Accessibility links

logo-print
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში პრეზიდენტობის კანდიდატების საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია მიმდინარეობს, კანდიდატების რეგისტრაცია კი 8 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არც დაწყებულა, ცხინვალში კი კომპრომატებით ბრძოლა უკვე გაჩაღდა. ინტერნეტში გაჩნდა ვიდეოჩანაწერი, სადაც დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი ირბეკ ბეტეევი ჰყვება, რომ მას ედუარდ კოკოითის დავალებით მისივე თანამშრომელმა, სლავა ნანიევმა, რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯამბოლათ თედეევისა, და დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების ყოფილი მინისტრის, ალა ჯიოევას, ლიკვიდაცია შეუკვეთა. როგორც ბეტეევი ამბობს, მან ნანიევის დავალების შესრულებაზე უარი თქვა და სამსახური დატოვა.

ის მეუბნება, რომ აფეთქების ორგანიზება უნდა გავაკეთო და ეს ხალხი მოვიშორო, რაზეც კარგ ჯილდოს მპირდებოდნენ. მე მას უარი ვუთხარი...
„როცა მანქანიდან გადმოვედით, მან (ნანიევმა) მითხრა, რომ შეხვდა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ედუარდ კოკოევს და გადასცა ფოტოები. ამ ფოტოებზე მე ვიცანი რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი და ყოფილი განათლების მინისტრი ალა ჯიოევა. ის (ნანიევი) მეუბნება, რომ აფეთქების ორგანიზება უნდა გავაკეთო და ეს ხალხი მოვიშორო, რაზეც კარგ ჯილდოს მპირდებოდნენ. მე მას უარი ვუთხარი“, - ამბობს ბეტეევი ვიდეოჩანაწერში.

თედეევმა დე ფაქტო რესპუბლიკის შენაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებს შესაბამისი განცხადებით მიმართა - გამოქვეყნებულ მასალაზე რეაგირება და მისი უსაფრთხოების დაცვა მოითხოვა. რამდენიმე დღით ადრე კი ინტერნეტგამოცემა „უასამონგამ“ კოკოითის მაკომპრომეტირებელი კიდევ ერთი დოკუმენტი გამოაქვეყნა. 2000 წლის 17 იანვარს კოკოითი დე ფქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის გატაცების ბრალდებით ძებნილად გამოაცხადა. სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ინტერნეტგამოცემამ სრულად გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ 1999 წლის 17 ნოემბერს ედუარდ კოკოითიმ და ალიხან ფუხაევმა მძევლად აიყვანეს ცხინვალის ადმინისტრაციის უფროსი კოსტა ფუხაევი, რომლისგანაც მიტინგის ჩასატარებლად სანქციას ითხოვდნენ. ცხინვალის მერი მოგვიანებით გაათავისუფლეს, კოკოითიზე კი ძებნა გამოცხადდა, მაგრამ 2001 წელს კოკოითი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა და პროკურატურიდან მის წინააღმდეგ დაწყებული საქმეც გაქრა. სხვათა შორის, იმ დროს წინასაარჩევნო კამპანიაში მას ჯამბოლათ თედეევი ეხმარებოდა და კოკოითის შესახებ ყველაფერი იცოდა. ეს საქმეც ახლა თედეევთან ინახება და საჯაროც გახდა.
რუსეთმა ამ პროცესის ყველა მონაწილეს უნდა უთხრას: ბიჭებო, არსებობს გარკვეული ზღვარი, უნდა არსებობდეს გარკვეული წესები, რომლის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეიძლება...

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს მის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ კომპრომატზე კომენტარი არ გაუკეთებია, გაერთიანებული ოპოზიცია კი მის გადადგომას მოითხოვს. ექსპერტების აზრით, ბრძოლა გაგრძელდება და იგი, შესაძლოა, სისხლისღვრამდეც მივიდეს. ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის - „სამშობლოს“ - ლიდერმა ვიაჩესლავ გობოზოვმა რუსეთს მოუწოდა ღიად და სწრაფად ჩაერიოს სამხრეთ ოსეთის საშინაო საქმეებში, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლისღვრა გარდაუვალი იქნება.

„რუსეთმა ამ პროცესის ყველა მონაწილეს უნდა უთხრას: ბიჭებო, არსებობს გარკვეული ზღვარი, უნდა არსებობდეს გარკვეული წესები, რომლის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეიძლება, თუ გინდათ, რომ მსოფლიოში ვინმემ საღად მოაზროვნე ადამიანებად ჩაგთვალოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი გარკვევით თქვას. თუ ეს მასტაბილიზებელი გავლენა არ იქნება, მე მჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლება ნორმალურ და მშვიდ არჩევნებს ვერ ჩაატარებს. ამაშია მთავარი საფრთხე“, – ამბობს ვიაჩესლავ გობოზოვი.

ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებასთან საუბარში ოსმა უფლებადამცველმა რუსლან მაყაევმა დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ყველაზე უარესი პროგნოზი გააკეთა. მისი თქმით, სამოქალაქო დაპირისპირებასა და სისხლისღვრას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვება, არჩევნები ჩაიშლება და კოკოითი ამ გზით თანამდებობას შეინარჩუნებს.კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის აზრით, დაძაბულობის მიუხედავად, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნები მაინც ჩატარდეს.

პაატა ზაქარეიშვილი
„რუსეთი ძალიან დაინტერესებულია, რომ არჩევნები ჩატარდეს და ახალი ლეგიტიმაცია შესძინოს ახალ ხელისუფლებას. ამიტომ 100 პროცენტით თუ არა, 90 პროცენტით მაინც - არჩევნები ჩატარდება. თუმცა ვერ გამოვრიცხავ, რომ შეუქცევადი პროცესები დაიწყოს და გადავადდეს. ყველაფერი გაკეთდება, რათა მინიმუმამდე დავიდეს მხარეთა შორის დაძაბულობა, სისხლისღვრის შანსები. თუ მართლაც განუკითხაობა დაიწყო, ესე იგი მანდ რუსეთი ვერ აკონტროლებს სიტუაციას, ასეთი შთაბეჭდილება შეიქმნება“, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიაში განაცხადი ჯამბოლათ თედეევის საინიციატივო ჯგუფმაც შეიტანა, მაგრამ ჯერ ცნობილი არ არის, კომისია თედეევს კანდიდატად დაარეგისტრირებს თუ არა - მას დე ფაქტო რესპუბლიკაში ზედიზედ ცხოვრების 10 წლიანი ცენზი არ გააჩნია. ამის მიუხედავად, „სახალხო ფრონტი“ და მისი ლიდერი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ.
XS
SM
MD
LG