Accessibility links

logo-print
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 სექტემბრიდან მინიმალური პენსია 80-ის ნაცვლად 100 ლარი გახდა. შესაბამისად, საქართველოს თითქმის 700 ათასი მოქალაქე როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში გაზრდილ პენსიას მიიღებს. მინიმალურ პენსიას სხვადასხვა სოციალური და საპენსიო თანხებიც ემატება, მაგრამ საზოგადოების ერთი ნაწილი მაინც არასაკმარისად მიიჩნევს საპენსიო თანხის მოცულობას.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოს ტელევიზიებით სოციალური სარეკლამო რგოლების გადაცემა დაიწყო პენსიების გაზრდის შესახებ.

ეს სოციალური რეკლამა, რომელიც მოსახლეობას წლების წინ მცირე და გაუცემელ პენსიებს ახსენებს, იუწყება, რომ სექტემბრიდან ყველა პენსიონერი მინიმუმ 100 ლარს მიიღებს.

ამ ცვლილებაზე სასაუბროდ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს 5 სექტემბერს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პრეზიდენტს მოახსენა, რომ გაზრდილი პენსიების გაცემა 15 სექტემბრიდან დაიწყება. პრეზიდენტმა ისიც იკითხა, 100 ლარის გარდა რას მიიღებენ პენსიონერები, რაზეც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ უპასუხა:

”დანამატებს იღებს პენსიონერთა 30 პროცენტი - ეს, რაც სიღარიბესთან დაკავშირებული დანამატია. დამატებით არის რამდენიმე ათეული ათასი პენსიონერი, რომელიც იღებს მონეტიზაციის თანხებს. ასევე ჩვენ მათ ვაძლევთ საოჯახო დახმარების თანხებს - ასეთი არის 15 ათასი პენსიონერი...”

სექტემბრიდან პენსიების 100 ლარამდე გაზრდას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას ჯერ კიდევ მარტის თვეში დაჰპირდა. მაშინ მან ამ ცვლილების შესაძლებლობა შემდეგი გარემოებებით ახსნა: დავთვალეთ შემოსავლები, შევამცირეთ სახელმწიფო ხარჯები და გვაქვს ეკონომიკური განვითარების სამომავლო იმედიო. ახლა კი აღნიშნა, რომ დაპირებისამებრ, პენსიების ზრდა არასდროს შეჩერებულა, თვით 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც კი.

”მართალია, ეს მინიმუმია, მაგრამ ამას ემატება ის დახმარებაც, რომელსაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობა იღებს. ადრე თბილისსა და რეგიონებში პენსიის რაოდენობა განსხვავდებოდა, ახლა კი გათანაბრდა, რადგან ფასები რეგიონებშიც გაიზარდა. ვინაიდან არ ვართ ნავთობისა და გაზის მწარმოებელი ქვეყანა და არ გვაქვს ძალიან დიდი ბიუჯეტი, სამართლიანი იქნება, თუ გადასახადებით მიღებულ შემოსავალს პენსიების გაზრდას მოვახმართ. გადასახადებით მიღებული შემოსავალი კი ყოველწლიურად სულ უფრო მეტად იზრდება. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ საკითხებსა და ქვეყნის განვითარებაზე თანხა სწორად გადავანაწილოთ და ბალანსი დავიცვათ, რადგან ქვეყნის განვითარება, თავის მხრივ, საზოგადოების წინსვლის საწინდარია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიუხედავად პრეზიდენტის ამ განცხადებებისა, მოქალაქეთა ნაწილი მაინც უკმაყოფილოა, რადგან გაზრდილი პენსიაც კი არ არის საკმარისი საარსებო მინიმუმის უზრუნველსაყოფად. რადიო თავისუფლება პენსიების ზრდის შესახებ ქუჩაში გამვლელ პენსიონერებს გაესაუბრა.

”ზუსტად ეგ მიკლავს გულს, რომ მთელი ცხოვრება თავს ვიკლავდი მუშაობით, მავნე სამსახურში ვიყავი და მთლად უმუშევარს და მუშა ხალხს ერთნაირი პენსიები დაგვენიშნა”, ჩივის ერთი პენსიონერი.

”შუქი, გაზი, წყალი იმდენი გროვდება, რომ 100 ლარი, ფაქტობრივად, არაფერი არ არის. შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი თანხაა, რომ ყველას 100 ლარი მისცეს, მაგრამ..." - გვებნება მეორე.

ამჟამად საქართველოში 800 ათასზე მეტი პენსიონერია, მათი პენსიის გასაცემად ქვეყნის ბიუჯეტი თითქმის ერთ მილიარდ ლარს ხარჯავს. ამას ემატება სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამების ფინანსებიც და ჯანდაცვისა და სოციალური სფეროსთვის ერთ-ნახევარ მილიარდზე მეტი იხარჯება.

ეკონომიკის ექსპერტი გია ჯანდიერი

ეკონომიკის ექსპერტების განცხადებით, ყველა ქვეყნის საპენსიო ხარჯები ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ეს სერიოზულ პრობლემებს უქმნის საბიუჯეტო სტაბილურობას. შესაბამისად, მთავრობები ეძებენ გამოსავალს, რაც, თავის მხრივ, სოციალური მღელვარების მიზეზს წარმოადგენს. თვალსაჩინოებისთვის გამოდგება საპროტესტო აქციების ტალღა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ჯერ საბერძნეთს, შემდეგ კი საფრანგეთს გადაუარა.

ასეთი პროტესტების მიზეზი საპენსიო სისტემის ეგრეთ წოდებული ”სოლიდარული” პრინციპი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პენსიონერთა პენსია დასაქმებული მოქალაქეებისგან ამოღებული თანხებით ფინანსდება, ბოლო დროს კი საპენსიო ასაკის მოქალაქეთა რაოდენობა იზრდება და დასაქმებულთა რაოდენობა ვეღარ ახერხებს მზარდი საგადასახადო წნეხის გამკლავებას.

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის აზრით, საჭიროა ხელისუფლებამ საპენსიო სისტემის რეფორმა დროულად განახორციელოს, რათა არ დაგროვდეს ისეთი საპენსიო ვალდებულებები, რომელთა გასტუმრება მომავალში ნებისმიერ მთავრობას გაუჭირდება. ამიტომ ის მთავრობას საპენსიო რეფორმისკენ მოუწოდებს:

”ახალ სქემებზე გადასვლა, რაც გულისხმობს სახელმწიფოსა და კერძო პირს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილებას ამ სფეროში, უნდა გაგვეკეთებინა 15 წლის წინ. სამწუხაროდ, მოვდივართ ამდენი ხანია და ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ბედავს გადადგას მკვეთრი ნაბიჯები და აუწყოს საზოგადოებას, რომ ისინიც ვალდებულნი არიან საკუთარ სიბერეზე იზრუნონ და შეიძლება, მართლაც, ერთ მშვენიერ მომენტში გამოცხადდეს, რომ სტაჟის მიხედვით გავცემთ პენსიებს, რაც სრულ კატასტროფას მოიტანს ქართული ეკონომიკისთვის.”

ამჟამად საქართველოში, ევროპასთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტია საპენსიო ხარჯების შეფარდება მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელთან და ასევე მზარდია საპენსიო ასაკის მოსახლეობის რიცხვიც.
XS
SM
MD
LG