმპტომატურია ერთ დროს ერთი ქვეყნის და ახლა ორად გაყოფილი ჩეხოსლოვაკიის შემთხვევა. სლოვაკეთი ეკონომიკურად უფრო სუსტი იყო, ვიდრე ჩეხეთი, მაგრამ ჩეხეთმა - მისი პრეზიდენტი, ვაცლავ კლაუსი, ყველაზე ცნობილი ევროსკეპტიკოსია - თავი დაიცვა და დღემდე არ შევიდა ევროზონაში. სლოვაკეთი კი ამ გზას დაადგა და, უკვე იქ მყოფი ქვეყნების მწარე გამოცდილებით, ფასების ზრდას,მაგალითად, მკაცრი კანონით შეუშალა ხელი. ესტონეთიც ესწრაფვის ევროს შემოღებას და აცხადებს, ჩვენ მხოლოდ ხეირი მოგველის, იმდენად პატარა ქვეყანა ვართო. ანუ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ესტონეთია, არსებული სუვერენიტეტი უკვე დიდი მიღწევაა და აღარ დაგიდევს ეკონომიკურ დამოკიდებულებას. თუკი საბერძნეთზე უფრო დიდი ქვეყნები, როგორიცაა ესპანეთი ან იტალია, აღმოჩნდებიან ანალოგიურ გასაჭირში, მათ არ ეყოფათ ევროზონის მიერ შექმნილი საფინანსო სტაბილურობის ფონდი, რომელიც უზარმაზარ თანხას - 440 მილიარდ ევროს - შეიცავს. მაგრამ სარკოზიმ და მერკელმა გადაწყვიტეს არ გაეზარდათ თანხა. რას მოიმოქმედებენ ისინი ხვალ, როცა კრიზისი გამწვავდება და იმ დიდ ქვეყნებსაც გადაედება, ახლა ვერ იტყვი,მაგრამ ბევრი შესაძლებლობა არც დარჩენიათ. ერთია ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის გაზრდა, რაზეც გვქონდა ლაპარაკი, ანუ მეტი კონტროლი და ფინანსების ერთად მართვა, სუვერენიტეტის დაკარგვა რომ ჰქვია, ან კიდევ, პირიქით, ევრო გამოცხადდება ჩაშლილ ექსპერიმენტად და ყველა თავის სახელმწიფო ვალუტას დაუბრუნდება, ანუ სუვერენიტეტი მართლაც დიდწილად აღდგება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG