Accessibility links

logo-print

კამერონი მოსკოვში ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი მოსკოვს ესტუმრა. საქმე ეხება რუსეთში ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის პირველ ვიზიტს ბოლო, სულ ცოტა, ხუთი წლის მანძილზე. ვიზიტის მიზანია ახალი იმპულსის შეძენა ბრიტანეთ-რუსეთის ურთიერთობისთვის, რომელსაც ზიანი მიაყენა ლონდონში 2006 წელს კრემლის ოპონენტის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობამ. მოსკოვი უარყოფს ბრიტანეთის თხოვნას ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის, კა-გე-ბეს ყოფილ აგენტ ანდრეი ლუგოვოის ექსტრადიციის შესახებ. დღეს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას, კამერონმა აღიარა, რომ მოსკოვსა და ლონდონს „რთული ურთიერთობა“ აკავშირებს. „კი, რასაკვირველია ვაღიარებ, რომ ბრიტანეთსა და რუსეთს გარკვეული ხანია, რთული ურთიერთობა აქვთ და გულახდილები უნდა ვიყოთ იმ თემებზე, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით. მაგრამ მინდა დღეს დილას შევეხო თანამშრომლობაზე დაფუძნებული ახალი მიდგომის საჭიროებას“, - განაცხადა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დევიდ კამერონმა, რომელიც უკვე შეხვდა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს და მოგვიანებით მოლაპარაკებას გამართავს პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთანაც.
XS
SM
MD
LG