Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზინა კვერენჩხილაძე - გამოთხოვება


6 სექტემბერს თეატრისა და კინოს მოყვარულებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს საქართველოს სახალხო არტისტი ზინა კვერენჩხილაძე - გამორჩეული, განსხვავებული პიროვნება და მსახიობი.

რომანტიკული სახე ზინა კვერენჩხილაძის სტიქია იყო მაშინაც კი, როცა სტალინური კულტურის სიყალბით ”დამძიმებულმა” ქართულმა თეატრმა უარი თქვა რომანტიზმსა და პათეტიკურობაზე, - 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში, - სწორედ იმ დროს, როცა ზინა კვერენჩხილაძის დებიუტი შედგა სცენაზე. ემოციებს იგი არასდროს მალავდა. სიყალბის არ ეშინოდა, რადგანაც ამაღლებული სტილი ბუნებრივი იყო მისთვის.

შეიძლება ითქვას, რომ ზინა კვერენჩხილაძემ ტრაგედიის ჟანრის რეაბილიტაცია მოახერხა ეპოქაში, როცა ტრაგიკულის მიმართ უნდობლობა მთელ საზოგადოებას, კულტურას დაეტყო. მაგრამ მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმულ ანუის “ანტიგონეში” პიესის მოდერნისტული ფორმა უჩვეულოდ შეერწყა ანტიკურ პათეტიკას. წამყვანი როლი აქ ისევ მსახიობებმა ითამაშეს. სერგო ზაქარიაძე ( მოგვიანებით იგი ედიშერ მაღალაშვილმა შეცვალა) და ზინა კვერენჩხილაძე სწორედ ის არტისტები იყვნენ, რომლებმაც ეგზისტენციალური დრამა ტრაგედიად აქციეს, მაგრამ არც თავიანთი პერსონაჟების ნებაზე, მათი საქციელის ფსიქოლოგიური მოტივაციის წარმოჩენაზე თქვეს უარი.

“ანტიგონეში’ მოხდა ჩემი, როგორც მსახიობის, დაბადებაო”, – უთქვამს ერთხელ ზინა კვერენჩხილაძეს. მართლაც, “ანტიგონეს” შემდეგ მან კლეოპატრაც განასახიერა “ანტონიუს და კლეოპატრაში”, მედეაც – ანუის “მედეაში”, ფედრაც – რასინის “ფედრაში”, იოკასტეც – სოფოკლეს “ოიდიპოს მეფეში”, მაგრამ ზინა კვერენჩხილაძე თავის თავს ყველაზე უფრო სწორედ “ანტიგონეში” ეკუთვნოდა... მოგვიანებით მსახიობმა წიგნიც დაწერა, რომელიც ასე დაასათაურა - ”ჩემი ანტიგონე”... ამ წიგნში, ფაქტობრივად, აღიარა, რომ სწორედ ამ როლში წარმოჩნდა მისი ხასიათის ერთი მხარე – შინაგანი დაძაბულობისა და მოკრძალებულობის ერთიანობა, ყოველგვარი დეკორისა და ზიზილ-პიპილების უარყოფა, განსაკუთრებით პლასტიკაში. სიმკაცრე, თითქმის ასკეტურობა, რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა გამოხატულიყო სამსახიობო ხელოვნების ერთ, კონკრეტულ ჟანრში, რომელიც ზინა კვერენჩხილაძემ აირჩია – მხატვრულ კითხვაში.

ლექსის კითხვისას ზინა კვერენჩხილაძე არასდროს მალავს, რომ იგი, პირველ რიგში, თეატრის მსახიობია. იგი არ ცდილობს “ითამაშოს” უბრალოება. პირიქით, ზოგჯერ ამძაფრებს კიდეც პათეტიკურ ინტონაციებს, ოღონდ არა იმ მიზნით, რომ გული აუჩუყოს პუბლიკას. იგი არასდროს თამაშობს სენტიმენტალურ გრძნობებზე. საერთოდ, არ თამაშობს პუბლიკაზე. ასეთი მსახიობისთვის სცენა ცხოვრებაა და ცხოვრება – სცენა. და, აბა, რატომ უნდა ითამაშოს სხვა როლი, რატომ უნდა უღალატოს საკუთარ თავს. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ზინა კვერენჩხილაძის ნიჭი თავის დროზე ჯეროვნად არ დააფასეს ქართველმა კინემატოგრაფისტებმა. არადა, სწორედ მსახიობი-პიროვნების თუ მსახიობი-მოქალაქის დეფიციტს განიცდიდა ყოველთვის ქართული კინო. თუმცა რატომ მხოლოდ კინო, - მთლიანად ქართული საზოგადოება.

შესაძლებელია ამიტომაცაა, რომ ამ კვირაში, როცა დიდი მსახიობი უკანასკნელ გზაზე გააცილეს, მისი ხელოვნების თაყვანისმცემლები ზინა კვერენჩხილაძეს, პირველ რიგში, როგორც დიდებულ ქალბატონს იხსენებდნენ და მერე უკვე - როგორც მსახიობს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG