Accessibility links

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. ცვლილებები შეეხება ”სახელმწიფო ქონების შესახებ” და ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონებს. კანონპროექტის თანახმად, შესაძლებელი ხდება სახელმწიფო ქონების აქციებისა და წილების უცხოურ ბირჟებზე პრივატიზება.

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდის მიზნით მიღებულია გადაწყვეტილება სახელმწიფო საწარმოების აქციები საერთაშორისო ბირჟებზე განთავსდეს:

”ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს დიდი რაოდენობის ახალი კაპიტალი მოვიზიდოთ ქვეყანაში და ასევე ეს გარკვეულწილად სტიმულს მისცემს კერძო კომპანიებს იგივე გააკეთონ და ლონდონის, ნიუ-იორკისა და ვარშავის ბირჟებიდან თანხები შემოიტანონ საქართველოში და ამან დამატებით ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას და დასაქმებას.”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობა ლონდონის, ნიუ-იორკისა თუ ვარშავის ბირჟებზე აქციების 15-20-25 %-ის განთავსების შესაძლებლობას ისეთ კომპანიებში განიხილავს, როგორიცაა რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ელექტროსისტემა და სხვა სახელმწიფო კომპანიები.

მთავრობის გადაწყვეტილების განხორციელების შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო ბაზა არ იძლეოდა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკვე მოხდა პარლამენტში. ცვლილებათა კანონპროექტის თანახმად, უქმდება წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემის ნორმა და ძალაში შემოდის პრივატიზება აუქციონის, პირდაპირი მიყიდვებისა და სხვა ფორმებით. კანონპროექტის რეგულირებით, სახელმწიფო ქონების წილებისა და აქციების პრივატიზება მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე განხორციელდება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გამართულ სხდომაზე ამას გარდა განმარტებული იყო ყველა ის ნორმა, რომელზე დაყდრნობითაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საერთაშორისო ბირჟებზე სახელმწიფო კომპანიების სააქციო პაკეტების განთავსება სარისკო არ არის. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ზურაბ მელიქიშვილი, თავის მხრივ, ხაზს უსვამს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში მხოლოდ პოზიტიურად წაადგება ქართულ ეკონომიკას.

”ეს კეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებს ჰქონდეთ შანსი, რომ დამატებით მოიძიონ უცხოური ინვესტიციები, გაზარდონ თავიანთი კაპიტალი, შეინარჩუნონ, ერთი მხრივ, დასაქმებულთა რაოდენობა და, მეორე მხრივ, გაიზარდონ, გაძლიერდნენ და ძალზედ მომგებიანი იყოს მათთვის აღნიშნული მიმართულება. ეს გაკეთდა ამისთვის”, ამბობს ზურაბ მელიქიშვილი, რომელმაც ოპოზიციის მიერ მმართველი პარტიის ფარული ზრახვების შესახებ გამოთქმული ეჭვის პასუხად განაცხადა ისიც, რომ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფნის პერიოდში სტრატეგიული ობიექტების საკონტროლო პაკეტი არ გასხვისდება.

მმართველი პარტიის დაპირების არ სჯერათ ”ქრისტიან-დემოკრატებს”. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ ”სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონის ცვლილებების პროექტის პირველ მოსმენაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განაცხადა, რომ კანონის მხარდაჭერას არ აპირებენ:

”ეს ყველაფერი ჩვენ ვიცით, გამოგვივლია, გვინახავს და სამწუხაროა, რომ ჩვენ კანონში პრივატიზების შესახებ არც კი ჩაგვადებინეს ნორმა, რომლის მიხედვით ერთ მესამედზე მეტის გასხვისების უფლება არ ექნებოდა მთავრობას. ჩვენ თავის დროზე მოვითხოვეთ, მაგრამ კანონში არ ჩაიდო და ანალოგიურად სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე. ამიტომ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ამ რეალობაში ამ ტიპის კანონის მხარდაჭერა, თუკი არ იქნება შესაბამისი გარანტიები. გარანტიები ვერ იქნება, მეორე მხრივ, გილაურის სიტყვები. ეს, რაზეც დღეს მთავრობა ლაპარაკობს, რომ არ იქნება 25%-ის გატანა საფონდო ბირჟებზე აქციების, მაშინ ეს ყველაფერი ჩავდოთ კანონში.”

ლევან ვეფხვაძე არ გამორიცხავს იმასაც, რომ სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა და ამ გზით მიღებული ფული ხელისუფლებას არჩევნების მოსაგებად სჭირდებოდეს.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რამდენიმე სახელმწიფო კომპანიის აქციების საერთაშორისო ბირჟებზე განთავსების გადაწყვეტილებას წინ ფართო საჯარო განხილვები უნდა უძღოდეს, ფიქრობს პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი. ისინი სახელმწიფო კომპანიების აქციათა 20-25 %-ის საერთაშორისო ბირჟებზე განთავსებაში ხედავენ არამარტო პოლიტიკურ რისკებს. ეკონომიკურ გათვლებზე დისკუსია მიმდინარეობს ეკონომიკურ წრეებშიც. ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი განმარტავს:

”საერთაშორისო ბაზრებზე აქციებისა და წილების გატანა კომპანიების - ეს სახელმწიფო იქნება თუ კერძო - სასურველია იმიტომ, რომ იქ ხდება შეფასება, ეს კომპანიები რამდენად ღირებულია სინამდვილეში. და ეს ბაზრები გაცილებით უფრო გამჭვირვალეა და ყველასთვის ცხადია, რა ხდება იქ. სხვა შემთხვევაში ეს უნდა ხდებოდეს ხელების გადაგრეხის მეთოდებით. ამიტომ ცხადია, რომ ეს დადებითი მოვლენაა.”

მთავრობის ინიციატივა, მთლიანობაში, არ ხიბლავს ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილს, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ თუკი საერთაშორისო ბირჟებზე კომპანიის აქციათა 25%-ზე ნაკლები გაიყიდება, პანიკის საფუძველი არ არსებობს, გასაყიდი წილის ზრდის შემთხვევაში კი, შესაძლოა, ქვეყანამ თავისი გეოპოლიტიკური ფუნქციაც კი დაკარგოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG