Accessibility links

logo-print
მესამე დღეა, წამოსული ვარ საქართველოდან და წარმოდგენა არა მაქვს, რა ხდება ჩემს ქვეყანაში.

იქ, სადაც მე ვარ, არც ქართული ტელეარხებია, არც ქართული არხებისგან ვითომ-განსხვავებული რუსული არხები და - მოდი, პირდაპირ ვთქვათ - არც რადიო და არც ტელევიზორი. პრინციპულად არ ვეცნობი ინტერნეტში განთავსებულ ინფორმაციას. თუკი შემთხვევით გადავაწყდი, თვალს ვხუჭავ, ფთუ-ფთუ-ფთუ-ს გამოვცემ და სამჯერ ვაკაკუნებ ხეზე.
ჩათვალეთ, რომ უკაცრიელ კუნძულზე ვარ.

მაგრამ რა არის ქართველი ადამიანის ბუნება! მაინც ვერ ვისვენებ. მართალია, ცნობიერად ვთქვი უარი ინფორმაციის მიღებაზე, მაგრამ გონებას ვერაფერს ვშველი - თავისით, რეფლექსიურად იგონებს პოლიტიკურ ამბებს, თხზავს მედია-ისტორიებს და მოსვენებას არ აძლევს სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტიდან ძლივს გამოღწეულ სხეულს.

და, აჰა, მიგებს კიდეც, ვნებდები...

ვნებდები და გთავაზობთ ჩემეულ ვერსიებს, უფრო სწორად, შეკითხვებს, სავარაუდოდ რა შეიძლებოდა მომხდარიყო საქართველოში ამ სამი დღის განმავლობაში.

მაშ, ასე, გეკითხებით:

წმინდა სინოდში შევიდოდა პრეზიდენტი? - "ხალხო, აწ მინდა, სულიერად გმართოთ, წაიღეთ, მომაშეთ ეს თქვენი არჩევნები!"
რობერტ სტურუა ახალი პოლიტიკური სპექტაკლის დადგმას დაიწყებდა? - "ჭამა, სექსი და უაღრესად აქტიური მეუღეობა".
ცნობილი და უკვდავი პოლიტ-სამეული, მაჭავარიანი-წერეთელი-ბარამიძე, ახალ პარტიას ჩამოაყალიბებდნენ? - "მომეცი ხმა და მიიღებ მოუშორებელ სტაბილურობას".

წარსულში დიდ ნონად წოდებული, აწ კი უბრალოდ ნონა გაფრინდაშვილად შთენილი მოჭადრაკე ახლებურ პოლიტიკურ ლოზუნგს გამოამზეურებდა? - "ნერვები ამაშლევინეთ ვინმესთვის!".
დაშლილი "ქართული პარტიის" წევრები პოლიტიკურ სახელმძღვანელოს გამოაქვეყნებდნენ? - "როგორ უნდა აწარმოო ბრძნულად პოლიტიკა".

ან, შესაძლებელია, ასეთი სათაურითაც: "რატომ არ უნდა ენდო სატელეფონო პოლიტ-პარტნიორს".

ტელეწამყვანი მაია ასათიანი, ბოლოს და ბოლოს, პირდაპირ ეთერში მოახერხებდა ასე ნანატრი (და წლები ვერგანხორციელებული) საყოველთაო, უხვცრემლიანი და ტაქტიანი ორგიის მოწყობას? ფონად ცნობილ ქართველ ხუმარათა ხუმრობებითა და ცეკვა-სიმღერით...

ნუთუ ერთხელ მაინც ვერ გალახავდნენ მსაჯები ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებს? როგორც წესი, პირიქით ხდება. ნერვები დაგვაწყდა ამ გაწამებული მსაჯების საცოდაობის ცქერით.

რა მოხდებოდა, რომ გაზეთ "ასავალ-დასავალს" ერთი ეგზემპლარიც ვერ გაეყიდა?

სამხრეთ-ოსეთს ევროკავშირში გააწევრიანებდნენ? - ბიუროკრატებისგან ხომ ყველაფერი მოსალოდნელია.
საქართველო პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებდა რომელიმე ჯანსაღად მდგომ კონტინენტზე?

მგონი, საკმარისია... უნდა გავჩერდე. უკაცრიელ კუნძულზე ყოფნას უნდა მივეჩვიო, როგორმე თავიდან უნდა გამოვიდევნო ჩვენში დაგროვებული მედიანაგავი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG