Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოცი მეტრი


გადავავლოთ თვალი გასულ სველ, წვიამიან და ქარიან კვირას.
ბუნუელი წერს: წვიმებმა დიდი ნაციები შვესო. მგონი, ჩვენ ქარებისგან ვიშვით. კავკასოსი აქეთ ქარებს გამოუტყორცნიათ თავის შვილებთან ერთად...

ნუ, ყოველ შემთხვევაში, ქართლოსი მაინც.

ქარი რომ უქრის ჩვენს ზოგიერთ პარლამენტარსაც, ეს იმითაც გამოჩნდა, თუ რა გზნებითა და შემართებით ითხოვდნენ გარკვეული აკრძალვების დაწესებას: "თუკი შენი ქვეყანა გიყვარს და საქართველოს დამოუკიდებლობას უფრთხილდები, საკუთარ თავს უარი უნდა სტკიცო რიგ სურვილებზე!".

მაინც როგორი მიდრეკილება გვაქვს აკრძალვების მიმართ, რა ჭკვიანი კაცი ყოფილა სტალინი.

რას აღარ კადრულობენ ჩვენი პატრიოტები, რომ სიყვარული დაუმტკიცონ თავის... ქვეყანას.

აგერ, ითქვა, რომ რაკი ამხელა დაუძინებელი მტერი გვყავს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აქციების გამართვა სამთავრობო შენობებთან. ოცი მეტრის მოშორებით უნდა განვთავსდეთ, თორემ რუსეთი სუვერენიტეტს აგვართმევს... არ დაიცავ საპატიო დისტანციას და ჰოპ! - დამოუკიდებლობასაც დაჰკარგავ; დაეტიე ოცი მეტრის მოშორებით და ისე იმიტინგე, თორემ "ჩაო", საქართველოს გაბრწყინებავ!

ჯერ ერთი, წესიერი პატრიოტი, როგორი უკმაყოფილოც არ უნდა იყოს, პროტესტს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გამოთქვამდეს (თუნდაც ნაგვის გადასახადის დენზე მიბმის მიზეზით), მაგრამ თუკი მაინც შეუჩნდება ეშმა და საჯარო ვიშვიშს გადაწყვეტს, საკრებულოს შენობის წინ კი არ უნდა დადგეს სოკოსავით, არამედ პედანტურად გადაითვალოს ოცი მეტრი და სადღაც ლესელიძის ქუჩის კუთხეში განთავსდეს... წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება ან მორალურად გაიკიცხება მავან ინტელექტუალთა მიერ: "რატომ არ დაიცავი დისტანცია? პუტინი გინდა? რა ინფანტილიზმია!".

პატრიოტ-პარლამენტართა ჯგუფს სხვა კანონებთან ერთად, ერთი ამგვარის გატანის ჟინიც ჰკლავთ: თუკი საჯარო მოხელეს შეეკამათე (პოლიციელს, სამხედროს ან, ვთქვათ, საჯარო რეესტრის თანამშრომელს), შესაძლოა, საპყრობილეში ამოჰყო თავი, ხოლო თუკი ღმერთი გაგიწყრა და, კამათზე შორს მოგიწია წასვლა (დავუშვათ, შემოგელანძღა) სამუდამოდ გამოემშვიდობები თავისუფლებას.

ქალებს მივმართავ.

წარმოიდგინეთ: ვთქვათ, რომელიმე პარლამენტარი ქალბატონი (ან მინისტრი ქალბატონი), უკაცრავად და, თქვენს ქმარს გაექცა, თქვენ ეს შეიტყეთ, ჯერ თვალები ხუჭეთ როგორც წესი და რიგია, მაგრამ მერე, რაკი ჩინოსანი ქალი თქვენს ჯეელს არ ეშვება, ისე აღელდით, რომ მეტოქეს მისაღებში დაუხვდით, დაცვას დაუსხლტით და კივილით დაუპორჭყნეთ სახე (ან, ჰა, თმით ითრიეთ), სახელმწიფო არად ჩააგდებს თქვენს "სუბიექტურ ფაქტორს" და ამ შემთვევაშიც როგორც ქვეყნის მოღალატეს, ისე მოგეპყრობათ: "რატომ იეჭვიანე მოხელეზე? არ გინდა საქართველოს დამოუკიდებლობა? პუტინი გინდა? რა ინფანტილიზმია!"

ასე რომ, რაც არ უნდა მოხდეს და რაც არ უნდა იკადროს, თუკი შენი ქვეყანა გიყვარს, მოხელესაც ოცი მეტრით უნდა ერიდო.

საერთოდ, ეს დისტანცია - 20 მეტრი - პატრიოტული დისტანციაა... თანაც ეთიკას იცავ. ამას რა ჯობია. აი, ვთქვათ, "ვაკის პარკში" აღმოჩნდი შეყვარებულთან ერთად, უწესო და შენი ქვეყნის მოძულე თუ ხარ, გვერდით მიუჯდები შენს რჩეულს, მერე კი შეიძლება იქვე წამოპლაკვაც გაბედო და, ჩვენი მტრების გასახარად, ეგებ კოცნაობაც კი მოგინდეს. ხოლო კოცნაობის შემდგომ, რა იცი, იქნებ "ჩაო ბელაც" შემოგემღეროს და თან რომელიმე თემურ ხაჩიშვილმაც დაგირეკოს მოსკოვიდან - ისე რავა ხარო. თავისი ქვეყნის პატიოსანი შვილი აუცილებლად ოცი მეტრის მოშორებით "მიუჯდება" სატრფოს - ასე ვთქვათ, მოპირდაპირე "სკამეიკაზე", ამბორს საპატიო დისტანიიდან გაუგზავნის და ავი ზრახვები კი არ მოუვა თავში, არამედ სულ ეროვნულ-ეროვნული აზრები: "დენის გადასახადი + ნაგვის გადასახადი... სისხლისმსმელი ანზორიკო... გამყიდველი ქართველები + პატრიოტი ქართველები... ოცი მეტრი... ოცი მეტრი... ოცი მეტრი..."

ჯერ კიდევ როდის წერდა სარგის თმოგველი:
"თვლაი საქმეთა კეთილთა მუნ თვალობიებდეს ოცობით და არკი კინკილობითაი..."

ქარი, ჭექა და წვიმაა ჩვენს თავებში...

ისევე, როგორც აქ - როსინისთან.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG