Accessibility links

logo-print
დღე-პირველი

საკამათო არცაა, გადასარევად დაიწყო ივლისი. ბათუმში, არც მეტი, არც ნაკლები, სტინგი ჩავიდა (ნამდვილი სახელი - არიელ შმერლინგი) და პიაცად წოდებულ მოედანზე შეკრებილ ხალხს თავისი სიმღერები შეუსრულა. არის ასეთი ჟარგონი: "შეუსრულა, სიმონ", რაც ნიშნავს: გაუხერხა, მოუხერხა, შეძლო... სწორედ ეს შეიძლება ითქვას არიელ შმერლინგის შესახებ: აი, შეგვისრულა, რა... წაგვაწვინა... დაგვდო... უდიდესი ბედნიერება აგემა ბათუმში ჩასულ თბილისურ ელიტას.

თუმცა ერთი შეცდომა მაინც გაპარვია, გამოსვლის მერე მიკროფონში უყვირია: Hello, Dushanbe!, რასაც უხერხულ მდგომარეობაში ჩაუგდია იქ მყოფი საზოგადოება, მაგრამ მალე ყველაფერი დალაგებულა: შმერლინგ-სტინგმა ლაღად ჩაამღერა თავისი ყველაზე ცნობილი ჰიტები ("mamma mia!", "besame mucho") და ბოლოს, ბისზე, ქართველთ გასახარად, "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი" გვიმღერა. "მე ვიცი, ეს სიმღერა ძალიან უყვარდა ფრუნზეს, - უთხრა შმერლინგმა ჟურნალისტებს, - ამიტომაც გიმღერეთ, ასე გამოვხატე თქვენდამი პატივისცემა".

როგორც გაირკვა, მომღერალმა უარი თქვა კანადაში და ფინეთში კონცერტების ჩატარებაზე. "იქ, სადაც სასაცილო ხდება დემოკრატია, მე არ ვიმღერებ", - განაცხადა მან და ჩრდილო-კორეისკენ გაფრინდა.

დღე-მეორე

აჰა, რისიც გვეშინოდა, ის დაგვემართა: პარლამენტმა სხვა ქრისტიანებსა და, რაც ყველაზე უარესია, არაქრისტიანებს გაგვათანაბრა მართლმადიდებლები. ახლა იძულებულები შევიქნებით, რომ ჩვენი ღმერთი კათილიკეების, პროტესტანტების, გრიგორიანელებისა და სხვათა ღმერთების გვერდით დავაყენოთ.
ღმერთო, რა უსამართლობაა! განა შეიძლებოდა ჩვენი ღმერთისა და, ვთქვათ, იგივე კათილიკების ღმერთის ერთ წონით კატეგორიაში ჩასმა? სად ჩვენი ღმერთი და სად მათი? თუ ღმერთი გწამთ, მითხარით, სად იყვნენ ამათი ღმერთები, როცა ჩვენი ღმერთი იერუსალიმში ეწამა? ოჰ, მერე კი ამოიღეს ხმა, როცა ყველაფერი ჩაწყნარდა, მერე კი ახმაურდნენ გამარჯვებულზე, მაგრამ რა, ჩვენ დაგვაფასა ვინმემ?

ძველბიბლიურ ღმერთთან პრეტენზიები არა გვაქვს - სამყარო შექმნა ბოლოს და ბოლოს და ხმა არ ამოგვეღება, ყველაფერს ვუფასებთ, მაგრამ ჩვენს მართლმადიდებლურ ღმერთს, ნურას უკაცრავად, არავის გავუტოლებთ. ხელები შორს ქართველი ღმერთისგან! "ქრისტიან-დემოკრატებს" კი პარლამენტიდან პირდაპირ წმინდა სინოდში გადავიყვანდი, იქ მათ საუკუნოდ გარანტირებული ექნებათ სტაბილური ყოფა. და მერე ნეტარებადაც შევარაცხინებდით ჩვენს სამღვდელოებას... ნეტარი გიორგი - ზედმეტსახელად "ტკბილადმოუბარი"... ნეტარი ვეფხვაძე - "ვითომ-ბრაზიანი"... და კიდევ - მთავარი! - ნორჩი დავითი, "სატანურ ფილმთა მტერი"... ოჰ, რა ქოქოლა აყარა ერთ დროს ეშმაკეულ დენ სიაოპინს... უფრო სწორად, დენ ბრაუნს...

ვეჭვობ, ესენი ახალ კანონს ამზადებენ... მოთხოვნა-სახელწოდებით:
"ჩვენი პატრიარქი ადგილობრივ ღმერთად!".

დღე-უკანასკნელი

კარგად მოქექეთ თქვენი ფოტო-ალბომები! თუკი სადმე, რომელიმე ფოტოზე პრეზიდენტის რეზიდენცია მოგიჩანთ ან - ჯვარი აქაურობას - საეჭვოდ ქერა ადამიანი (ვთქვათ და, რუსი!), გიჯობთ თავადვე გამოცხადდეთ, სადაც ჯერ არს და შესაბამისი სასჯელი მოითხოვოთ.

მადლობა, მადლობა ჩვენს უშიშროებას ასეთი დამაჯერებელი არგუმენტებისათვის...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG