Accessibility links

logo-print

საარჩევნო კოდექსის განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ დაიწყება


ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის ტექსტი ორ დღეში განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე - ამის შესახებ დღეს, 12 სექტემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა. პროექტის განხილვას კი პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნის გაცნობის შემდეგ შეუდგება. ვენეციის კომისიას ცვლილებების პროექტი საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფმა 26 აგვისტოს გადაუგზავნა. სწორედ ამ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი წევრი, ”ახალი მემარჯვენეების” წამომადგენელი მამუკა კაციტაძე ითხოვდა, კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ დაწყებულიყო, არასაპარლამენტო ოპოზიცია კი ამბობს, რომ დასკვნის არსებობა მათ გეგმებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.
ახალი საარჩევნო კოდექსის საბოლოო რედაქცია აქვს ვენეციის კომისიას. ორი დღის ვადაში ეს ინფორმაცია უკვე ჩვენს ვებგვერდზე დაიდება...

ახალი საარჩევნო კოდექსის ტექსტის შექმნას წინ უძღოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება. 27 ივნისს მმართველი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთავაზებულ ათპუნქტიან შეთანხმებას ხელი საპარლამენტო ოპოზიციამ და არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მოაწერა. ამ ხელმოწერის შემდეგ ორი წევრი გამოაკლდა ე.წ. „რვიანს“, რომელშიც საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ხელისუფლებასთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მომუშავე ოპოზიციური პარტიები შედიოდნენ.

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ აგვისტოში საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფმა სამი შეხვედრის შედეგად მიღებული ახალი საარჩევნო კოდექსის ტექსტი, რომელიც რამდენიმე დაზუსტებას კიდევ საჭიროებს, ვენეციის კომისიას გადაუგზავნა:
პავლე კუბლაშვილი

”ახალი საარჩევნო კოდექსის საბოლოო რედაქცია აქვს ვენეციის კომისიას. ორი დღის ვადაში ეს ინფორმაცია უკვე ჩვენს ვებგვერდზე დაიდება, კანონპროექტის ინიცირება მოხდება შემდეგ ორშაბათს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას დავიწყებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გვექნება ვენეციის კომისიის დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით.”

საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფში შემავალი „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, ამბობს, რომ პარლამენტი აუცილებლად უნდა დაელოდოს ვენეციის კომისიის დასკვნას, რადგან ის კარგი არგუმენტი იქნება როგორც თავად პარლამენტისთვის, რომელმაც ცვლილებას უნდა უყაროს კენჭი, ასევე ოპონენტებისთვის:

”როდესაც ვენეციის კომისიის დასკვნა მოდის და ის ამბობს, რომ ეს არის სწორი, ბუნებრივია, მისი მომხრე პოლიტიკური ძალები წელგამაგრებულები არიან, იმიტომ რომ არსებობს ევროპული ექსპერტული დასკვნა, რომ ეს ხედვა უფრო დემოკრატიულია, უფრო სამართლიანია, უფრო ცივილიზებულია. ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი.”

აქვე გეტყვით, რომ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები საქართველოში ოქტომბრის დასაწყისში ჩამოვლენ და ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალას და არასამთავრობო სექტორს შეხვდებიან იმისათვის, რომ დასკვნა კვალიფიციურად გამოიტანონ. პავლე კუბლაშვილის ეს განცხადება მიმართულია იმ პოლიტიკური პარტიებისადმი, როგორიცაა, მაგალითად, რესპუბლიკური პარტია. მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვახტანგ ხმალაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება ვენეციის კომისიას ცვლილებების ვარიანტს მიაწვდის კონტექსტიდან ამოგლეჯილად, იმ წინაპირობების გარეშე, რაც საქართველოში არსებობდა, მაშინ კომისიას საფუძველი არ ექნება გამოიტანოს დასკვნა, რომ, მაგალითად, პარლამენტის წევრების რაოდენობის გაზრდა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს - ვახტანგ ხმალაძე გულისხმობს 2003 წლის რეფერენდუმს, რომლის შედეგების მიხედვითაც, პარლამენტართა რაოდენობა 150-ით განისაზღვრა. ვახტანგ ხმალაძისვე განცხადებით, კომისიისათვის გადაგზავნილი პუნქტები საერთაშორისო სტანდარტს არ ეწინააღმდეგება, თუმცა არ ემსახურება საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ამასთან, მას მოჰყავს ვენეციის კომისიის უკვე არსებული დასკვნა, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ არის მიმართული და ეს ეხება ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებს:
ვახტანგ ხმალაძე

”ევროსაბჭოს წევრმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ ის პირობა, რომ სხვადასხვა საარჩევნო ოლქი 10-15%-ით არ განსხვავდებოდეს ერთიმეორისაგან. ჩვენთან განსხვავებები არის 2 000, 2 500, 3 000 პროცენტით და ამის გასწორება არანაირად არ არის გათვალისწინებული ახალი პროექტით. აი, წევრთა რაოდენობის გაზრდით მხოლოდ უმნიშვნელოდ უმჯობესდება ეს განსხვავება, ანუ თუ იყო 2 500%-იანი განსხვავება, ის შემცირდება 2 000%-მდე და ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.”

ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძის განცხადებით კი, კარგი იქნება, ვენეციის კომისია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეკომენდაციებსაც თუ გაითვალისწინებს, თუმცა, როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე მას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მიუგო, შეთანხმება, რომელიც უკვე მიღწეულია ხელისუფლებასა და ოპონენტებს შორის, აღარ გადაიხედება, დამატებითი რეკომენდაციები კი, შესაძლოა, მსჯელობის საგანი მართლაც იყოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG