Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი ქართველი მწერალი ქალი - ლიტვის ლიტერატურულ ფესტივალზე


ლიტვაში უკვე მეექვსე წელია ტარდება ლიტერატურული ფესტივალი, რომელსაც ქართველი მწერლები სამი წლის წინ შეუერთდნენ. ყოველ ზაფხულს, აგვისტოს ბოლოს, ისინი ლიტველ, უკრაინელ, ბელორუს და პოლონელ კოლეგებს ხვდებიან - ერთი კვირის განმავლობაში ერთმანეთის შემოქმედებას ეცნობიან და თარგმნიან, რის შემდეგაც ნათარგმნი ლიტერატურა ცალკე ალმანახად გამოდის და ელექტრონულ სივრცეშიც ვრცელდება. წელს ამ ფესტივალს ხუთი ქართველი პროზაიკოსი ქალი სტუმრობდა.

თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, თამთა მელაშვილი, ნინო ტეფნაძე და მარიამ ბექაური - ამ სახელებს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, მიუხედავად ბოლო ორი ავტორის მეტად ახალგაზრდა ასაკისა, უკვე ყველა იცნობს. სწორედ ამ ხუთმა მწერალმა ქალმა წარადგინა წელს ლიტვის საკურორტო ქალაქ პალანგაში გამართულ ლიტერატურულ ფესტივალზე თანამედროვე ქართული მცირე პროზა და ლიტველი კოლეგების მოწონებაც დაიმსახურა. ქართული მხრიდან ფესტივალის ორგანიზატორი, ფილოლოგი და ლიტვური ენის სპეციალისტი ნანა დევიძე თავისი მეორე სამშობლოდან, როგორც ის ლიტვას უწოდებს, ამჯერადაც ამაყი დაბრუნდა:
ისინი თავად ამბობდნენ, ჩვენ თქვენთან შედარებით საყმაწვილო ასაკში ვართო...

“არ ვაჭარბებ, მართლა ასე იყო - ჩვენ ყოველთვის ვჯობნიდით თემათა სიმრავლით, ხედვით, პრობლემების წარმოჩენით, დამოკიდებულებებით... ისინი თავად ამბობდნენ, ჩვენ თქვენთან შედარებით საყმაწვილო ასაკში ვართო. მათი სიტყვებია: მოულოდნელად საინტერესო აღმოჩნდით ჩვენთვის ქართველები.”

ნანა დევიძე იხსენებს, რამდენიმე წლის წინ როგორ გაიგო თავისი მეგობრის, ლიტველი მწერლის და ამ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის ბირუტე იონუშკაიტესგან ამ ფესტივალის დაარსების შესახებ და მასში ქართველების ჩართვაც შესთავაზა. ყოველ წელს, ამბობს ნანა დევიძე, ლიტველი ლიტერატორები გულწრფელად მოხიბლულები რჩებიან ქართველი პოეტების და ახლა უკვე პროზაიკოსების შემოქმედებით.
შეფასებები მართლა ძალიან კარგი გვქონდა. აღფრთოვანებას გამოხატავდნენ...

”მარიამ ბექაურზე თქვეს, მამაკაცური აზროვნება აქვსო. ძალიან მოეწონათ. თან, მისი ასაკიდან გამომდინარე, უკვირდათ რა თემებსაც ის თავის მოთხრობებში ეხებოდა. იგივე შემიძლია ვთქვა ნინო ტეფნაძეზე, რომელიც ფესტივალის ყველაზე პატარა მონაწილე იყო და მისმა მოთხრობამ ”თვითმკვლელთა მატარებელი“ დიდი მოწონება დაიმსახურა. აღარაფერს ვამბობ დანარჩენ, უკვე გამოცდილ მწერალ ქალებზე...”

მარიამ ბექაურის გარდა, კომპლიმენტები არც 20 წლის ნინო ტეფნაძის მისამართით დაუშურებიათ, რომ აღარაფერი ვთქვათ დანარჩენ სამ მწერალ ქალზე, რომელთაგან სამივე ლიტერატურული პრემია ”საბას” მფლობელია.

ახალი ქვეყანა, ახალი ადამიანები, ახალი მწერლები და მათი შემოქმედება - ეს ჩვენთვის უკვე იყო საინტერესო ამბავიაო, გვეუბნება ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე, თეონა დოლენჯაშვილი. წელს ფესტივალისთვის ლიტვურად მისი ცნობილი მოთხრობა ”ფიდაი” ითარგმნა, რომლის მთავარი თემაც - ტერორიზმი - ლიტველი კოლეგებისათვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა და თურმე ბევრი კითხვაც დაუსვეს.
თეონა დოლენჯაშვილი

”შეფასებები მართლა ძალიან კარგი გვქონდა. აღფრთოვანებას გამოხატავდნენ. რაც შეეხება ზოგადად ჩემს მოთხრობას, ”ფიდაის”, ჩემმა მთარგმნელმა, მაგალითად, თქვა, ლიტვური ლიტერატურისთვის ეს თემა ძალიან უცხოა და ასეთი სითამამით ჩვენთან არ წერენო.. მეკითხებოდა საერთოდ რატომ დავწერე ამაზე, რამ მოგცა იმპულსიო...”

თეონა ფესტივალით კმაყოფილია იმიტომაც, რომ, როგორც ამბობს, კიდევ ერთხელ იგრძნო ქართული ლიტერატურის უპირატესობა, რომლის მთავარი პრობლემაც დღეს ენობრივი ბარიერის გადალახვა და საზღვრების გარღვევაა:

”მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა არათუ ჩამოუვარდება, არამედ ბევრად წინაა პოსტსაბჭოური ქვეყნების ლიტერატურაზე და არ შემიძლია ვთქვა, რომ ევროპულ ლიტერატურაზე ნაკლები დონისაა. ჩვენ გაცილებით უფრო საინტერესოდ, შთამბეჭდავად, მძაფრად ვწერთ. უბრალოდ, ენობრივი ბარიერის გამო ისინი ჩვენ არ გვიცნობენ და სწორედ ეს ბარიერი უნდა გადავლახოთ.”

ამ ფესტივალის შემდეგ თუ ახალი გმირი არა, ერთი ახალი ფრაზა მაინც გაჩნდება ჩემს მომავალ მოთხრობაშიო, გვითხრა მაკა ლდოკონენმა. ლიტველებმა თარგმნეს მისი მოთხრობა ”ყველა ნივთი”. მაკაც ამბობს, რომ ყველა წარმოდგენილი მოთხრობა წაიკითხა და ქართველი ავტორების უპირატესობა აშკარა იყო. სწორედ ამიტომ, ფიქრობს ისიც, არა მხოლოდ ქართველები უნდა წავიდნენ საზღვარგარეთ, საქართველოშიც უნდა ჩატარდეს მსგავსი შეხვედრები:
მაკა ლდოკონენი

”ასეთი შეხვედრები ჩვენთანაც უნდა გაიმართოს, ეს კონტაქტი საჭიროა, იმდენი იდეა და სურვილი გიჩნდება, რომ მომავალში ერთად რაღაც განახორციელო.”

რადიო თავისუფლება ფესტივალის მიმდინარეობის დროს დაუკავშირდა ლიტველ მწერალ ქალს გინტარე ადომაიტიტეს, რომელმაც გვითხრა, რომ დიდი სურვილი აქვს იპოვოს ქართველი საბავშვო მწერალი, რომელსაც, მოწონების შემთხვევაში, სიამოვნებით თარგმნიდა ლიტვურ ენაზე და, პირიქით, შესთავაზებდა საკუთარი საბავშვო მოთხრობების თარგმანსაც.

წლევანდელი ლიტერატურული ფესტივალის მთავარ პროდუქტს - ქართულად ნათარგმნ ლიტველი ავტორების შემოქმედებას - ქართველი მკითხველი მალე იხილავს ინტერნეტსივრცეში და ლიტერატურულ პერიოდიკაშიც დაიბეჭდება. მომავალ წელს კი, უკვე გაჩნდა იდეა, ლიტვაში ქართველი დრამატურგები მიიწვიონ და პალანგის თეატრში წარმოდგენებიც გაიმართოს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG