Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ - ერთი წლის შედეგები


საგანმანათლებლო პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” შედეგებს ერთი წლის შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ”ლინგვისტურ რევოლუციად” აფასებს. კმაყოფილები არიან თავად მოხალისე ინგლისურენოვანი პედაგოგები - ერთი წლის ანგარიში 9 სექტემბერს მათ ერთობლივად წარუდგინეს დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
თუ გადავხედავ გასულ წელს და იმას, რაც ქართველ პედაგოგებთან ერთად გავაკეთეთ, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან გამოსადეგი პროგრამა იყო...

ამერიკელი დაგლას ქორქი, ვირჯინიის შტატიდან, უკვე ერთი წელია საქართველოში იმყოფება და ქართველ ბავშვებს ინგლისურს ასწავლის. ამ ერთი წლის განმავლობაში ის ჯერ გურიის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში ასწავლიდა ინგლისურს, შემდეგ კი დმანისში გადმოინაცვლა.

”როცა შარშან აგვისტოში საქართველოში პირველად ჩამოვედი, ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი რა პროგრამა იყო ეს, რა უნდა მეკეთებინა, მაგრამ თუ გადავხედავ გასულ წელს და იმას, რაც ქართველ პედაგოგებთან ერთად გავაკეთეთ, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან გამოსადეგი პროგრამა იყო. ინგლისური გახდება მეორე ენა ქართველი ბავშვებისათვის, მომავალი თაობისათვის და ეს მათ მომავალში გამოადგებათ.”

ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა, რომელიც დღეს განათლების სფეროში ხორციელდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ წელში ლინგვისტური რევოლუცია მოვახდინეთ...
დაგლას ქორქი ამბობს, რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან სხვადასხვა პროგრამით მუშაობდნენ - პატარებთან სწავლება უფრო თამაშის ფორმატში მიმდინარეობდა, პროგრესიც ინდივიდუალური იყო. თუმცა, ზოგადად, მისი შეფასებით, ამ ერთ წელში მათი ინგლისური საგრძნობლად გაუმჯობესდა. რაც მთავარია, მათ დაძლიეს სიმორცხვე ინგლისურად საუბრის დროს და ახლა არათუ გაცილებით თამამად ლაპარაკობენ, არამედ უკეთესად ესმით ენა.

ამ პროგრამით განსაკუთრებით კმაყოფილია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი. ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”, მისი აზრით, რევოლუციური პროექტია, რომელიც მომავალ წელსაც გაგრძელდება:

”ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა, რომელიც დღეს განათლების სფეროში ხორციელდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ წელში ლინგვისტური რევოლუცია მოვახდინეთ, რადგან ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა ინგლისური ისწავლონ მათგან, ვისთვისაც ის მშობლიური ენაა.”
სმენის და ლაპარაკის უნარ-ჩვევის განვითარებაზე კეთდებოდა აქცენტი. ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა კლასგარეშე აქტივობებს...

პროგრესი ორმხრივია, წარმატება - აბსოლუტური, - ასეთ შეფასებას აძლევს პროექტის კოორდინატორი მაია სიფრაშვილი გასულ ერთ წელს და ამბობს, რომ არა მხოლოდ მოსწავლეები დაეუფლნენ ენას უკეთესად, ცოცხალ ენასთან ყოველდღიური კონტაქტით პედაგოგების პროფესიონალიზმიც გაიზარდა. ინგლისურენოვანი მოხალისე მასწავლებლები განათლების სამინისტროს პერიოდულად უგზავნიდნენ სპეციალურ ანგარიშს, სადაც ამ მიღწევების თუ სირთულეების შესახებ წერდნენ. რაზე კეთდებოდა აქცენტი სწავლების დროს? - ვკითხეთ მაია სიფრაშვილს.

”სმენის და ლაპარაკის უნარ-ჩვევის განვითარებაზე კეთდებოდა აქცენტი. ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა კლასგარეშე აქტივობებს, რაშიც იგულისხმება, მაგალითად, ინგლისურ ენაზე წარმოდგენების დადგმა და ა.შ.”

საინტერესო დეტალია ისიც, რომ, უცხოელი მასწავლებლების ანგარიშებზე დაყრდნობით, სამინისტრომ წელს პირველი ექვსი კლასის ინგლისური ენის სახელმძღვანელოების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, 2012-2013 წლიდან კი საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში უკვე მეშვიდე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებიც ინგლისურ ენას გამომცემლობა ”მაკმილანის” სახელმძღვანელოებით შეისწავლიან.

პროექტი ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” მომავალ წელსაც გაგრძელდება. განათლების სამინისტრო გეგმავს საქართველოს 2200-ვე სკოლაში იყოს ერთი მოხალისე პედაგოგი მაინც. შარშან ამ პროგრამაში 1 000 პედაგოგი ჩაერთო, წელს მათი რიცხვი 1 500-მდე გაიზრდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG