Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჯარო ინფორმაციის ყველაზე დიდი რესურსი ახალ ეტაპს იწყებს


ლევან ავალიშვილი
ლევან ავალიშვილი
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის დაწყების, უფრო კონკრეტულად კი მას შემდეგ, რაც ლიტვაში სხვადასხვა დროით აღმოჩნდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის არაერთი დეპუტატი, ზოგიერთი მინისტრი და მათი თანამშრომლები, საზოგადოების ნაწილი დაინტერესდა საკუთარი ხარჯით გადაწყვიტა ხელისუფლებამ ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობა, თუ სახელმწიფოს დაფინანსებით.
პასუხის მიღებას კანონით დადგენილი წესით შეეცდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. მისი პროექტის, ”საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის” ხელმძღვანელის ლევან ავალიშვილის განმარტებით, ერთ-ერთი სტანდარტული კითხვარით, რომელიც საჯარო დაწესებულებათა მიერ გაწეულ სამივლინებო ხარჯებს შეეხება, შესაძლებელია გამოითხოვო ინფორმაცია მაგალითად, აგვისტოში მივლინებებისთვის ბიუჯეტიდან გაცემული თანხის შესახებ.
ყველას თავისთავად არ ვუჩივლებთ, რადგან ამხელა რესურსი არ გვაქვს, მაგრამ ინფორმაციის ხელში ჩასაგდებად სხვადასხვა ვარიანტს ვგეგმავთ ხოლმე...

”გვინდა მივმართოთ კონკრეტულად სპორტის სამინისტროს იმიტომ, რომ ერთ-ერთი ის ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც ვადებში და სრულყოფილად გასცემს ინფორმაციას, გარდა პრემიისა. აუცილებლად მივმართავთ და გვაინტერესებს, რამდენი დაიხარჯა სწორედ ამ პერიოდზე”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან ავალიშვილმა.

სწორედ ”საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზამ” დააკმაყოფილა ინტერესი საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელსაც სურდა გაეგო, რა თანხა დაიხარჯა ბათუმში MTV-ის კონცერტისთვის. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილს კანონით დადგენილი 10 დღის ვადაში გაეცა პასუხი, რომლის თანახმად, სამინისტროს მილიონ 390 ათას 473 ლარი და 55 თეთრი გაუცია. ვადა დაარღვია, თუმცა ინფორმაცია გასცა ბათუმის მერიამაც, რომელსაც იმავე კონცერტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 139 ათას 121 ლარი და 79 თეთრი დაუხარჯავს. ამ შემთხვევაში, ბათუმის მერია და კულტურის სამინისტრო იშვიათ გამონაკლისთა შორის აღმოჩნდნენ, რადგან როგორც ლევან ავალიშვილი ამბობს, საჯარო ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით რთულია იმ შემთხვევაში, როცა საქმე კონკრეტულ საკითხებს ეხება. მაგალითად, ბაზისთვის დღემდე ვერ მოიპოვეს ინფორმაცია, თუ ვინ აშენებს ქუთაისში პარლამენტის შენობას. ლევან ავალიშვილმა გვიამბო, რომ არ მოუთხოვიათ ხარჯი, რადგან იცოდნენ, მსგავსი ინფორმაციის მიღება რთული იქნებოდა და მხოლოდ იმით დაინტერესდნენ, თუ ვინ უძღვება სამუშაოს. პარლამენტიდან და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს აცნობეს, რომ არ იციან, ვინ აშენებს პარლამენტის შენობას. იმავე შეკითხვით ორგანიზაციამ მიმართა ფინანსთა სამინისტროსა და ქუთაისის მერიას და ამჟამად პასუხს ელოდება.
სასამართლო ყველაზე მარტივი გამოსავალია, თუმცა გვინდა, რომ თვითონ მიეჩვიონ ინფორმაციის გაცემის პროცედურებს და კანონის ძალა აღიარონ...

საგულისხმოა, რომ სპეციალისტები, რომლებიც ”საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზას” ქმნიან, საკმაოდ დიდი მოთმინებით გამოირჩევიან და სანამ საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად სასამართლოში ჩივილს გადაწყვეტენ, ყველა სხვა საშუალების მაქსიმალურად ამოწურვას ცდილობენ. როგორც ლევან ავალიშვილი ამბობს, საჯარო დაწესებულებათა მიერ კანონით დადგენილი ვადის მასობრივად დარღვევაზე უკვე აღარც ჩივიან, რადგან მოცდა და ინფორმაციის მიღება ურჩევნიათ. მათ შორის, ვინც უკვე დიდი ხანია საერთოდ უარს ამბობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, არიან კადეტთა კორპუსი და თავდაცვის, განათლების და მეცნიერების, და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროები. მათ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სასამართლოში უჩივლა. ამასთან, ლევან ავალიშვილი იხსენებს მინიმუმ 15 შემთხვევას, როდესაც ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის, ან სასამართლოში ჩივილს შემდეგ, საჯარო დაწესებულებები ინფორმაციის გასაცემად თანამშრომლობას დათანხმდნენ. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა გვითხრა, ”ელოდებიან მომენტს, შეძლებს, თუ არა ორგანიზაცია გამოყოს 100 ლარი სასამართლო პროცესისთვის, ან მიიყვანოს საქმე ბოლომდე. ყველას თავისთავად არ ვუჩივლებთ, რადგან ამხელა რესურსი არ გვაქვს, მაგრამ ინფორმაციის ხელში ჩასაგდებად სხვადასხვა ვარიანტს ვგეგმავთ ხოლმე. სასამართლო ყველაზე მარტივი გამოსავალია, თუმცა გვინდა, რომ თვითონ მიეჩვიონ ინფორმაციის გაცემის პროცედურებს და კანონის ძალა აღიარონ.”

იყო რამდენიმე შემთხვევაც, როდესაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სასამართლოდან სარჩელი გაიწვია, მას შემდეგ, რაც ზოგიერთი სამინისტრო ინფორმაციის გაცემას დათანხმდა.
ყველას ვთხოვთ, რომ თუ რაღაც აინტერესებთ, შეუძლიათ მოგვმართონ, რადგან ეს ხომ პირადად ჩვენთვის არ კეთდება. ეს გახსნილობის ერთგვარი საზოგადოებრივი ბარომეტრია...

კანონით, საჯარო ინფორმაცია 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გაიცეს. საჯარო დაწესებულებათა მიერ ამ ვადის დაცვას ლევან ავალიშვილი იშვიათობას უწოდებს. მისივე თქმით, როდესაც ოცამდე შეკითხვას აგზავნი და საპასუხოდ მოცულობითი ინფორმაცია უნდა მიიღო, გასაგებია, რომ ამას დრო სჭირდება მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ხასიათის საჯარო ინფორმაცია წესით, აღრიცხული და დალაგებული უნდა იყოს. მაგრამ ლევან ავალიშვილისთვის გაუგებარია დროის გაყვანა ისეთ შემთხვევებში, როდესაც მაგალითად, თბილისის მერიისგან ითხოვ ინფორმაციას, რა თანხა დაიხარჯა ფეიერვერკებისთვის და რომელმა კომპანიამ გაიმარჯვა მის მოსაწყობად გამართულ ტენდერში.

”სატელეფონო საუბრებისას გვეუბნებიან, რომ ინფორმაციას ამზადებენ. თუმცა, არა მგონია, რომ ამის დათვლას 3-4 კვირა სჭირდება” - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან ავალიშვილმა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საკუთარ ვებგვერდზე მოქალაქეებს უკვე მეორე წელია სთავაზობს, რომ მასთან ერთად მოითხოვონ ნებისმიერი საინტერესო საჯარო ინფორმაცია.

”არ გვქონია ძალიან დიდი გამოხმაურება, თუმცა, რამდენიმე ფაქტი არსებობდა. მაგალითად, გვთხოვეს ინფორმაციის გამოთხოვნა საპატიმრო დაწესებულებებში მყოფი უცხოელების შესახებ. ასევე, გვთხოვეს ინფორმაცია, თუ ვინ აშენებს სასტუმროს მესტიაში, სეტის მოედანზე. მოქალაქეთა აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ყველას ვთხოვთ, რომ თუ რაღაც აინტერესებთ, შეუძლიათ მოგვმართონ, რადგან ეს ხომ პირადად ჩვენთვის არ კეთდება. ეს გახსნილობის ერთგვარი საზოგადოებრივი ბარომეტრია. ჩვენს რესურსსაც რაღაც ანგარიშს უწევენ, რადგან იციან, რომ არამართებულ უარზე დარღვევას ყველა ნახავს და მართებულ პასუხზე, ასე ვთქვათ, ყველა შეაქებს” - ამბობს ლევან ავალიშვილი.
წლის ბოლოს, როცა ეს ინფორმაცია მოვა, ფაქტობრივად, მთელ საქართველოს მოვიცავთ და არ დარჩება არც ერთი საჯარო დაწესებულება და ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ჩვენ ბაზაში არ გაერთიანდება...

ვინ იმსახურებს ქებას და ვინ კრიტიკას, რომელი საჯარო დაწესებულება იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას, რომელი ნაკლებად და რომელი ამბობს საერთოდ უარს, ვინ იცავს ვადას და ვინ არღვევს - ეს ყველაფერი სტატისტიკასა და შინაარსობრივ ანალიზთან ერთად თავს მოიყრის ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც 20 სექტემბერს გაიმართება. სექტემბრიდანვე საჯარო დაწესებულებებისთვის ერთგვარი დისკომფორტიც მოიმატებს, რადგან თუკი საინფორმაციო ბაზისთვის თავდაპირველად ითხოვდნენ მაგალითად, ბიუჯეტის შესრულების ბალანსს, უძრავი ქონების ჩამონათვალს და კომუნიკაციების, ხელფასის, პრემიებისა და მივლინებების საერთო თანხას, მეორე ეტაპზე ბაზისთვის გამოითხოვენ ინფორმაციას თანამდებობის კონკრეტული პირებისთვის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის შესახებაც. ლევან ავალიშვილი არ ელის, რომ შედეგი უკეთესი იქნება, მაგრამ ფიქრობს, რომ უფრო მეტად გამოჩნდება გამჭვირვალობის ხარისხი. საჯარო ინფორმაციის მოპოვების პროცესი სექტემბრიდან თბილისსაც გასცდება და მოიცავს გუბერნატორების ადმინისტრაციებს, გამგეობებს, თვითმმართველ ქალაქებს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ მთავრობებს და მათ შესაბამის სამინისტროებს.

”პრინციპში, წლის ბოლოს, როცა ეს ინფორმაცია მოვა, ფაქტობრივად, მთელ საქართველოს მოვიცავთ და არ დარჩება არც ერთი საჯარო დაწესებულება და ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ჩვენ ბაზაში არ გაერთიანდება. opendata.ge პრინციპში, გახდება მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული ამ ინფორმაციის მომცველი წყარო”, - გვითხრა ლევან ავალიშვილმა. მისივე განმარტებით, მეორე ეტაპს უფრო მეტად ჩაძიების ხასიათი ექნება, რადგან თუ თავდაპირველად ითხოვდნენ მხოლოდ პროექტების, ტენდერების და სარეკლამო აქციების ჩამონათვალს, მას დაემატება თითოეულის ღირებულება და კონკრეტულად დახარჯული თანხა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ მეორე ეტაპი უფრო რეალურად გამოავლენს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებულ მდგომარეობას.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG